"ქართული ოცნების" "შავი ლაქა" - მოახლოებული არჩევნები, შეუსრულებელი დაპირებები და ხელისუფლების დაშვებული შეცდომები

"ქართული ოცნების" "შავი ლაქა" - მოახლოებული არჩევნები, შეუსრულებელი დაპირებები და ხელისუფლების დაშვებული შეცდომები

დაპირებების შეუსრულებლობა, ლარის კურსის დაცემა, დენის ტარიფის ზრდა - ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც პოლიტოლოგები "ქართული ოცნების" "შავ ლაქად" ასახელებენ.

არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, პოლიტიკური პარტიები კი ხმების მოსაპოვებლად აქტიურ კამპანიას იწყებენ. ხელისუფლებაში მყოფ "ქართულ ოცნებას" ბევრი სუსტი მხარე აღმოაჩნდა, რამაც შესაძლოა, ამომრჩეველზე გავლენა იქონიოს და ხელისუფლებას სერიოზული საფრთხე შეუქმნას.

იქნება თუ არა მეოთხე წელი უკეთესი, ამას დარჩენილი 12 თვე გვიჩვენებს, AMBEBI.GE-სთან საუბრისას კი პოლიტოლოგები "ქართული ოცნების" ვერშესრულებულ დაპირებებს და დაშვებულ შეცდომებს ასახელებენ.

არაფორმალური მმართველობა, საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული უამრავი ადამიანი და პოლიტიკურ ოპონენტებთან არაჯანსაღი ურთიერთობა - აღნიშნულ საკითხებს "ქართული ოცნების" შავ ლაქად" მიიჩნევს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ვანო მაჭავარიანი.

მისი თქმით, არაფორმალურ მმართველობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ჩარევა იგულისხმება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, რომელიც ქვეყნის მმართველობასა და შექმნილ გარემოს - ბიზნესს და სამოქალაქო სექტორს ეხება.

"ფაქტია, რომ "ქართულმა ოცნებამ" სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უპატივცემულობა დაამკვიდრა, ამის მაგალითია პრეზიდენტის ინსტიტუტთან ურთიერთობა, რომელიც ფაქტობრივად პირად ჭრილში აიყვანა დღევანდელი პრემიერის, ღარიბაშვილის და ყოფილი პრემიერის, ივანიშვილის მთავრობამ, რაც თავისთავად დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის ძალიან რთული გამოწვევაა.

პრობლემაა საჯარო სამსახურებთან დაკავშირებითაც, როდესაც უამრავი ადამიანი სამსახურიდან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო გამოუშვეს, რომ ისინი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს საჯარო სამსახურებში მუშაობდნენ. მათ ადგილზე კი პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანები მოჰყავთ, რომლებიც კვალიფიკაციით ძალიან დაბალი დონის არიან და მხოლოდ ერთი რამ ახასიათებთ - პირადი ნაცნობობა თუ პოლიტიკური ლოიალობა", - ამბობს ვანო მაჭავარიანი.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" თავის პოლიტიკურ ოპონენტებთან დემოკრატიული და ევროპული ქვეყნის სტანდარტისგან განსხვავებული ურთიერთობა აქვს. მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ასეთი ურთიერთობის გაგრძელების შემთხვევაში შედეგი იქნება როგორც პოლიტიკური, ისე სამოქალაქო დაპირისპირება.

დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია აქცენტს ეკონომიკურ მდგომარეობაზე აკეთებს, რადგან მისი თქმით, დღევანდელი მთავრობა ხელისუფლებაში ეკონომიკური გაუმჯობესების, ფასების დაკლების, ბიზნესის განვითარების და სხვა დაპირებებით მოვიდა, საყოველთაო ჯანდაცვის გარდა კი, არც ერთი ძირითადი დაპირება არ შესრულებულა.

"პირადად მე შეიძლება ბევრი რამ არ მომწონდეს, მაგრამ თუ საარჩევნო შანსების თვალსაზრისით ვიმსჯელებთ, მაშინ არა მარტო ის არის პრობლემა, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად გაუარესდა, არამედ ისიც, რომ "ქართული ოცნება" თავიდანვე ტყუილს ამბობდა. დაპირებები არ შესრულდა და ეს არა იმიტომ, რომ ვერ შეასრულეს, უბრალოდ წინასწარ იცოდნენ, რომ ამას ვერც შეასრულებდნენ, მაგრამ ხალხი მოატყუეს, ეს აშკარაა და ცხადია, საარჩევნოდ დიდ როლს ითამაშებს", - ამბობს გია ნოდია.

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის თქმით, "ქართული ოცნების" "შავი ლაქა" პირველ რიგში ლარის კურსი და შესაბამისად, ელექტროენერგიის ტარიფის მატებაა - "მაგრამ აუცილებელია ითქვას, რომ ლარის კურსის შემთხვევაში ბევრი ობიექტური მიზეზია, რამაც მისი ვარდნა განაპირობა. კერძოდ, ეს იყო საგარეო-ეკონომიკურ ფონზე დამოკიდებული, რაც ლარზე ცუდად აისახა, მაგრამ ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებელი ყოველთვის მისი საკუთარი ხელისუფლებაა და არა მაგალითად ჩინეთი, რომლის საფონდო ბირჟის ვარდნა მსოფლიოს ყველა ვალუტაზე, მათ შორის ლარზეც აისახა".

პოლიტოლოგის თქმით, ყველაზე სუსტად ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა და გადაწყვეტილების მიღების ეფექტური მექანიზმის არარსებობა გამოიყურება. მისივე თქმით, "ქართული ოცნება" საარჩევნო დაპირებების შესრულების კუთხითაც მოიკოჭლებს.

"სამართლიანობის აღდგენა ერთ-ერთია იმ დაპირებათაგან, რომელიც, მე ვიტყოდი, რომ ნაწილობრივ შესრულდა. ეკონომიკური კუთხით სამართლიანობა არ აღდგა, ანუ ის, რომ უამრავი ადამიანი, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს დაზარალდნენ, ქონება დაკარგეს და ა.შ., მათ მიმართ სამართლიანობა არ აღდგა, თუმცა ზოგადად, თუ გადავხედავთ "ნაციონალური ლიდერების" იმ ჩამონათვალს, რომლებიც დღეს ციხეში იმყოფებიან, საუბარი იმაზე, რომ სამართლიანობის პროცესის აღდგენა არ დაიწყო, ნამდვილად გადაჭარბებული იქნება.

რაც შეეხება სხვა წინასაარჩევნო დაპირებებს, პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ორი საკითხი, პირველი ადგილობრივი თვითმართველობის რეფორმა - დეცენტრალიზაცია და არჩევითობა, რაც ნაწილობრივ განხორციელდა, კერძოდ მერსაც და გამგებელსაც ხალხი ირჩევს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს იმ ფონზე, როდესაც მას დამოუკიდებელი ბიუჯეტი არ აქვს".

ლაგაზიძის თქმით, მეორე მნიშვნელოვანი დაპირება საარჩევნო რეფორმაა, რომელიც არ განხორციელდა იმ დოზით, რა დოზითაც საჭიროა და რასაც რეალური საარჩევნო რეფორმა ჰქვია, საუბარია მაჟორიტარული არჩევნების წესის არგაუქმებაზე.

"მაჟორიტარები ყოველთვის და ყველა ხელისუფლების დროს ამ უკანასკნელთათვის დეპუტატების ხმათა ის მარაგი იყო, რომელსაც ყოველთვის იყენებდა საკუთარი შეხედულებისამებრ იმიტომ, რომ მაჟორიტართა უმრავლესობას, როგორც წესი, ბიზნესმენები შეადგენენ. საკუთარი ბიზნესის ხელისუფლებისგან დაცვის ან გარკვეული ბენეფიტების მიღების მიზნით, მაჟორიტარები ყოველთვის არიან უტყვი მანდატების მფლობელნი, ამიტომაც დგას ასე მწვავედ დღის წესრიგში მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნა", - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."