15:00 საათზე, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გასანგებო განცხადებას გააკეთებს.
სავარაუდოდ ბრიფინგის თემა ტელეკომპანია "საქართველოს" წილების დაყადაღება გახდება. შეგახსენებთ, რომ დღეს ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "საქართველოს" წილებიც დააყადაღა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული მონაცემებით ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ტელეკომპანია "საქართველოს" წილების გასხვისება. კერძოდ, ადვოკატის თქმით, საჯარო რეესტრში 29 სექტემბერს წარდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, ძმები ყარამანაშვილები გეგმავდნენ ტელეკომპანია
"საქართველოში" მათი წილების დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის, დიმიტრი ჩიქოვანისთვის გადაცემას. ადვოკატის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი, ადასტურებს, რომ გრძელდება ფიქტიური გარიგებების ჯაჭვი, რომლის მიზანია დამატებითი ბარიერების შექმნა ქიბარ ხალვაშისათვის ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის სამართლებრივი მექანიზმებით დაბრუნების გზაზე.