პირველი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებები "რუსთავი 2-ის" კრიზისთან დაკავშირებით

პირველი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებები "რუსთავი 2-ის" კრიზისთან დაკავშირებით

"რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედიაექსპერტები და პოლიტიკოსები პირველ შეფასებებს აკეთებენ:

"მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო," - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი ზურაბ ტყემალაძე რუსთავი 2-ის მფლობელი კომპანიის წილების დაყადაღების საკითხს.

ტყემალაძე "რუსთავი 2"-ს მოუწოდებს მიმართოს სასამართლოს, ან აწარმოოს მოლაპარაკებები ქიბარ ხალვაშთან და მასთან შეთანხმებით აწარმოოს საქმიანობა.

"დამოუკიდებელმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ისეთი, როგორიც უნდა მიეღო. მე ვერ გავაკრიტიკებ და ვერც გავამართლებ. ის, რომ ტელეკომპანია ჩერდება და მას არაფრის უფლება არ ექნება, მე ვერ გეტყვით. ამ საკითხის გასარკვევად ან სასამართლოს უნდა მიმართოს ტელეკომპანიამ ან მეორე მხარესთან უნდა მოახდინოს შეთანხმება და ასე აწარმოოს საქმიანობა", - აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.

"ჩანს, რომ გარკვეული წრეების და მთავრობის დაინტერესება ამ ყველაფერში შესაძლოა არის, რადგან ამ პროცესში ძალიან ბევრი პროცედურა დარღვეულია. შეუძლებელია, დამთხვევა იყოს," - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას შეფასებით, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ პირველ ყადაღაზეც არ არის გადაწყვეტილება მიღებული და საკმაოდ გაწელილია პროცესები, რჩება იმის შთაბეჭდილება, რომ სასამართლო არ ცდილობს პროცესი წაიყვანოს გამჭვირვალედ.

როგორც მედიაექსპერტი ნინო დანელია აცხადებს, ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, კავშირშია პოლიტიკურ ზეწოლასთან და ხელისუფლების მცდელობასთან, გააკონტროლოს, ან საერთოდ გააჩუმოს "რუსთავი 2".

"იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მაქვს, შემიძლია დასკვნა გამოვიტანო - ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის პირდაპირი პოლიტიკური დაკვეთა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის კარზე შემდგარი გარიგება და შეთანხმება," - აცხადებს ნინო დანელია და იმედს იტოვებს, რომ საზოგადოება დაიცავს რუსთავი 2-ს და "წინ აღუდგება იმ ძალადობას, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს მედიაზე."

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება, როგორც რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სამართალწარმოება, ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების ინტერსებში შედის.

"ის, რომ ივანიშვილი ბოლომდე შეუტევდა და შეეცდებოდა ბოლომდე მიეყვანა თავისი სურვილი აღსრულებამდე, მისი სურვილია, რომ რაც მას არ მოსწონს, არ ხდებოდეს ქვეყანაში, და არ ითქმებოდეს, რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ყველა მეთოდი იქნა გამოყენებული, დაწყებული ნიკა გვარამიას უსაფუძვლო დაპატიმრებიდან, მერე ფინანსური ბერკეტები, ვიტყოდი და დიდი ეჭვია, რომ სისხლიც არის აქ, კიწმარიშვილის ამბავი, მხოლოდ და მხოლოდ ამას შეიძლება უკავშირდებოდეს, რასაც ადრე თუ გვიან გამოძიება დაადგენს, ეს არის მსუყე გადაწყვეტილებები და ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველო საბოლოოდ დაემსგავსოს დიქტატურას, დღეს სტრასბურგში ამაზე იყო საუბარი, დეტალებში გამოჩნდება რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ყველაფერი თეთრი ძაფით, როგორ დიქტატორულად არის ნაკერი. ეს ადამიანი თავისუფალ სიტყვას ებრძვის, რადგან მას ეს სიტყვა არ მოსწონს," - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

"ახალი მემარჯვენეების" მთავარი კომიტეტის წევრის შეფასებით, ეს არის მედიის დევნა და მას არანაირი კავშირი არ აქვს სამართლებრივ დავასთან.

"რაც არ უნდა სამართლებრივი საფუძვლები ქონდეს ამას, არჩევნების წინ ასეთი შტურმული შეტევა პოპულარულ და განსხვავებული აზრის და დეკლარირების მატარებელ მედიასაშუალებასთან ხელისუფლების მხრიდან - ეს არის ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური, თავისუფალი აზრის დევნა და ის არ წარმოადგენს სამართლებრივი დავის გამოხატულებას," - აცხადებს მამუკა კაციტაძე.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის შეფასებით, განვითარებული მოვლენები იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი, რუსთავი 2-ს იმ დონის პრობლემა შეუქმნას, რომ ამ ტელეკომპანიამ შეწყვიტოს მაუწყებლობა.

"დამერწმუნეთ, ეს არ იქნება რუსთავი 2-ის პრობლემა, ეს ზოგადად ქართული სახელმწიფოს პრობლემა იქნება, რომელსაც საბოლოოდ ეტყვიან უარს დემოკრატიულ, ცივილიზებულ სამყაროში ცხვირის შეყოფაზე და ბუნებრივია, ამ ხელისუფლების, შესაძლოა, სანუკვარი რუსეთი დაგვრჩეს არჩევანი, რაც ნიშნავს ფაქტობრივად, ჩვენი სახელმწიფოებრიობის დათმობას," - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს ტელეკომპანია "საქართველოს" წილებიც დააყადაღა. შპს ტელეკომპანია საქართველო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის 51-პროცენტიანი წილის მფლობელია.

რედაქცია: ნახეთ "რუსთავი 2"-ს საქმის ყველა დეტალი თეგზე #კრიზისი "რუსთავი 2"-ში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია