ბრენდირებულ სადგურებზე 1 ლიტრი ბენზინი 53-58 თეთრიანი სხვაობით იყიდება (თვითღირებულება და საცალო ფასი). საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის მკვეთრი გაიაფება მეტ-ნაკლებად არაბრენდირებულ სადგურებს ეტყობა. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციის სააგენტომ ნავთობიმპორტიორები კონკურენციის დაცვის პრინციპების დარღვევის გამო დააჯარიმა, ამ ბაზარზე ფასების თვალსაზრისით, ჯერჯერობით, არაფერი შეცვლილა.
როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ლონდონის ბირჟაზე 1 ბარელი ნავთობის ფასი 49 დოლარია, ნიუ-იორკის ბირჟაზე - 47 დოლარი. ამ დროისთვის "პლატცის" მიხედვით, 1 ტონა ბენზინის საერთაშორისო ფასი 490 დოლარის ფარგლებშია. ლარის ამჟამინდელი კურსის გადაანგარიშებით (2,39 ლარი) 1 ტონა ბენზინის ფასი 1166 ლარია, რასაც ემატება დღგ - 210 ლარი, აქციზი - 250 ლარი, ტრანსპორტირება - 85 ლარი და საბოლოო ჯამში, კომპანიებს 1 ტონა ბენზინის შესყიდვისას 1711 ლარის ხარჯის გაწევა უწევთ. თუ ამ მაჩვენებელს 1320 ლიტრზე გავყოფთ (1 ტონა ბენზინის მოცულობა), 1 ლიტრი ბენზინის თვითღირებულება 1,30 ლარია. ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი "რეგულარის" ტიპის საწვავი, 1,83-1,88 ლარის ფარგლებში მერყეობს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ნავთობპროდუქტების თვითღირებულებასა და გასაყიდ ფასს შორის სხვაობა ისევ საკმაოდ მაღალია - 53-58 თეთრი. რაც შეეხება დიზელს, მისი საერთაშორისო ფასი, 25 სექტემბრის მონაცემებით, 4,45 დოლარია. ლარის კურსის შესაბამისად და გადასახადების ჩათვლით, ნავთობიმპორტიორებს 1 ტონა დიზელი 2584 ლარი უჯდებათ, ეს მაჩვენებელი უნდა გავყოთ 1160 ლიტრზე (1 ტონა დიზელის მოცულობა), რათა გავიგოთ 1 ლიტრი დიზელის საბითუმო ღირებულება - 1,36 ლარი. სარეალიზაციო ქსელში კი 1 ლიტრი (ელ-62) დიზელი 1,87-1,95 ლარი ღირს. ამ შემთხვევაში თვითღირებულებასა და საცალო ფასს შორის სხვაობა 44 თეთრია.