სოფლები ცარიელდება - პრობლემები, რომლებსაც სოფლიდან ქალაქში მოსახლეობის მიგრაცია შექმნის

სოფლები ცარიელდება - პრობლემები, რომლებსაც სოფლიდან ქალაქში მოსახლეობის მიგრაცია შექმნის

საქსტატის 2014 წლის აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით, ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 2 140 126 კაცია, ხოლო სოფლის მოსახლეობა - 1 589 509 კაცი. სოფლის მოსახლეობა 23,8%-ით შემცირდა. ქვეყნის მთელი მოსახლეობის 57,4%-ს ქალაქის მოსახლეობა შეადგენს, რაც წინა აღწერის (2002 წლის) შესაბამის მაჩვენებელზე 5,1%-ით მეტია. თბილისის გარდა მოსახლეობის მატება აღინიშნა ბათუმსა და რუსთავში.

ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის მატება ძირითადად სოფლის მოსახლეობის ქალაქში გადმოსვლით არის განპირობებული. ამის მიზეზი კი სოფლად არსებული რთული ვითარებაა, როცა მოსახლეობას შემოსავლის წყარო არ აქვს და სამსახურის საძებნელად ქალაქში მიდის.

იხლეთ ვიდეო "პალიტრანიუსი"-ზე

AMBEBI.GE დემოგრაფებს იმ პრობლემებზე ესაუბრა, რასაც მოსახლეობის სოფლიდან ქალაქში მიგრაცია იწვევს.

დემოგრაფ ავთანდილ სულაბერიძის თქმით, სოფელს ძირითადად ახალგაზრდობა ტოვებს, ეს კი სოფელში შობადობის შემცირებას იწვევს.

"ახლა სოფლიდან ბევრი სამუშაოდ პირდაპირ უცხოეთში მიდის. ვისაც ნაცნობი ჰყავს თბილისში აღარ ჩამოდის და უცხოეთში მიდის. ქალაქზე დაწოლა კი იზრდება, მაგრამ სოფელში დაბერებული მოსახლეობა რჩება, ახალგაზრდობა ნაკლებად არის, სწორედ ამაშია უბედურება", - აცხადებს ავთანდილ სულაბერიძე.

დემოგრაფის თქმით, სოფლად ახალგაზრდობას ხელი უნდა შეეწყოს, დაიწყოს ფერმერული წარმოების განვითარება, სახელმწიფომ შესაბამისი დაფინანსება უნდა დაიწყოს, რომ სოფელი ახალგაზრდების გარეშე არ დარჩეს.

"თბილისელებმა სოფლად მიწები იყიდეს, გააკეთეს სათბურები და ადგილობრივები მონურ მდგომარეობაში ჰყავთ, ეს მიწები ადგილობრივებისთვის უნდა მიეცათ, რომ სოფლის მეურნეობა წესიერად აღორძინებულიყო. მაგალითად დასავლეთ ევროპის ქვეყნებს - იტალიას, გერმანიას, იქ ყველას თავისი მეურნეობა აქვს, აქ კი ქალაქიდან სოფელში ჩადის მილიონერი კაცი, არც იცის სოფლის მეურნეობა, აიყვანს ვიღაცას და საქმეს გააკეთებინებს, ახლა ასეთი ტენდენციაა", - ამბობს ავთანდილ სულაბერიძე.

დემოგრაფ ანზორ სახვაძის თქმით, სოფლებში მოსახლეობის შემცირების სერიოზული მიზეზი ქალაქში სამუშაოს მოძებნის მეტი შესაძლებლობაა, მიუხედავად მცირე თუ დიდი ანაზღაურებისა.

"თუმცა ამით სოფლის მეურნეობას საფრთხე არ ექმნება იმიტომ, რომ აქ ძირითადად დიდი სოფლები იგულისხმება, სადაც მოსახლეობა ბევრია და არა ის სოფლები, რომელიც დაცარიელებულია. დიდი სოფლებიდან ეს ნაკადი აუცილებლად უნდა წამოვიდეს, იქ მიწა გათავისუფლდეს და დარჩენილმა ადამიანებმა უფრო მეტი ფართობის დამუშავება შეძლონ.

მაგრამ იმ რეგიონებში, რომლებშიც ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს, ეს არის საზღვრისპირა და მთიანი რეგიონის სოფლები, იქ რა თქმა უნდა პირიქით, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს, რომ მოსახლეობა დაბრუნდეს ან ვინც არის, იქიდან არ წამოვიდნენ და სოფელი აღორძინდეს", - ამბობს სახვაძე.

მისი თქმით, დემოგრაფიული თვალსაზრისით, სოფლად შობადობის დონე უფრო მაღალი იყო და ხშირ შემთხვევაში ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა სწორედ ამის ხარჯზე იზრდებოდა, ახლა კი მდგომარეობა შეიცვალა.

დემოგრაფის თქმით, მიგრაციულ პროცესებში ძირითადად ახალგაზრდობა მონაწილეობს, რომელთათვისაც დამახასიათებელია ქორწინება და შობადობა, აქედან გამომდინარე, რადგანაც ისინი ქალაქში ჩადიან, შობადობა უკვე ქალაქში მატულობს.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს, რამდენად გაგრძელდება სოფლიდან ქალაქში მოსახლეობის მიგრაცია, დემოგრაფი განმარტავს, რომ პროცესის განვითარება სახელმწიფო პოლიტიკაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეუწყობს ხელს სახელმწიფო მოსახლეობას, დარჩეს სოფლად და იქ ცხოვრება შეძლოს.

"მე როგორც ვატყობ, დღევანდელ ხელისუფლებას აღებული აქვს კურსი, რომ იმ მცირერიცხოვან სოფლებში, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ცარიელდებოდა, დემოგრაფიული პოტენციალი გააძლიეროს და ყველანაირად ხელი შეუწყოს დარჩენილი მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას, ან პირიქით, თუ დაცარიელებულია სოფლები, იქიდან წამოსული ადამიანების უკან დაბრუნებას", - ამბობს სახვაძე.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

იხილეთ სიუჟეტი: სოფელი, სადაც 50 წელია არავინ დაქორწინებულა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია