"წააგო მხოლოდ იმან, ვინც ამ თამაშს არ უყურა" - წინ ძალიან დიდი გამარჯვებებია!

"წააგო მხოლოდ იმან, ვინც ამ თამაშს არ უყურა" - წინ ძალიან დიდი გამარჯვებებია!

აზრზე არა ვარ როდის მოვკვდები, მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი, რომ როცა სიკვდილის დრო მომივა, ერთი რაც მემახსოვრება ბექა წიკლაურის ლელოს მოყოლილი ემოცია იქნება. ემოცია, რომელსაც მეზობლების შემოსვლა მოჰყვა იმის გასარკვევად, ხო მშვიდობა იყო. ცხოვრებაში პირველად არ შევშფოთდი, როდესაც ჩემმა ღრიალმა ჩემი შვილი გააღვიძა, რომელიც ვერ გარკვეულიყო, თუ რატომ დახტოდა გიჟივით მამამისი და ყოველწამიერად რატომ უმატებდა ხმის ტემბრს.

შეიძლება ვიღაცამ თქვას, ერთი ლელოს დადება როგორ უნდა გაგიხარდეს ადამიანსო, მაგრამ ამის მთქმელმა მინიმუმ რაგბის ანაბანა არ იცის, ჩვენი მეტოქე ზელანდია იყო, რომელსაც თუ დასჭირდა, რკინას გაკვნეტს (და არაერთხელ გაუკვნიტავთ კიდეც), ის ზელანდია იყო, სადაც ბავშვზე უწინ ბურთი იბადება. მოკლედ ახლა ახნის დრო არაა, ვისაც დაინტერესდება, შეუძლია ზელანდიის სიძლიერის გაგება, დღეს ჩემ გმირებზე მინდა ვილაპარაკო, იმ ბიჭებზე, რომელთა გამოც კიდევ ერთხელ ვიამაყე. ზელანდიასთან თამაშის საუკეთესო მოთამაშედ რომ ქართველს დაასახელებენ, ეს უკვე გამარჯვებაა, თან ძალიან დიდი გამარჯვება, რომელზეც ის გუნდებიც კი ოცნებობენ, ვინც წელიწადში ორჯერ ხვდება ზელანდიის ნაკრებს.

დღეს ზელანდიამ მოიგო, მოიგო ომით და დამსახურებულად, მაგრამ დღეს არავის წაუგია, წააგო მხოლოდ იმან, ვინც ამ თამაშს არ უყურა. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი დროის მანქანაზე, რათა წარსულში წავსულიყავი და დიდგორის ომისთვის მეყურებინა. დღეს ოცნება ამიხდა, ვნახე ქართული ჩაუკვლელი სული და ბოლო წამამდე ბრძოლა.

ეჰ, რაგბის მამები წელიწადში ერთხელ მაინც რომ გვაძლევდნენ ასეთ დიდ გუნდებთან თამაშის საშუალებას, ჩვენი ზრდა გაცილებით სწრაფი ტემპით წავიდოდა წინ. 12 წლის წინ მსოფლიოზე ინგლისის ნაკრებთან (რომელიც დღევანდელ ზელანდიის ნაკრებს გაცილებით ჩამორჩება) ჩვენი სარეკორდო მარცხი განვიცადეთ და დღეს კი ცოტა რომ გაგვმართლებოდა, მეორე ლელოსაც დავუდებდით მსოფლიო ჩემპიონებს. თან ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი გუნდის რამდენიმე ლიდერი (ზირაქაშვილი, კვირიკაშვილი, ქუბრიაშვილი) გვაკლდა და მაინც ისე ვედექით შავებს, თითქოს მსოფლიოს ნომერ პირველ გუნდს კი არა, ვიღაც მეორეხარისხოვან ნაკრებს ვერკინებოდით.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "შავებმა" თქვეს, ჩვენი წინა თამაშები იყო მოთელვა (მანამდე არეგნიტანას და ნამიბიას მოუგეს) და დღეს უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩემპიონები ვართო. აქედანაც ჩანს ჩვენი ნაკრების ძალა.

7 ოქტომბერს ნამიბიის ნაკრებთან გვიწევს ბრძოლა, მერე კიდევ 4 წელი მოგვიწევს ლოდინი, თუმცა 2019 წლის მსოფლიოზე უკვე განსხვავებული მიზნებით მეომარ საქართველოს ნაკრებს ვნახავთ, მხოლოდ ორი მოგება აღარ დაგვაკმაყოფილებს და მინიმუმ ჯგუფიდან გასვლას დავისხავთ მიზნად და დარწმუნებული ვარ, შევასრულებთ კიდეც.

დღეს ქართული რაგბის ისტორიის ძალიან მაგარი ფურცელი დაიწერა. ბედნიერი ვარ და თან ძალიან ბედნიერი, რომ წილად მხვდა ამ ფურცლის წერის მომენტს შევსწრებოდი.

მადლობა ბიჭებს, ადამიანებს, რომლებმაც ერი გააერთიანეს და ყველა ერთად მეთექვსმეტე მოთამაშედ გვაქციეს, წინ ნამიბიაა და უფრო წინ კი ძალიან დიდი გამარჯვებები!!!

იხილეთ ყველაზე ამაღელვებელი მომენტები

იხილეთ ისტორიული ლელო

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია