დაკავებული დელეგატი, გაბრაზებული არველაძე და ფიფია ბოიკოტის ზღვარზე - ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო დღის ყველა სკანდალი

დაკავებული დელეგატი, გაბრაზებული არველაძე და ფიფია ბოიკოტის ზღვარზე - ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო დღის ყველა სკანდალი

უახლესი ამბები:

13:32| სიტყვიერი დაპირსპირება რომან ფიფიასა და შოთა არველაძეს შორის

13:03| ლევან კობიაშვილის ბრალდება რეზი არველაძეს - "ჰოლიდეი ინნ"-ში მღელვარება პიკს აღწევს

12:27| კობიაშვილის შტაბში აცხადებენ, რომ ყრილობის დელეგატები ოთახში ჩაკეტეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორშია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გეგა გობეჯიშვილს მეუღლემ, თათა ხუნდაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, გეგა გობეჯიშვილი გუშინ სამართალდამცავებმა კორპუსის სადარბაზოში აიყვანეს.

"დაკავების მიზეზად განგვიმარტეს, რომ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია. გვითხრეს, რომ გეგა სადარბაზოში მოიხმარდა ნარკოტიკულ ნივთიერებას", - განაცხადა დაკავებულის მეუღლემ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი დაკავების ყველა ვადა ამოწურულია, გეგა ჯერ კიდევ არ გადაუყვანიათ სასამართლოში.

თუ გეგა გობეჯიშვილს არ გამოუშვებენ, არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი, რეზი არველაძე ფეისბუქის გვერდზე წერს.

"გეგა გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, დიღომში, ქალაქის სამმართველოში (ესე გვეუბნებიან). ველოდებით გონივრულ გადაწყვეტილებას - მის გამოშვებას. თუ ეს არ მოხდა და მალე არ მოხდა, ჩემს მეგობრებთან ერთად ვიდგები ბოლომდე. არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას მის გამოშვებამდე და მხოლოდ მისი გამოშვების შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ისევ და ისევ, მოვუწოდებ ყველა დელეგატს გამოხატონ პოზიცია და დაგვიდგნენ გვერდით!!", - წერს არველაძე, რომელიც ამ დროისთვის სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში იმყოფება, თუმცა მას ჟურნალისტებთან ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

იმ შემთხვევაში, თუ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთისა და გურიის დელეგატებს ხმის მიცემის უფლება შეუნარჩუნდებათ, საფეხბურთო კლუბები არჩევნებს ბოიკოტს გამოვუცხადებთ , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განუცხადა.

"ეს იქნება უკანონო გადაწყვეტილება და ჩვენ ამ უკანონობაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ", - აღნიშნა რომან ფიფაიამ.

რაჭა-ლეჩხუმის ფეხბურთის ფედერაციისა და გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის დელეგატები გია გილიგაშვილი და გოჩა ტყებუჩავა დღევანდელ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ დელეგატებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების გაუქმების გადაწყვეტილება კანონდარღვევით მიიღო სპორტული ტრიბუნალის ყოფილმა ხელმძღვანელმა და შესაბამისად ეს გადაწყვეტილება ბათილად არის ცნობილი.

რაც შეეხებ პრეზიდენტობის კიდევ ერთ კანდიდატს, ლევან კობიაშვილს, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი.

თუ რა მოლოდინი მაქვს, ეს არაერთხელ მითქვამს, ეს არის გამარჯვება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ყრილობის დასრულებამდე სხვა კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

კობიაშვილი ასევე არ აკეთებს კომენტარს ერთ-ერთი დელეგატის, გეგა გობეჯიშვილის დაკავებაზე.

ამასთან, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან კობიაშვილსა და ყრილობის სხვა მონაწილეებს ჯერ არ უშვებენ იმ დარბაზში, სადაც ყრილობა უნდა გაიმართოს. კობიაშვილი ამის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. მისი თქმით, ჯერ შეაფერხეს დარბაზამდე მოსვლაში, ახალ კი - შიგნით არ უშვებენ.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია