"საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის პროექტი საქართველოს პარლამენტში უკვე შესულია. როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას მხედველობაში იქნა მიღებული ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში და მომავალი წლის პროგნოზები. მომავალი წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებელი კონსერვატიული მიდგომით არის დაგეგმილი და 2016 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 3.0%, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 4.5%-ს შეადგენს.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენელი 8 მილიარდ 225 მილიონი ლარით განისაზღვრა. პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 9 მილიარდ 920 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები 9 მილიარდ 110 მილიონ ლარს, გრანტები 130 მილიონ ლარს, ხოლო კრედიტები 680 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა 8 მილიარდ 373 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის, შრომის ანაზღაურება - 1 მილიარდ 438 მილიონი ლარი - აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ასიგნებები გაზრდილია 57,3 მლნ ლარით, მათ შორის, 44.2 მლნ ლარი წარმოადგენს სამოქალაქო უსაფრთხოების დონის ამაღლების პროგრამის ფარგლებში სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შრომის ანაზღაურებას. 2015 წლის მანძილზე აღნიშნული სააგენტოს შრომის ანაზღაურება ფინანსდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებისგან მიღებული სახსრებით, რომლებიც აღირიცხებოდა სააგენტოს საკუთარი შემოსავლების ნაწილში, ვინაიდან 2015 წელი წარმოადგენდა გარდამავალ წელს, როდესაც საგანგებო სიტუაციების მართვის ფუნქცია ადგილობრივი ხელისუფლებიდან ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაში გადავიდა. 2016 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის, კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების დასაფინანსებლად, 20 მლნ ლარამდე შრომის ანაზღაურება გაზრდილია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ასიგნებებში. ასევე საქონლისა და მომსახურებისთვის გათვალისწინებულია - 1 მილიარდ 008 მილიონი ლარი; პროცენტი - 477.1 მლნ ლარი; სუბსიდიები - 247.1 მლნ ლარი; გრანტები - 959.7 მლნ ლარი; სოციალური უზრუნველყოფა - 2 მილიარდ 967 მილიონი ლარი და სხვა ხარჯები - 1 მილიარდ 275 მილიონი ლარი.
წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ასიგნებები უწყებების მიხედვით შემდეგნაირად არის გადანაწილებული. მომავალი წლისთვის ყველაზე მეტი დაფინანსება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოეყოფა. 2015 წელთან (2 მილიარდ 785 მილიონი ლარი) შედარებით, ჯანდაცვის უწყების ბიუჯეტი გაზრდილია და 2016 წლის პროექტის მიხედვით, 3 მილიარდ 070 მილიონ ლარს შეადგენს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 30.9%). აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის - 2 მილიონ 183 ათასი ლარი, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის - 799,5 მლნ ლარი, სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისთვის - 32,0 მლნ ლარი.