პროექტი, რომელმაც საქართველოს ეთნიკური უმცირესობები ქართულად აალაპარაკა

პროექტი, რომელმაც საქართველოს ეთნიკური უმცირესობები ქართულად აალაპარაკა

ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფლებში ქართული ენის ცოდნის დონე ყოველწლიურად უმჯობესდება. მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტრომ პროექტი "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" დანერგა, ამ სოფლებში არსებული სკოლების მოსწავლეებთან სხვადასხვა საგნის ასეულობით მასწავლებელმა იმუშავა. დღეს უკვე შესაძლებელი გახდა კონკრეტულ შედეგებზე საუბარი. პროექტი უკვე რამდენიმე წელია გრძელდება და დეტალებზე, მიღწეულ შედეგებსა და მომავლის გეგმებზე ambebi.ge პროგრამის მენეჯერს, თამარ კეკელიძეს ესაუბრა.

მისი თქმით, "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" განათლების სამინისტროს ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც 2011 წელს დაინერგა, ამ დროისთვის პროგრამაში ჩართულია 95 კონსულტანტ-მასწავლებელი და 125 დამხმარე პედაგოგი. ისინი ასწავლიან სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის არაქართულენოვან სოფლებში და ადგილობრივ მასწავლებლებთანაც მუშაობენ, რითაც მათ პროფესიულ განვითარებაში ეხმარებიან.

"თუ გადავხედავთ გასული წლების სტატისტიკას, დადებითი დინამიკა აშკარად შესამჩნევია. ყოველწლიურად იზრდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა რიცხვი, რომლებიც სწავლას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ. ასევე კარგი შედეგები ფიქსირდება საატესტატო გამოცდებში და აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს სხვა საგნებთან შედარებით, უფრო მაღალი ქულები აქვთ ქართულ ენაში. უნდა ითქვას, რომ პროექტში მონაწილეობის მსურველთა რიცხვიც იზრდება, ჩვენ უახლოეს მომავალში კიდევ ვაპირებთ შესარჩევი კონკურსის გამოცხადებას. მომავალი სემესტრისთვის დამხმარე მასწავლებელთა რაოდენობა მოიმატებს", - აცხადებს თამარ კეკელიძე.

მისი თქმით, პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 3 მილიონ 550 ათასი ლარია. აღნიშნული თანხა მასწავლებელთა ხელფასებზე, ტრენინგებზე, სამაგისტრო გრანტებზე, კონფერენციებსა და მენეჯმენტზე ნაწილდება, ასევე ფინანსდება საზაფხულო ბანაკი არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის. ამჟამად კონსულტანტ-მასწავლებლის ხელფასი 1250 ლარია, რაც შეეხება დამხმარე მასწავლებლის ანაზღაურებას, დიფერენცირებულია და განისაზღვრება თბილისთან ან რაიონულ ცენტრთან ადგილმდებარეობით. ამის მიხედვით, მინიმალური ხელფასი 625 ლარით, მაქსიმალური კი 750 ლარით განისაზღვრება.

ელზა ქარქაშაძე 4 წელია, რაც პროექტში "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" ჩაერთო, როგორც დამხმარე მასწავლებელი. ამ ხნის განმავლობაში აზერბაიჯანულ და სომხურ ეთნოსთან მოუწია მუშაობა. Ambebi.ge-სთან საუბარში პედაგოგი აღნიშნავს, რომ ამ სოფლებში ქართული ენის ცოდნის დონე უკიდურესად დაბალი იყო.

"მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული წარმოდგენა და მოლოდინი მქონდა, მიკვირდა, როგორ შეიძლება საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდე და არ იცოდე ამ ქვეყნის ენა. ჩვენი პროექტის მთავარი მიღწევა არის ის, რომ ნამდვილად, ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთისა და კახეთის სოფლებში ეთნიკური უმცირესობები ქართულად ალაპარაკდნენ. ვფიქრობ, პროცესი დაძრულია და მათი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია გარდაუვალია. დღეს უკვე შეგვიძლია მოკლე რეზიუმეს გაკეთება და გარკვეულ შედეგებზე საუბარი. პროცესს იმანაც შეუწყო ხელი, რომ ჩვენი გაკვეთილები დინამიკური და აქტიურია, საგაკვეთილო პროცესში ჩართულია აბსოლუტურად ყველა მოსწავლე. უნდა აღვნიშნოთ, რომ ბავშვებს მშობლიურ ენაზე უკეთ ქართულად წერა-კითხვა შეუძლიათ. თუ აქამდე სკოლის დამთავრების შემდეგ ისინი აუცილებლად ერევანსა და ბაქოში მიდიოდნენ სწავლის გასაგრძელებლად, დღეს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ. პროექტი არამარტო ქართული ენის სწავლებას უწყობს ხელს, არამედ სხვადასხვა ეთნოსის ხალხში ადამიანური ურთიერთობების დამკვიდრებასა და გაღრმავებასაც ემსახურება. ჩვენ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, რადგან ჩვენ მიერ გადადგმული თითოეული არასწორი ნაბიჯი მათი მხრიდან შესაძლოა, აღქმულ იქნას არა როგორც პიროვნულ, არამედ ეროვნულ შეცდომად", - აცხადებს ელზა ქარქაშაძე.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია