რამდენით იზრდება ჯარიმა უსაფრთხოების ღვედებზე და რამდენით მცირდება საშუალო სიჩქარე?

რამდენით იზრდება ჯარიმა უსაფრთხოების ღვედებზე და რამდენით მცირდება საშუალო სიჩქარე?

5 ოქტომბერს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სასტუმრო "მარიოტში" საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა. როგორც ამ უწყების ხელმძღვანელმა ნოდარ ჯავახიშვილმა ბრძანა, საქართველოში ფატალურად დასრულებული საგზაო შემთხვევების რაოდენობა ორჯერ აღემატება ევროკავშირის ქვეყნების საშუალო დონეს.

ნოდარ ჯავახიშვილის "სეფე სიტყვას" გვირგვინი დაადგა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, საგზაო შემთხვევების შემცირება ის ვალდებულებაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აიღო (კი, მაგრამ, ხელშეკრულება რომ არ გაგვეფორმებინა და ვალდებულება არ აგვეღო, ისე არ უნდა გვეზრუნა საგზაო უსაფრთხოებაზე?). მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული სტრატეგია სხვადასხვა სამთავრობო უწყებების ერთობლივი მუშაობის შედეგად მომზადდა და კოორდინაციისთვის შესაბამისი საბჭოც უნდა შეიქმნას. ამ საბჭოში იქნებიან რეგიონული განვითარების, ეკონომიკის, შინაგან საქმეთა, განათლების და ჯანდაცვის წარმომადგენლები.

ეს გახლავთ საქმის ოფიციალური მხარე, ანუ პოლიტიკური ლირიკა, ახლა გადავიდეთ იმის განხილვაზე, რას მოგვიტანს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის კიდევ ერთი გადამღერება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 2014 წელს დაწერა. შეიძლება ვიღაცამ გვისაყვედუროს, ინფრასტრუქტურის სამინისტრო სტრატეგიას თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ადგენს, ჯავახიშვილის უწყებამ გზების მოწესრიგებაზე უნდა იზრუნოს, რათა საფრთხე არ შეგვექმნასო. კი, ბატონო, ეს კარგია, მაგრამ რა სტრატეგიაც ამჟამად გვაქვს, როგორ ვიყენებთ, ამ მხრივ რას ვაკეთებთ? მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ გეგმაში ვკითხულობთ:

"საქართველოს ძირითად საავტომობილო გზებსა და ქალაქების ქუჩებში დამონტაჟდა სიჩქარის მზომი რადარები. საპატრულო პოლიციის დაკვეთით განხორციელდა შუქნიშნების, საგზაო ნიშნებისა და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მონტაჟი. პრევენციული ღონისძიებების გატარებით, რადარების მონტაჟის შედეგად, მათი დაფარვის ზონაში ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი 85%-ით შემცირდა. ასევე, საპატრულო პოლიციის აქტიური ქმედებების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვილთა რაოდენობა 60%-ით შემცირდა".

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ოქტომბრიდან მასშტაბურ პროგრამას ვიწყებთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროშიო, ამ მხრივ ჯერჯერობით გააქტიურება არ შეინიშნება. როგორც მინისტრი ამბობს, ეს სფერო მისი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რაც გულისხმობს არა მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე კონტროლისა და რეაგირების გამკაცრებას, არამედ სამართალდარღვევათა პრევენციის მაქსიმალურ გაძლიერებასაც. თურმე პროექტი იმდენად საინტერსო და მოცულობითია, საჭიროა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე სახელმწიფო ორგანიზაციებისა თუ საზოგადოების თითოეული წევრის ჩართვა და მხარდაჭერა. აგაშენათ ღმერთმა, ბატონო მინისტრო, ვინაიდან ჩვენც თავს ამ საზოგადოების ნაწილად ვთვლით, მოგახსენებთ შემდეგს: თბილისში, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე არ მუშაობს რადარები და გამორთულია ვიდეო-სათვალთვალო კამერები. ეს იციან აგრესიულმა მძღოლებმა და ამიტომაც არღვევენ ყოველი ფეხის ნაბიჯზე მოძრაობის წესებს _ წითელი შუქნიშანიც ფეხებზე ჰკიდიათ და ყვითელიც.

ბოლო დროს ძალიან ბევრი ჯდება საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში და ამიტომაც მიდის "გონკაობა" დღისით მზისით. ასევე, ძალიან მომრავლდნენ მძღოლები, რომლებსაც არ გააჩნიათ მართვის მოწმობა. ამ ყველაფრის მიმართ პოლიციას აქვს რბილად რომ ვთქვათ, გულგრილი დამოკიდებულება, ხშირად უხეშ დარღვევებზეც კი არ შეიმჩნევა რეაქცია. რაც დრო გადის, თბილისის ქუჩებში მანქანით გამოსვლა უფრო საშიში ხდება. არსებობს უამრავი ქუჩა, სადაც მოუწესრიგებელია შუქნიშნები (ხშირად გამორთულია წერეთლის გამზირზე) და საგზაო ნიშნები. ეს სფერო რატომღაც ეკუთვნის თბილისის მერიას, სადაც მაგარი დილეტანტები სხედან. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ანაფორიან მძღოლებს, ვინაიდან მათ გაჩერებას პოლიცია ერიდება (არ გაგიკვირდეთ), ხშირად შეზარხოშებულები დადიან.

სხვათა შორის, თქვენს პრესსამსახურს ვთხოვეთ, დაედოთ პატივ და გადმოეგზავნათ ამ პროექტის ტექსტი, რომლითაც ასე გვაიმედებთ, გვინდოდა, უფრო უკეთესად გაგვცენო საზოგადოებისთვის, მაგრამ დღემდე დაპირების მეტი ვერაფერი მივიღეთ.

რასაც ამის შემდეგ დავწერთ, შეიძლება უშუალოდ თქვენს უწყებას არ ეხება, უკვე ნოდარ ჯავახიშვილისა და დავით ნარმანიას კომპეტენციაში შედის, მაგრამ კარგი იქნება, თუ საპატრულო პოლიციაც მოახდენს რეაგირებას და შეატყობინებს მაინც შესაბამის უწყებას: მაგალითად, საბურთალოზე, ალექსიძის ქუჩის ბოლოში, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის წინ, უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც საკანალიზაციო თუ ელგაყვანილობის ჭა არის თავმოხდილი. ასეთი ღია ჭები ძალიან მომრავლდა თბილისში, მეჯართეებმა ისევ დაიწყეს ქურდობა. მას შემდეგ, რაც კინაღამ მე თვითონ ჩავიფეხვე და ჩავილეწე მანქანით, სასწრაფოდ მივწერე საბურთალოს რაიონის გამგეობას და ასეთი იდიოტური პასუხი მივიღე: "საუბნო სამსახურს დაფიქსირებული აქვს ახდილი ჭის პრობლემა, ჯერჯერობით ვერ დადგინდა, ვისი კომუნიკაცია გადის, ანუ ვისი საკუთრებაა. "სილქნეტი" ბოლო კომპანიაა, თუ გაირკვა, მოგვარებაც დაიწყება".

ბატონო ნოდარ ჯავახიშვილო, ბატონო დავით ნარმანიავ, რამდენი პრეზენტაციაც არ უნდა ატაროთ და როგორი ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებითაც არ უნდა ილაპარაკოთ, ბუნებრივა იბადება კითხვა: თუკი თქვენს ხელქვეითებს ერთი ჭის საკითხი ვერ გაურკვევიათ, რანაირად უნდა დაიცვათ ჩვენი საგზაო უსაფრთხოება ასოცირების ხელშეკრულების სტანდარტების მიხედვით? მაინცდამაინც ევროკავშირმა უნდა ჩაგვიწეროს დავთრებში, თავმოხდილი ჭები საშიშია და რამე იღონეთო? იქნებ ამაზეც ტენდერია ჩასატარებელი, ან კიდევ გრანტს ელოდებით?!

სხვათა შორის, ფაქტების მოგროვებაში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძეც წამოგვეშველა - ვინაიდან ისიც ამ საზოგადოების წევრია, ცოტა ხნით პროფესია შეიცვალა:

"ასეთი თავმოხდილი ჭები ხშირად ჩნდება ხოლმე ჭავჭავაძის გამზირზე. ამას წინათ ზუსტად ორი თვე იყო ერთგან, სამჯერ წერილი მივწერე მერიას, თხუთმეტჯერ დავრეკე, არავინ არ მიპასუხა. მერე ცხელ ხაზზე დავრეკე და ბოლოს ერთმა "გოგოშკამ" მითხრა, ალბათ, რაღაცა მიზეზი არსებობს და ამიტომაა მოხდილიო. ივნისში მოხდა ვაკეში კიდევ დიდი ქურდობა, ერთ ღამეს 5 ჭის სახურავი მოიპარეს. რად უნდა ამას ასოცირების ხელშეკრულება? ერთი ნახონ, რა ხდება რუსეთის საელჩოსთან, სადაც მე ვცხორობ, ამდენ ორმოებზე უკვე ვეღარ დავდივართ. 40-ჯერ მივწერეთ მერიას, ბოლოს, როგორც იქნა, მოვიდნენ, ნახევარზე დაადეს "ლატკები" და წავიდნენ. ევროკავშირმა რომ დაგვიწეროს, ხვალ სამოთხეში შედიხართო, აქ მაინც ასეთი "ბარდაგი" იქნება. აგერ, სანამ ბაზალეთის ტბაზე მივალთ, სადაც ძალიან ბევრი უცხოელი დადის, ასფალტის ქვეშ გახეთქილია კანალიზაციის მილი და უკვე 4 თვეა, მოჩუხჩუხებს ფეკალიები. ხუთმა სოფელმა მისწერა დუშეთის გამგებელს, ვაჟა ჩოხელს. იმან ვიღაცას დააწერა და მორჩა. ხალხი რამდენი მივა გამგეობაში, პასუხი ასეთია: ზომები მიღებულია, დავალება მიცემულია. მთელი ზაფხული ეძებეს თავიანთი დეპუტატი ერეკლე ტრიპოლსკი, დუშეთში იგინებიან, ვერაფერი ვერ გაგვაგებინეთო. ვერ გავიგე, ეს არ ეხება ნოდარ ჯავახიშვილს? ჩემთან სოფელში, საშაბუროში შარშან გზა გაიყვანეს 2 კილომეტრზე, რომელიც დაჯდა 800 ათასი ლარი. გაზაფხულზე მოვარდა ნიაღვარი და ნახევარი წაიღო, მეორე ნახევარი კიდევ თავისით დაინგრა".

კიდევ ერთი საბჭო და შემდეგ სააგენტო (წაგვლეკა ამდენმა სააგენტოებმა), რომელიც გააკონტროლებს საგზაო საფრთხეების გამომწვევ მიზეზებს და რომელსაც თავად ნოდარ ჯავახიშვილიც კი ეჭვის თვალით უყურებს. ამ დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფის რეკომენდაციაა, რომ პრობლემების გადასაჭრელად და უკეთესი შედეგის მისაღწევად საჭიროა, შეიქმნას ხელმძღვანელი უწყება, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსდება და ოფიციალურად დაევალება საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებების წარმართვა, ხელშეწყობა და მონიტორინგი. ტაში, ამხანაგებო! მაშინ რაღა საჭიროა შინაგან საქმეთა სამინისტრო, გზების დეპარტამენტი, მერია, გამგეობა და სხვა ათასი დოზანა?

ახლა კი არ დაიბნეთ... საბჭომ უკვე გასცა რეკომენდაცია, რომ პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა: გაიზარდოს უსაფრთხოების ღვედისა და დამცავი ჩაფხუტის გამოყენება, შემცირდეს საშუალო სიჩქარე, აიკრძალოს ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა და მართვისას მობილური ტელეფონით სარგებლობა, გაუმჯობესდეს გზის უსაფრთხოების მაჩვენებლები, გაუმჯობესდეს სატვირთო მანქანების უსაფრთხოება, უფრო მეტად გაუმჯობესდეს საგანგებო სიტუაციებში სამედიცინო სისტემის რეაგირება".

კიდევ ერთი მქუხარე ტაში, ამხანაგებო! განა აქამდე არ იყო აკრძალული ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა და მართვის დროს მობილური ტელეფონით ლაპარაკი? რაში სჭირდება ამ ყველაფრის გამკაცრებას კიდე ვერთი 10-კაციანი სააგენტო და ბიუჯეტიდან თანხების ფლანგვა, სხვა რა საქმე აქვს საპატრულო პოლიციას?!

ე. წ. დოკუმენტი, რომელიც სასტუმრო "მარიოტში" წარმოადგინეს (რაც სასტუმროში გადაიხადეს, სჯობდა, ამ ფულით თავმოხდილი ჭები დაეხურათ), არის ძალიან ზედაპირული და ასე ვთქვათ, სადღეგრძელო ჩვენი უსაფრთხოების შესახებ. აქ არ არის საუბარი არავითარ კონკრეტულ ღონისძიებაზე. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ ვიღაცას სურს კიდევ ერთი სააგენტოს შექმნა, სადაც მისი ახლობლები დასაქმდებიან. სხვათა შორის, მსგავსი ეჭვი ნოდარ ჯავახიშვილსაც გაუჩნდა: "ჯერ ახალი უწყება გვჭირდება თუ სტრატეგია და გეგმა? სამუშაო ჯგუფის მოთხოვნა, რომ უნდა არსებობდეს მაკოორდინებელი ორგანო, არ არის აზრს მოკლებული, მაგრამ მე მიჩნდება კითხვის ნიშნები: შეუძლებელია, რომელიმე სამინისტროს ფუნქციების შესრულება არ იკვეთებოდეს სხვა სამინისტროების ფუნქციებთან. ყველგან თუ ანალოგიური სტრუქტურა შექმენით, მივალთ 200-300%-იან დასაქმებაზე".

იგივეს ამბობს "ეკოტრანსპორტის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი, ვასილ ურუშაძეც _ მისი აზრით, რაღაც დამატებითი სააგენტოს შექმნა არის აბსურდული, დღეს უკვე აუცილებელია ავტომობილების ტექდათვალიერების შემოღება, თუმცა, ამაზე არც ერთი სიტყვა დოკუმენტში არ არის ნათქვამი. ეს ძალიან ვრცელი თემაა, ყოველ დეტალზე შეიძლება მსჯელობა და კამათი, ამიტომაც უახლოეს დღეებში კიდევ დავუბრუნდებით.

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია