რა აფიორით "ატყავებენ" ბათუმის ღამის კლუბში მოქალაქეებს და როგორ არის ჩართული პოლიცია თაღლითურ სქემაში?

რა აფიორით "ატყავებენ" ბათუმის ღამის კლუბში მოქალაქეებს და როგორ არის ჩართული პოლიცია თაღლითურ სქემაში?

რა თაღლითური სქემით მუშაობენ ბათუმის ღამის ბარები, რა ძალადობრივი გზით სძალავენ თანხებს კლიენტებს და რა სახით არის ჩართული ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელობა თაღლითურ სქემაში?

"ალიას" არასამთავროო ორგანიზაცია "ანტიკორუფციული კავშირის" თავმჯდომარე, გია ბურჯანაძე ესაუბრა:

- ჩვენს ორგანიზაციაში, 2006 წლიდან მუშაობს კონკრეტული კომისია ტრეფიკინგისა და პროსტიტუციის თემაზე. სექტემბერში, დაგვიკავშირდა თურქეთის ორი და აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე, რომლებიც გვიყვებოდნენ ერთსა და იმავე პრობლემაზე, რომელიც ხდებოდა, ასევე ერთსა და იმავე ადგილზე. ამბავი კი ასეთი იყო: ბათუმში არსებობს ერთ-ერთი ღამის კლუბი (კლუბს შეგნებულად არ ვასახელებთ, რადგან ჯერ გამოძიება მიმდინარეობს და მტყუან-მართალი გარკვეული არ არის. - რედ.), საიდანაც დაახლოებით 120 მეტრში მდებარეობს პოლიციის განყოფილება და ასევე, დაახლოებით 10 მეტრში მდებარეობს საცხოვრებელი კორპუსები.

ამ კლუბში შევიდნენ ეს მოქალაქეები ე. წ. ქალების მომსახურების მისაღებად და როგორც გვიყვებიან, სამივეს შემთხვევაში მოხდა იდენტური რამ - დასხდნენ მაგიდასთან, დაახლოებით 15 წუთში მათ მაგიდასთან მივიდნენ გარკვეული რაოდენობის ქალბატონები, სექსმუშაკები. უცებ გათამაშდა სცენარი, თითქოს ამ სექსმუშაკთაგან ერთ-ერთის დაბადების დღეა (მერე, როგორც აღმოჩნდა, ამ სექსმუშაკთაგან ერთ-ერთი იხდის დაბადების დღეს ყოველდღე). ამ სცენარის გათამაშება რომ დასრულდა, გაურიგდნენ ქალბატონებს და სასტუმროში ასვლა გადაწყვიტეს, ანგარიშის მოთხოვნის დროს წარმოუდგინეს დაახლოებით 1500-1800-ლარიანი ანგარიშები, რაც მიღებულ მომსახურებასთან აბსოლუტურად შეუსაბამო იყო. ამ ინფორმაციას გვაწვდიდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ მოტყუებული ვართ და იქნებ დაინტერესდეთ ამ საკითხითო. ასევე, ეს ადამიანები საუბრობდნენ ზეწოლაზე. შემუშავებული აქვთ გამოძალვის მექანიზმი, რომელზეც ქვემოთ დაწვრილებით ვისაუბრებ.

- კონკრეტულად რა სქემასთან გვაქვს საქმე?

- სქემა ასეთია - დარბაზში დგას ათეულობით მაგიდა. სტუმარს სვამენ პირობითად, პირველ მაგიდასთან, ხოლო ქალბატონები სხვა მაგიდებთან სხდებიან. ეს ქალბატონები, დროთა განმავლობაში გადმოდიან პირველ მაგიდასთან, ანუ იქ, სადაც ჯდება სტუმარი და თავისთავად, საბოლოო ანგარიში მიდის პირველ მაგიდასთან, რაც ჯამურად აღწევს კატასტროფულ მაჩვენებელს. როგორც აღმოჩნდა, მსგავსი სიტუაციაა მასობრივად, იგივე სქემა მოქმედებს დაბადების დღისა და ტორტების სცენარის გარეშეც. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, გადავწყვიტეთ თვითონ მოგვეკვლია ამ ამბის ნამდვილობა.

- ეს გადაწყვეტილება თქვენ რატომ მიიღეთ, ადგილობრივი პოლიცია რატომ არ ჩააყენეთ საქმის კურსში, თუ თაღლითურ სქემასთან გქონდათ საქმე?

- ადგილობრივებისგან გვქონდა ინფორმაცია, რომ ამ ღამის ბარებს თავად პოლიცია "კრიშავდა" და რა აზრი ჰქონდა?! ამიტომაც, 20 სექტემბერს ჩავატარეთ გასვლა. ბათუმში ჩავიყვანე ჯგუფი 2 კაცის შემადგენლობით. დავალება მივეცი. შენიღბული იყვნენ, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ყველაფერი ასე დაიწყო: ტაქსისტს უთხრეს, რომ იყვნენ უცხოელები და უნდოდათ გართობა. ამ ტაქსისტმა, ორი ფეხის ნაბიჯზე, რადგან ნახა, რომ უცხოელები იყვნენ, მოსთხოვა 20 ლარი, რაც მიიღო კიდეც.

შევიდნენ ამ კლუბში, აიღეს ლუდი "ეფესი", ერთი ჩიპსი, ერთი მიწის თხილი და წყალი. გათამაშდა ის სცენა, რაზეც უცხო ქვეყნის მოქლაქეები გვიყვებოდნენ. მოვიდნენ მანდილოსნები და იზეიმეს დაბადების დღე. ამ ყველაფრის მერე, ჩემებმა მიმართეს ადმინისტრაციას - წასასვლელები ვართ და ანგარიში წარმოგვიდგინეთო. წარმოადგინეს ანგარიში, რომლის თანახმადაც უნდა გადაეხადათ 350 ლარი. ერთი ლუდი, წყალი, ჩიპსი და მიწის თხილი რომ 350 ლარს არ მოიცავს, ამას რა ლაპარაკი უნდა, ამიტომაც ადმინისტრაციის წარმომადგენელს უთხრეს, - რაღაც შეცდომაა, ესა და ეს მომსახურება მივიღეთ, რაც ანგარიშთან შეუსაბამოა და იქნებ გადაამოწმოთ, რაღაც შეცდომააო. პასუხად მიიღეს, - თქვენი მაგიდიდან ქალების შეკვეთებს ხომ ვიღებდით და ეს არის ანგარიშში მოქცეულიო. ჩემებმა უთხრეს, ეს შეკვეთები ჩვენ არ მოგვიცია და ვერ გადავიხდითო. ამის მერე გამოიძახეს პოლიცია, რომელიც ოპერატიულად გაჩნდა ადგილზე. ამ ბიჭებმა მაშინვე დამირეკეს და ჩამაყენეს საქმის კურსში. ანუ, თავიდან ბოლომდე მოხდა ის, რასაც ის დაზარალებული მოქალაქეები გვიყვებოდნენ.

მივედი ადგილზე და შევეცადე, პოლიციასთან გამერკვია, რატომ გადაჰყავდათ. ამავდროულად, ავუხსენი სიტუაცია, რომელშიც ჩემი ორგანიზაციის წევრები აღმოჩნდნენ. სხვათა შორის გუშინ შევედი მაღაზიაში, იმ პროდუქციაში, რაშიც ჩემს ჯგუფს უნდა გადაეხადა 350 ლარი, იგივე პროდუქციის საკონტროლო შესყიდვა მოვახდინე და ეს ერთი ლუდი "ეფესი", წყალი, მიწის თხილი და ჩიპსი დამიჯდა 4 ლარი და 23 თეთრი. შესაბამისად, ყველას უჩნდება ეს შეკითხვა, რატომ უნდა გადაიხადონ ამდენი? ელემენტარულ დაინტერესებას და შეკითხვას უთვლიან წინააღმდეგობის გაწევაში, იძახებენ პოლიციას, რომელიც ოპერატიულად მიდის ადგილზე და გადაჰყავს ეს ხალხი განყოფილებაში. ასე მოხდა ჩემი ჯგუფის შემთხვვაშიც, გადაიყვანეს განყოფილებაში და ხურდაში მიმაყოლეს მეც, იმიტომ, რომ ჯერ ვერ ხვდებოდნენ, ვისთან ჰქონდათ საქმე. მე საპატრულო პოლიცია გამოვიძახე, რადგან ვიცოდი, საქმე საქმეზე რომ წასულიყო, ჩანაწერები გაქრებოდა. მართლაც, მოვიდა პატრული, მაგრამ, სანამ პატრული მოვიდოდა, მანამდე, 3 წუთით ადრე, ადგილზე გაჩნდა ქალაქ ბათუმის სამმართველოს უფროსი, ლაშა გოგნიაშვილი, თავის მოადგილესთან ერთად. თან თავი წარმოგვიდგინეს: მე ქალაქის სამმართველოს უფროსი ვარ, მე - მოადგილეო. ლოგიკური კითხვა გამიჩნდა და ვკითხე, ასეთ გამოძახებებზე, ბატონო ლაშა, ყოველდღე დადიხართ-მეთქი?! დაცვის სამსახური, კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია - ყველა ადგილზე იყო მობილიზებული.

წაგვიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, ყველაფერი ჩატარდა პროცედურულად. 8 საათის განმავლობაში გრძელდებოდა ოფიციალური ძალის დემონსტრირება და ჩვენი ტანჯვა-წამება. ბოლოს, როცა გაიგეს, ვინც ვართ, სამსახურის "ქსივები" დაგვატოვებინეს და გამოგვიშვეს. მეორე დღეს დამირეკა გამომძიებელმა, რომელიც მეუბნება, - საქმის პროკურორი შეიცვალა და ახლა გიორგი რამიშვილია და გიბარებთო.

- რატომ გიბარებდათ?

- შემატყობინეს, რომ ჩემს ამ ორ თანამშრომელზე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე 185-ე მუხლის მეორე "გ" პუნქტით, რაც ითვალისწინებს ქონების, მესაკუთრის, ან მფლობელის დაზიანებას მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რომელიც ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე.

მოხდა ასეთი რამ - ჩვენ შევეხეთ ისეთ თემას, რომელსაც არ უნდა შეხებოდა არავინ. მარტო ამ ერთი კლუბის შემთხვევაში საუბარია რამდენიმე ასეულობით ათას ლარზე თვის განმავლობაში და ამ ყველაფრით მოხდა იმის დემონსტრირება, რომ არავის არ აქვს უფლება, ამ თემას შეეხოს. ჩვენი ინფორმაციით, პოლიციელებისაა ეს ბიზნესი და ისინი "კრიშავენ" ამ "პუტანკებს". თვის განმავლობაში დაახლოებით ნახევარი მილიონი ნაწილდება ამ სეგმენტში მაღალი რანგის ჩინოვნიკებზე.

- რას აპირებთ?

- ამ ეტაპზე ვარ ასეთ სიტუაციაში - ჩემს ორ თანამშრომელს ემუქრება დაჭერა. მათზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. და რის გამო? იმის გამო, რომ დაინტერესდნენ, რატომ უნდა გადაეხადათ ზედმეტი თანხა. ვინც არ იხდის, რა ხდება იცით? წიხლავენ დაცვისა და პოლიციის თანამშრომლები. "მწვანე" აქვთ ამაზე ანთებული, ცემა-ტყეპაა გამართული და ასე იღებენ მათგან ფულს. ამას ფაქტებზე დაყრდნობით გეუბნებით. ეს ყველაფერი შემიძლია, მინიმუმ მოგასმენინოთ, მაქსიმუმ გაყურებინოთ. იმ დარბაზში ათეულობით მაგიდა დგას. ამ მაგიდებზე რამდენი არიფი ზის, წარმოიდგინეთ და რამხელა თანხების ამოღება ხდება მათგან ამ ძალადობრივი გზით. 15-30-50 ათას ლარს აკეთებენ დღეში და ეს არსად არ ტარდება, ჩეკს არ იძლევიან. ჩვენთან იმიტომ მოიტანეს იმ ღამეს, რომ მოვითხოვეთ, მაგრამ ზოგადად, იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეს რომ გაძუყნიან, ჩეკი კი არა, თავი აღარ ახსოვთ. ამიტომ საგადასახადოც უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით.

ჩვენ უკვე მივმართეთ შს სამინისტროს გენინსპექციას და ვაპირებთ, მივმართოთ პროკურატურას, რომ შეისწავლოს აღნიშნული ქმედებები. ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ, რომ ჩვენი უფლებები დავიცვათ.

გია ბურჯანაძის მიერ მოთხრობილი ამბის საქმის კურსში შს სამინისტროს პრესსამსახური ჩავაყენეთ:

"აღნიშნულ შემთხვევაში პოლიციამ ერთ-ერთი ბარის მეპატრონისგან მიიღო შეტყობინება, რომ ბარის სტუმრები არ იხდიდნენ ანგარიშში მითითებულ თანხას, რაზეც სამართალდამცველებმა მოახდინეს რეაგირება და დაიწყო გამოძიება. ორ პიროვნებას სსკ-ის 185-ე მუხლით წარედგინა ბრალი.

თუ მოქალაქეს აქვს ინფორმაცია პოლიციელის მხრიდან რაიმე სახის გადაცდომაზე, მას შეუძლია, ამის თაობაზე მიმართოს შსს-ს გენერალურ ინსპექციას, რათა მათ მოახდინონ რეაგირება და კონკრეტული ფაქტის შესწავლა", - გვითხრეს შს სამინისტროში.

დიანა ლიპარტელიანი

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია