169-ე ბაგა-ბაღის თანამშრომლებმა და მშობლებმა ბაღის დირექტორის, ფიქრია ჩახნაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება გააპროტესტეს. როგორც ჟურნალისტებს შეკრებილებმა განუცხადეს, ფიქრია ჩახნაშვილი უკვე რვა წელია, აღნიშნულ თანამდებობას იკავებს.
"დირექტორს 8 წლის წინ გაუბედურებული ბაღი და ძველი ინვენტარი დახვდა. დღეს კი ბაღი სასახლეს ჰგავს. სააგენტოს უფროსი არც კი დაინტერესებულა ჩვენი ბაღის ნახვით, თუ რა სიტკბოსა და სიყვარულში იზრდება ჩვენი მომავალი თაობა", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 60-მდე თანამშრომელი აწერს.
როგორც ბაღის დირექტორმა, ფიქრია ჩახნაშვილმა განაცხადა, სააგენტოს ხელმძღვანელობამ მას თანამშრომლების გათავისუფლება მოსთხოვა, რასაც არ დათანხმდა.
"მათ საკუთარი კადრებით სურდათ ბაღის შევსება. მე ჩემს თანამშრომლებს ვერ გავათავისუფლებდი. როგორც მითხრეს, დანიშნავენ ახალ დირექტორს და მათ სურვილს ის აღასრულებს", - აღნიშნა ფიქრია ჩახნაშვილმა.
ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ 169-ე ბაგა-ბაღის დირექტორი ფიქრია ჩახნაშვილი თანამდებობიდან დაწესებულებაში აღმოჩენილი დარღვევების გამო გაათავისუფლეს.
როგორც "ამბები.გე"-ს ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 169-ე ბაგა-ბაღის ხელმძღვანელის გათავისუფლება იმიტომ მოხდა, რომ მას სააგენტოდან თანამშრომლების გათავისუფლება სთხოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
"169-ე ბაღის ხელმძღვანელის გათავისუფლდა იქიდან გამომდინარე, რომ მას ჰქონდა კონკრეტული დარღვევა. 3 თვის წინ ის დარღვევაზე გაფრთხილებული იყო, ხოლო ახლა მონიტორინგის ჯგუფმა ისევ აღმოაჩინა კონკრეტული მიმართულებით დარღვევა. აქედან გამომდინარე მიღებული იქნა გადაწყვეტილება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. აღნიშნული დარღვევა ეხებოდა საბავშვო ბაგა-ბაღში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებს", - განაცხადა თორდინავამ, რომელსაც დარღვევები არ დაუკონკრეტებია.