"ნუ გახსნი მაღაზიას, ვიდრე ღიმილს არ ისწავლი" - გვეუბნება ძველი ჩინური ანდაზა... უნდა გამოვტყდეთ, რომ ჩვენში მცირე ბიზნესს სახალისოდ და საღიმილოდ საქმე ნამდვილად არა აქვს, რასაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც ადასტურებს: "საქსტატმა" 2014 წელს ბიზნესის მდგომარეობა შეაფასა და ასეთი მონაცემები გამოაქვეყნა: 2014 წელს საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 50,1 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს თანხა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 81,9 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 8,7 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესი – 9,4 პროცენტი. ეს ციფრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბოლო წლებში ჩვენს ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილის გაზრდა ვერა და ვერ მოხერხდა. საინტერესოა, რომ ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობამ 592,1 ათასი კაცი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ მთლიანად ბიზნესი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 16 პროცენტის დასაქმებას ახერხებს, ხოლო დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 56,2 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 15,4 პროცენტი, მცირე ბიზნესი კი – 28,4 პროცენტი.
"მცირე ბიზნესი საქართველოში ალალბედზეა მიტოვებული"- ამბობს საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამაზ ვაშაკიძე, რომელსაც ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე ვესაუბრეთ: "მცირე მეწარმეობას ჩვენთან ყურადღება საერთოდ არ ექცევა და მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის ხელისუფლების სათავეში. საქართველოს ყველა ხელისუფლებისთვის რატომღაც გაუგებარია, რომ როდესაც მცირე მეწარმეობაზე ვსაუბრობთ, აქ პირველ რიგში ადამიანების დასაქმებაც იგულისხმება. მცირე ბიზნესი ყველა ქვეყანაში სუბსიდიებსა და დოტაციებზეა გადასული, რადგან ჯობია ადამიანს დაეხმარო ბიზნესის აწყობაში და მერე მან სხვებიც დაასაქმოს, ვიდრე უმუშევრობის გადასახადი უხადო - ნორმალურ ქვეყნებში ასეა. სწორედ ამიტომ, თავის დროზე რონალდ რეიგანმა 4 მილიარდი დოლარი გადარიცხა მცირე მეწარმეობის დასახმარებლად, ხოლო ბარაკ ობამამ - 30 მილიარდი. სწორედ ამგვარი ნაბიჯების წყალობით შეიქმნა აშშ-ში საშუალო ფენა, რომელიც ამ ქვეყნის ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს. მსგავსი რამ ჩვენში არც არის და არც ადრე მომხდარა, მიუხედავად სხვადასხვა ხელისუფლების ცვლილებისა. მთელ მსოფლიოში მცირე ბიზნესის წილი ეკონომიკაში 40 პროცენტს აღწევს და ამ სფეროში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული. ჩვენთან კი, მცირე და საშუალო ბიზნესი ვერა და ვერ განვითარდა."
თამაზ ვაშაკიძის თქმით, დღეს მთელი მსოფლიო ცდილობს ბიზნესი ისე მოაწყოს, როგორც ჩეხეთშია: "ჩეხეთში ნებისმიერ უარყოფით ცვლილებას, რასაც ბიზნესი განიცდის, სახელმწიფო აფიქსირებს და მაშინვე იწყებს დახმარებას. ეს იმიტომ ხდება, რომ სახელმწიფომ იცის: თუ მცირე ბიზნესს არ დაეხმარება, უმუშევრების უზარმაზარი არმია ეყოლება. ჩვენთან ამ მიმართულებით არაფერი კეთდება, უკვე მეოთხე ხელისუფლება გვყავს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და ჯერ კიდევ არაფერი შეცვლილა. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არა აქვს კანონი მცირე და საშუალო მეწარმეობის შესახებ.