ლარის კურსი გამყარებას იწყებს. სპეციალისტების პროგნოზით, საქართველოს მაკროეკონომიკური ვითარება და საგარეო ფაქტორები მხოლოდ დადებითი პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. ისინი მოსახლეობას ურჩევენ, რომ არსებულ ვითარებაში დანაზოგი ლარში გააკეთონ და არა - დოლარში. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, პარასკევსა და ორშაბათს "ბლუმბერგის" პლატფორმაზე ლარს, ძირითადად, გამყარებისკენ ჰქონდა გეზი აღებული. ბოლო 2-3 დღეა, დოლართან მიმართებაში სხვა ქვეყნის ვალუტებიც მყარდება. ამიტომ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ლარი კიდევ უფრო გამყარდება.
არჩილ ბაკურაძის განცხადებით, კურსის პროგნოზირება რთულია, ვინაიდან არავინ იცის, ხვალ რა მოხდება, თუმცა წარმოდგენილი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრების გაანალიზებით, ლარის გამყარება ბუნებრივი მოვლენა იქნება. "გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქართული ეკონომიკის შედეგები კურსის ფორმირებას ყოველთვის არ განსაზღვრავს. ამ პროცესზე გავლენას ახდენს დოლარის პოზიცია სხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში", - ამბობს არჩილ ბაკურაძე.
ამ მხრივ კი, აღსანიშნავია ის, რომ ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ რეფინანსირების განაკვეთი იგივე დატოვა. ამ ფაქტმა ამერიკული ვალუტის გაუფასურებას მისცა ბიძგი. ბოლო დღეებში სხვადასხვა ქვეყნის ვალუტა დოლართან მიმართებაში მყარდება. "ქართული ლარიც ამ ტენდენციას აჰყვება. გარდა ამისა, ელექტრონული სავალუტო ვაჭრობიდან ჩანს, რომ უფრო დიდი მოთხოვნა ლარზეა. კომერციულ ბანკებს დოლარის მარაგი ჰქონდათ და მათ ნელ-ნელა ყიდიან. ეს იმის ნიშანია, რომ კურსი გამყარებისკენ წავა, თუმცა, ვიმეორებ, რომ პროგნოზი რთულია, ვინაიდან არ ვიცით, მომავალში რა მოხდება", - ამბობს ბაკურაძე.