დათო ოქიტაშვილი სიმამრი გახდა - "გიო ჩემთან სამსახურში მოვიდა, ვუთხარი, ჩემი სიძე ვერასდროს იქნები-მეთქი"

დათო ოქიტაშვილი სიმამრი გახდა - "გიო ჩემთან სამსახურში მოვიდა, ვუთხარი, ჩემი სიძე ვერასდროს იქნები-მეთქი"

"ძნელია მშობლისთვის და მით უფრო, მამისთვის ქალიშვილის გათხოვება, თათა ჩემი უფროსი შვილია. თათა და გიო კლასელები იყვნენ და სკოლიდან დაიწყო მათი სიყვარული, რომელიც ქორწინებით დასრულდა", - ამბობს დათო ოქიტაშვილი, კულტურის პალატის პრეზიდენტი, რომელიც ცოტა ხნის წინ სიმამრი გახდა, რაზეც AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

- თათას გათხოვება მოულოდნელი და შესაგუებელი ნამდვილად არ ყოფილა, რადგანაც თავიდანვე ვიცოდი, ვინ უყვარდა და მოსწონდა. მერე როდესაც მითხრა, გიოს შენთან შეხვედრა უნდა, ჩემი ხელის სათხოვნელად ჩვენთან სახლში მოსვლას აპირებსო, მესიამოვნა, რადგანაც ამ თაობაში ასეთი ნაბიჯის გადადგმა ზოგს მათი ტერმინით რომ ვთქვა, "უტყდება", დამცირებულად გრძნობს თავს.

მოკლედ, გიო ჩემთან სამსახურში მოვიდა და მითხრა, - თქვენი შვილი მიყვარს და მომეცით იმის საშუალება, რომ ოჯახში მოვიდეო. ვუთხარი, - ჩემი სიძე ვერასდროს იქნები-მეთქი. ბავშვი გაგიჟდა, თავი ჩაღუნა და ქვემოდან მიყურებდა. მერე მივხვდი, რომ ძალიან ცუდად გამომივიდა და ვუთხარი, - ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ჩემი მესამე შვილი იქნები და როგორც სიძეს, ასე ვერ მიგიღებ, რადგანაც დიდი ხანია, გიცნობ-მეთქი. საერთოდ, არ მიყვარს ოფიციალურობა და თავიდანვე შევეცადე, განმემუხტა უხერხულობა და დაძაბულობა. გიოს გაეცინა. იმის მერე ჩვენთან ოჯახში მოვიდნენ და თათა დანიშნეს. ქორწილი 3 ოქტომბერს იყო. მიხარია, რომ ერთი პატარა ლამაზი ოჯახი შეიქმნა.

- მგონი, რაღაცით ჰგვანან კიდეც ერთმანეთს...

- კი, ყველა ამას ამბობს... გიორგის იმით ვაფასებ, რომ მეცხრე კლასიდან მოყოლებული, თათას გვერდით ვინც კი გამოჩნდა, ყველა მაშინვე "გააქრო", არავინ გააკარა. ვაფასებ ასეთ ადამიანს, რომელმაც თავისი სიყვარული ასე ბოლომდე დაიცვა და მართლაც როგორც საკუთარ შვილს, ისე ვუყურებ.

- სად სწავლობენ ახალდაქორწინებულები?

- გიორგი დოლაბერიძე, - ასე ვიტყოდი, ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკულზე სწავლობს, მანამდე, ხომ ვთქვი, ორივე 53-ე სკოლაში ერთად სწავლობდნენ. თათა "გაუ"-ში საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობს.

- დამოუკიდებლად აპირებენ ცხოვრებას?

- გადაწყვიტეს, რომ დამოუკიდებლად იცხოვრონ, თუმცა არ აქვთ პრობლემა, სადაც უნდა იქ იცხოვრონ. გინდ - ჩვენთან და გინდაც - გიორგის მშობლებთან, მაგრამ რადგანაც ასე დამოუკიდებლად ყოფნა უნდათ, ორივე ოჯახი ამაში მხოლოდ ხელს შევუწყობთ. ერთი მხრივ არ არის ცუდი, ერთმანეთს მეტად შეეჩვევიან, სიხარულსა და გაჭირვებას ერთად გადაიტანენ. მოკლედ, ვნახოთ.

- შვილს რა უთხარით?

- მას არაფრის თქმა არ უნდა. მთელი ცხოვრება მე და ირინა, ჩემი მეუღლე შვილებს ისე ვზრდიდით, რომ მათ ყველაფერი იციან, როგორ უნდა მოიქცნენ და იცხოვრონ. თავიდან, თათამ როცა მითხრა, რომ შეყვარებული იყო, ეგონა, დავსვამდი და ვკითხავდი, - მითხარი, ვინ არის შენი შეყვარებული, ვინ ჰყავს მშობლები და ა.შ. ასეთი კითხვები არ დამისვამს და ბავშვი გაკვირვებული დარჩა. გიყვართ ერთმანეთი? ჰოდა, ძალიან კარგი. მე მხოლოდ მხარს დაგიჭერ ყველაფერში, მასთან შენ უნდა იცხოვრო. დედაშენი თუ აქამდე სადილს 4 კაცზე აკეთებდა, ახლა 5-ზე გააკეთებს-მეთქი. მოკლედ, ჩვენ მზად ვართ, ასეთ ნაბიჯს მხარი დავუჭიროთ. სიყვარულის წინააღმდეგ ვერავინ წავა, რადგან ღმერთამა ასე გადაწყვიტა, შეახვედრა ისინი ერთმანეთს. მოკლედ, ყველაფერი ზედმეტი კითხვების დასმის გარეშე მივიღე.

- როგორც არ უნდა თქვათ, სიმამრი გახდით.

- (იცინის). ოჯახი ისე როგორ იქნება, რომ არ იკამათონ, მაგრამ ჩემს შვილს სიძის თვალში არასდროს გავამართლებ, დამნაშავეც რომ იყოს. პირად ცხორებაში ჩარევა არ შეიძლება. ყოფილა შემთხვევა, როცა მამები ჩარეულან და კონფლიქტიც მომხდარა. მე და ირინა 22 წლის ცოლ-ქმარი ვართ, ჩვენთანაც ყოფილა კამათი, მაგრამ ოჯახი დანგრევის პირას არ მიგვიყვანია. ასე რომ, მე და ირინა ნამდვილად არ ვაპირებთ, შვილების პირად ცხოვრებაში ჩავერიოთ.

- მეორე გოგონა რა ასაკის გყავთ?

- 15 წლის არის. თათას გათხოვება ყველაზე რთულად ლიზამ გადაიტანა. ძალიან განიცადა, დებს საოცარი დედმამიშვილური ურთიერთობა აქვთ. აეროპორტშიც არ წამოგვყვა მის გასაცილებლად... მოკლედ, მინდა, რომ ახალდაოჯახებულებს დიდი სიყვარული და სიკეთე ვუსურვო.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყება - რამდენ მედპერსონალს აქვს დაჯავშნილი ვიზიტი

ხვალიდან სპორტული დარბაზები იხსნება

შიდა ქართლში "ასტრაზენეკას" 2600 დოზა ვაქცინა ჩაიტანეს - როგორ გადანაწილდება ვაქცინა რაიონების მიხედვით