"გადასახადები ხვალიდანვე შეიძლება განახევრდეს" - ივანიშვილს დაპირებები ბუმერანგივით უბრუნდება

"გადასახადები ხვალიდანვე შეიძლება განახევრდეს" - ივანიშვილს დაპირებები ბუმერანგივით უბრუნდება

"ნაციონალურმა მოძრაობამ" კამპანია "ოცნება არ მუშაობს, ესენი უნდა წავიდნენ" დაიწყო. კამპანიის ფარგლებში პარტიის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა რამდენიმე ვიდეო, რომელიც "ქართული ოცნების" მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით აკრიტიკებს. ვიდეოები უფასო პოლიტიკური რეკლამაა და სატელევიზიო ეთერისთვის არის განკუთვნილი. რაც შეეხება ვიდეოების შინაარსს, ის ასე გამოიყურება:

"წელს, ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხს დაპირდა: "კახეთში რამდენიც ჩამოვედი, ვამბობდი, რომ როგორ შეიძლება ერთ ლარზე ნაკლები დაადო ყურძენს. თქვენ კარგად იცით, რამდენი შრომა ჭირდება ყურძენს და 1 ლარიც არ შეიძლება იყოს მისი ნორმალური ფასი". ეს დაპირება ტყუილია. ოცნება არ მუშაობს, ესენი უნდა წავიდნენ!", - ნათქვამია ერთ-ერთ ვიდეოში, სადაც კახელი გლეხების კომენტარებიც არის მოყვანილი, რომლებიც ამბობენ: "დანაპირები შეასრულოს ივანიშვილმა, ის გვეუბნებოდა – ლარზე ნაკლები არ იქნება ყურძენიო და სად არის ეს დანაპირები? 3 წლის წინ, ვის გაუგია ერთ ლარად ყურძენიო, საცინრად გიგდებენო!", - ამბობენ გლეხები.

მორიგი ვიდეო ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ფასების შესახებ ბიძინა ივანიშვილის დაპირებებს ეხება.

"2012 წელს ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხს დაპირდა: "ესეთი დონის გადასახადები, რაც დღეს საქართველოში არსებობს, ხვალიდანვე შეიძლება განახევრდეს. ელექტროენერგია საქართველოს აქვს ძალიან იაფი. ჩვენ ძალიან ბევრი ჰიდროელექტრო სადგური გვაქვს და იქიდან იაფად იწარმოება ელექტროენერგია. ძალიან დიდი რაოდენობის გაზი გვეკუთვნის უფასოდ, რამდენადაც ეს "ტრუბა" გადის ჩვენს ტერიტორიაზე. ეს რომ ერთად დავაჯგუფოთ, ალბათ, უკეთეს შემთხვევაში მესამედი გამოვა დღევანდელი გაზის გადასახადი". ეს დაპირებაც ტყუილია. შემცირების ნაცვლად დენის ტარიფი გაძვირდა საშუალოდ 30-40%-ით. ოცნება არ მუშაობს, ესენი უნდა წავიდნენ", - ნათქვამია ვიდეოში. ამავე ვიდეოში ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ციტატაა მოყვანილი: "იმაზე მეტს ვაკეთებთ, რაც დავპირდით და იმაზე მოკლე დროში".

კიდევ ერთი ვიდეო ეხება ბიძინა ივანიშვილის დაპირებას, რომლის მიხედვითაც ყოველი წელი წინაზე უკეთესი უნდა იყოს.

"2012 წელს ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხს დაპირდა" "პირველ წელიწადს ეს იქნება ძალიან რთული, ამას ჭირდება საკმაოდ დიდი მოსამზადებელი პერიოდი. მე ვფიქრობ, რომ მეორე წელიწადი იქნება საგრძნობლად უკეთესი. მესამე იქნება ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას უკვე საკუთარ ჯიბესა და საკუთარ ოჯახებზე იგრძნობენ. მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი". ეს დაპირებაც ტყუილია. გაუფასურებული ლარი, გაკოტრებული ბიზნესი, უმუშევრობა. ოცნება არ მუშაობს, ესენი უნდა წავიდნენ", - აღნიშნულია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ვიდეოებში.

კიდევ ერთ ვიდეოში კი, ტექსტის – "ოცნება არ მუშაობს, ესენი უნდა წავიდნენ", ფონზე კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები არიან გამოსახულნი. ვიდეოები "ნაციონალური მოძრაობის" "ფეისბუქის" გვერდზე გუშინ გამოქვეყნდა.

ლექსო ნაბახტეველი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."