ლარის გამყარება მომავალ კვირასაც გაგრძელდება - სპეციალისტების პროგნოზი

ლარის გამყარება მომავალ კვირასაც გაგრძელდება - სპეციალისტების პროგნოზი

ლარის კურსის გამყარების ტენდენცია მომავალ კვირასაც შენარჩუნდება. სპეციალისტების პროგნოზით, საქართველოს მაკროეკონომიკური ვითარება და საგარეო ფაქტორები ეროვნული ვალუტის კურსზე დადებით გავლენას მოახდენს.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ბოლო ერთი კვირაა, ”ბლუმბერგის” პლატფორმაზე ლარს გეზი გამყარებისკენ აქვს აღებული. დიდი ალბათობით, ტენდენცია უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში (სავარაუდოდ, სამომავლოდაც) შენარჩუნდება. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ეროვნული ბანკი და მთავრობა გონივრულად იმოქმედებენ და ლარის სტაბილურობას ხელს შეუწყობენ. მიმდინარე კვირა დოლარმა ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებაში პოზიციების დაკარგვით დაასრულა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დამკვიდრებული ტენდენცია აქტუალობას ახლაც ინარჩუნებს.

საბანკო სფეროს სპეციალისტის, გოჩა თუთბერიძის ვარაუდით, ლარის გამყარების ტენდენცია აქამდეც აშკარა უნდა ყოფილიყო. ამ ეტაპზე კი არანაირი ეჭვი არ ჩნდება, რომ პროცესი უახლოეს პერიოდშიც გაგრძელდება. ”ვფიქრობ, გამყარების ტენდენცია მომდევნო კვირასაც შენარჩუნდება. ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებლით დასტურდება, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება. ახლა მთავარია, რა პოზიციას დაიჭერს მთავრობა და როგორ მოიქცევა. ამ მხრივ ვითარება ჯერჯერობით ნორმალურია, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის პროცესი თანაბარზომიერად მიდის. დიდწილად კი კურსის სტაბილურობა დამოკიდებულია ეროვნული ბანკის ქმედებებზე. ადეკვატურ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას თუ გააგრძელებენ, ლარს არც ამ პერიოდში შეექმნება პრობლემა. ფუნდამენტური ფაქტორების გავლენა ამ ეტაპზე ამოწურულია. დიდი მნიშვნელობა აქვს, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა როგორ წავა. თუ ეროვნული ბანკი გაზრდის რეფინანსირების განაკვეთს, კურსზე ეს გავლენას მოახდენს. ბოლო დროს ზრდა არის კიდევაც. (ამჟამად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7%-ია), რაც კურსზე პოზიტიურად მოქმედებს”, - აცხადებს თუთბერიძე.

იგი დასძენს, რომ ლარის მკვეთრი გამყარების მოლოდინი ჯერჯერობით არ არსებობს და არც არის სასურველი. ”ნახტომისებური გამყარება არც არის კარგი. ეს პროცესი ნელა უნდა წავიდეს, რათა საპირისპირო ნეგატიური შედეგები არ მივიღოთ. ივნისში მაკროეკონომიკური უარყოფითი ფაქტორები უკვე ამოწურული იყო, თუმცა ლარი გაუფასურებას განაგრძობდა. ეროვნულ ბანკს, მონეტარული ინსტრუმენტის დროულად გამოყენების შემთხვევაში, კურსის უფრო დაბალ ნიშნულზე გაჩერება შეეძლო. სამომავლოდ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოს მთავრობის ფისკალურ პოლიტიკაზეც. მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა საქმე ერთობლივად უნდა აკეთონ”, - ამბობს გოჩა თუთბერიძე.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია