17 ოქტომბერს უკრაინულმა ვებგვერდმა Tube.ua-მ სათაურით "როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით", სავარაუდოდ, წინა ხელისუფლების დროს სამეგრელოში აღმოჩენილი წამების ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ ვიდეოში ასახულია მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ფაქტები, რის შემდეგაც დაკავებული გამომძიებელს "აღიარებით" ჩვენებას აძლევს. ვებგვერდს არა აქვს მითითებული წყარო, რომელმაც ვიდეომასალა მიაწოდა. უკრაინულ საიტზე თითქმის 5-წუთიანი მასალა ქართულ ვებგვერდებზეც სწრაფად გავრცელდა და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. საზოგადოების წარმომადგენლები სვამენ კითხვას: როგორ აღმოჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეომასალა უკრაინულ ვებგვერდზე. "კვირის პალიტრა" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი სესიაშვილს დაუკავშირდა:
- მოგეხსენებათ, შს სამინისტრომ სამეგრელოს სამალავებიდან ორი ტიპის, საზოგადოებისთვის ცნობილი პირების პირადი ცხოვრების ფარული ჩანაწერები და წამების ფაქტების ამსახველი კადრები ამოიღო. მაშინ პროცესში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჰამერბერგიც აქტიურად მონაწილეობდა და რეკომენდაციებსაც მისგან ვიღებდით. სწორედ ჰამერბერგმა გვირჩია, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაგვენადგურებინა, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ჩანაწერები კი შეგვენახა, რადგან ისინი საქმეში მტკიცებულებებს წარმოადგენდა. ყველა პირი, ვინც გავრცელებულ ვიდეოფირში ფიგურირებს, სასჯელს იხდის.
- თუ ვიდეოჩანაწერები ჰამერბერგის რეკომენდაციით შეინახეთ, იმის ვალდებულებაც აიღეთ, რომ ისინი შს სამინისტროს არქივს არ გასცდებოდა. როგორ აღმოჩნდა ვიდეომასალა უკრაინულ ვებგვერდზე?
- გავრცელებული ფირი დაზარალებულების ადვოკატებს გადაეცა, რადგან სამართლებრივად ჩანაწერები მათი საქმის ნაწილი და მტკიცებულება გახლდათ. ვერ გეტყვით, უკრაინულ საიტზე როგორ აღმოჩნდა, მაგრამ ფაქტია, რომ შს სამინისტროს გარდა, მასალა სხვებსაც ჰქონდათ. მათ გავრცელებაში ხელისუფლებისკენ ხელს ვერავინ გამოიშვერს, ეს ჩვენს ინტერესში ნამდვილად არ შედიოდა.
ქართველმა საზოგადოებამ დიდი ხანია იცის, რომ გაუპატიურება და მსგავსი მეთოდებით აღიარებითი ჩვენების მოპოვება წინა ხელისუფლების ხელწერა იყო.
მსგავსი სისტემური დანაშაულის წყალობით პოულობდნენ "ჯაშუშებსა" და "ტერორისტებს", მეტიც, ჯერ ადამიანზე ავრცელებდნენ ინფორმაციას და ტერორისტული აქტის სცენარს ამის შემდეგ დგამდნენ. სასურველი ჩვენების მისაღებად კი მწამებლები და გამაუპატიურებლები ჰყავდათ დაქირავებული და "სამუშაოსთვის" ფულს უხდიდნენ. 2012 წელს ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო, დანაშაულებრივი სისტემა კიდევ უფრო დიდი მასშტაბით იმუშავებდა - ეს წინა ხელისუფლების იდეოლოგია და მართვის სტილი გახლდათ. პოლიტიკურ ოპონენტებსაც ანალოგიური მეთოდებით უსწორდებოდნენ.
იხილეთ ასევე: "კოხტა კოდუამ მითხრა, შენ უნდა მოხვიდე და "გააქათამოო", მე მას დავთანხმდი" - სკანდალური "კასრების საქმე"