როგორ მოქმედებს ენერგომაფია საქართველოში

როგორ მოქმედებს ენერგომაფია საქართველოში

ზამთრის დადგომასთან ერთად ენერგომოხმარებაც გაიზრდება, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს უფრო მძიმე ტვირთად დააწვება ელექტროენერგიის გაზრდილი გადასახადი. ლარის გაუფასურებისა და თბოელექტროსადგურებისთვის დოლარით ნაყიდი გაზის გაძვირების საბაბით, სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფი ჯერ რეგიონებს, შემდეგ კი თბილისის მოსახლეობას გაუზარდა. პოლიტიკოსების შემდეგ ახლა უკვე სპეციალისტებიც ამბობენ, რომ საქართველოში მაღალი კომუნალური ტარიფების საიდუმლო სემეკის დათვლის მეთოდოლოგიაშია, რომელიც მოსახლეობის ძარცვის ხარჯზე ენერგოკომპანიების ინტერესებს ემსახურება.

დავით შაბურიშვილი, ფასების სახელმწიფო ინსპექციისა და თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსის ყოფილი მოადგილე:

- რადგან ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირება კომუნალური ტარიფების შემცირება იყო, მეგონა, სემეკში პროფესიონალების შეყვანა უნდოდათ, რათა საბოლოოდ დაეთვალათ, რა ჯდება საქართველოში ელექტროენერგია. შემთხვევით გავიგე, რომ სემეკის წევრების კონკურსი გამოცხადდა და გადავწყვიტე, მონაწილეობა მეც მიმეღო. თავდაპირველად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩემს დოკუმენტებს არ იღებდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარგადგინოსო. გადავირიე, არასამთავრობო ორგანიზაცია რა შუაშია-მეთქი. შემდეგ, როგორც იქნა, შევიტანე საბუთები. დამიძახეს შეხვედრაზე პრეზიდენტის მრჩეველ გიორგი აბაშიშვილთან. აღმოჩნდა, რომ არაფერი იყო გარკვეული. ისიც კი არ იცოდნენ, რა სპეციალობის უნდა ყოფილიყო სემეკის წევრობის კანდიდატი... მოკლედ, კონკურსი ფორმალური იყო.

- თქვენ რატომ შეიტანეთ საბუთები, რა გაძლევდათ იმედს, რომ შესაძლოა, თქვენზე შეეჩე­რებინათ არჩევანი?

- 18 წლიდან ამ სფეროში ვმუშაობ... ეკონომიკის სამინისტროში ვიყავი რეგულირებადი ტარიფებისა და ფასების განყოფილების ხელმძღვანელი, რომელიც სემეკის შექმნამდე ამ სფეროს არეგულირებდა. სემეკის პირველი სტრუქტურაც ჩვენთან შეიქმნა და ჩვენი თანამშრომლები გადავიდნენ იქ სამუშაოდ. მე ფასების ინსპექციაში დავრჩი და სემეკის დამტკიცებული ტარიფების გამოყენების სისწორეს ვამოწმებდით. 2001 წელს დანაშაულებრივი სქემა გამოვავლინეთ "თელასში" და 95 მილიონი ლარის გადახდა დავაკისრეთ. ბევრი დარღვევა ჰქონდა კომპანიას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ "თელასი" ვითომ ატყუებდა სემეკს და ეს უკანასკნელიც თითქოს ვერაფერს ხვდებოდა. "თელასი" გამანაწილებელი კომპანიაა და ის ყიდულობს ელექტროენერგიას, რომელსაც სხვადასხვა ტარიფი აქვს, მათ შორის, ჰიდრო და თბოსადგურებზე გამომუშავებულს. თუმცა მოქმედებდა საშუალო შეწონილი ტარიფი, რომლის გაანგარიშება ყველა სახის შესყიდული ენერგი­იდან ხდებოდა. როცა სემეკი "თელასს" ტარიფს უდგენდა, "თელასის" განაცხადის საფუძველზე აღნიშნავდა, რომ კომპანიას ელექტროენერგიის შესყიდვა კონკრეტული საშუალო შეწონილი ტარიფი დაუჯდა. მოგეხსენებათ, რომ ჰიდროსადგურებზე ტარიფი იაფია,

თბოსადგურებზე გამომუშავებული კი ძვირი. იმ დროს 1 კვტ/სთ-ის საშუალო შეწონილი ტარიფი 3,5-4 თეთრი გამოდიოდა. შემოწმებით გაირკვა, რომ "თელასი" ელექტროენერგიის 98%-ს ჰიდროელექტროსადგურებისგან ყიდულობდა და 1,5-2 თეთრი უჯდებოდა. ამ საკითხს სასამართლოში განიხილავდნენ 7 წელიწადს. მაშინ "თელასის" ინტერესებს იცავდნენ სემეკის ამჟამინდელი თავმჯდომარე ირინა მილორავა (რომელიც ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს წარმოადგენდა) და ვახტანგ ამბოკაძე (მაშინ "თელასის" წარმომადგენელი იყო, ახლა საბითუმო ბაზრის ხელმძღვანელია).

მეორე ინსტანციაში მოვიგე დავა, მაგრამ შემდეგ კონკურენციის სააგენტოს რეორგანიზაცია ჩაატარეს და სამსახურიდან გამომიშვეს. მანამდე კიდევ ერთი საინტერესო რამ მოხდა. კახა ბენდუქიძემ მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვა დააპირა იმ საბაბით, რომ ეს იყო ზარალიანი, "ჟანგიანი ტრუბა". გავაანალიზე და ისეთი რამ გამოვავლინე, რომ დანაშაულზე მეტი იყო, მაგრამ ვისთვის მეთქვა, ბენდუქიძე უკვე სახელმწიფო მინისტრი იყო. ამიტომ ჩემი კვლევა ვაშინგტონის ტრანსნაციონალურ დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძო­ლის ცენტრში გავგზავნე. ამერიკელები რამდენჯერმე ჩამოვიდნენ საქართველოში. მათთვისაც ძნელი დასაჯერებელი იყო ის, რაც ამ კვლევის შედეგად გავშიფრე.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია