19 ოქტომბერს ავღანეთიდან IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ერთი ასეული საქართველოში დაბრუნდა. დახვედრის ცერემონიალი ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე გაიმართა, რომელსაც თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრები დაესწრნენ (იხილეთ ვიდეო)
43-ე ბატალიონი საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვედანაყოფია, რომელიც „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩაერთო. პირველად ამ მისიით ავღანეთში მეხუთე ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი იმყოფებოდა.
„პატივი იყო ამ ბიჭებთან უკვე თბილისში შეხვედრა. მე მათ ავღანეთშიც შევხვდი - ჩემი მინისტრობის პირველ კვირებში. ბოლო ორი დღე ემოციური იქნება, რადგან ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე რეისი ჩამოდის. ხვალ საღამოს დასრულდება ამ კონტინგენტის როტაცია, უკვე მეთაურიც ჩამოვა. ალბათ ხვალ ყველაზე უფრო ამაღელვებელი საღამო იქნება, იმიტომ, რომ დროშით ჩამოვლენ და ოფიციალურ ცერემონიალსაც გავმართავთ. მე მხოლოდ მადლობა შემიძლია ვუთხრა პირველ რიგში ამ ბიჭებს, მათ ოჯახებს, ბრიგადას, რომლიდანაც ისინი ავღანეთში წავიდნენ; ყველა სამხედროს, რომელიც მათ გვერდში იდგა მუდმივად ამ ხნის განმავლობაში; ბიჭებს, რომლებიც ახლა წავიდნენ ავღანეთში და შემდგომი ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებენ მისიას. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ კონკრეტულ შემადგენლობას მსხვერპლი ჰქონდა - ცოტა ხნის წინ დაიღუპა ჩვენი ერთი ბიჭი - ვასილ ყულჯანიშვილი, მაგრამ, ეს არის ომი და მისი სამწუხარო შედეგები. ზუსტად ვიცი, ზუსტად შემიძლია დავინახო, წარმოვიდგინო, რომ ფასი რომელსაც საქართველო, როგორც სახელმწიფო, იხდის საკუთარი უსაფრთხოებისთვის ამ ფორმით, ამ შემთხვევაში, ავღანეთში, აუცილებლად იქნება მეტი უსაფრთხოების მომტანი თავად ჩვენი ქვეყნისთვის და გარანტია, რომ ამ ბიჭების შვილები გაცილებით უკეთეს ქვეყანაში იცხოვრებენ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.
„ეს არის იმ დანაყოფის პირველი ნაწილი, რომელმაც საქართველოში, ძირითადად, სამხედროებისთვის განკუთვნილი ტვირთი ჩამოიტანა. ყველაფერი მიმდინარეობს გეგმის მიხედვით. დღეს საღამოსაც ჩამოვლენ, ჩამოვლენ ხვალაც, მეთაური ალბათ ხვალ დაგვიბრუნდება. დანაყოფმა წარმატებით შეასრულა თავისი მიზნები, მის წინაშე დასახულ ამოცანას სრულად გაართვა თავი. კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით შეიარაღებული ძალების სტატუსის ამაღლებისკენ,“ - აღნიშნა გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იყო დისლოცირებული.
პირველად შეიარაღებული ძალების ისტორიაში მისიაში მასთან ერთად მონაწილეობდა ეროვნული გვარდიის გაძლიერებული ოცეულიც. 43-ე ბატალიონი, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, ფართო სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდა. მათი მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. აღნიშნული ბატალიონი, როტაციის წესით, მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.