მეოთხე წყვილი, რომელმააც ჯვარი მყინვარწვერზე, საქართველოს უმაღლეს წერტილში მდებარე სამლოცველოში დაიწერა

მეოთხე წყვილი, რომელმააც ჯვარი მყინვარწვერზე, საქართველოს უმაღლეს წერტილში მდებარე სამლოცველოში დაიწერა

მთის ხალხს, მთის განსაკუთრებული სიყვარული რომ აქვთ, ამაში უცხო არაფერია, მაგრამ მათგან ალბათ ცოტას თუ გასჩენია სურვილი, ჯვარი ზღვის დონიდან 4000 მეტრზე დაეწერა და შემდეგ ეს ოცნება რეალობადაც ექცია. გიორგი ბექაურმა ეს შეძლო და ივლისის მიწურულს, მყინვარწვერზე პატარა სამლოცველოში, თავის რჩეულ ხატია სუხაშვილთან ერთად, ღემრთს სიყვარული შეჰფიცა.

გიორგი წარმოშობით გუდამაყრიდან არის, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქალაქში ცხოვრობს და მუშაობს, ცდილობს, იქაურობა არ დაივიწყოს და იცხოვროს ისე, როგორც ამას მისი წინაპრები ახერხებდნენ.

გიორგის და ხატიას ჯვრისწერა ყველაზე მაღალ წერტილზე არსებულ სამლოცველოში შედგა, რომელიც 2001 წლიდან მოყოლებული იქ არსებობს. ეს ჯვრისწერა რიგით მეოთხე გახლდათ.

ახალდაქორწინებულებს ცოტა ხნის წინ გუდამაყარში ვეწვიეთ. წყვილმა სიამოვნებით მოგვიყვა საკუთარი სიყვარულის ამბავი, რომლიც მთაში დაიწყო ოჯახის შექმნით მთაშივე დაგვირგვინდა.

გიორგი ბექაური:

- გუდამაყარი ეს არის ადგილი, სადაც ფეხი ავიდგი, საიდანაც დაიწყო ჩემი მთასთან ახლო ურთიერთობა. ახლა სწორედ აქ ვიმყოფებით. დიახ, ეს არის ადგილი, საიდანაც წარმოშობით არის ჩემი გვარი, აქ არის ჩემი ფესვები. როგორც გითხარით, აქ გარკვეული პერიოდის მანძილზე მიხდებოდა ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც პერიოდი ქალაქში ვცხოვრობ, აქაურობას ვერ ვეცლები.

როცა პირველად ჩანთა ავიკიდე და მთაში სალაშქროდ წავედი, იმის მერე "მოვიწამლე", მიუხედვად იმისა, რომ აქ ასეთი ბუნება მაქვს და მთას როგორც ვთქვი, ბავშვობიდან ნაზიარები ვარ.

იმ "მოწამვლის" შემდეგ, ერთხელ მყინვარწვერზეც ავედი, ვიყავი მეტეოსადგურზე, სადაც აკლიმატიზაციის გავილის შემდეგ, 4.000 მეტრზე არსებულ ეკლესიაშიც მოვხვდით. ის ადგილი პირველი აღმოჩნდა, სადაც ჩავიფიქრე, რომ სწორედ იქ მინდიდა ქორწინება, ჯვრისწერა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ხატიას არც ვიცნობდი, სამლოცველო რაღაცნაირად მომეწონა და გულში ჩამივარდა.

იყო პერიოდი, როცა მთაში სიარულის, უფრო სწორად ხეტიალის გარდა, არც არაფერს ვაკეთებდი და სწორედ ამიტომ, მთაში სიარული ინტენსიურად დავიწყე, ანუ ტურების მოწყობა, ჯგუფები დამყავდა. ერთხელაც, 15 დეკემბერს, შუა ზამთარში მეგობარს ჰქონდა ტური დაგეგმილი და ჯგუფი ლომისაზე წავიყვანე, სადაც აღმოვაჩინე კიდეც ხატია. სწორედ იქიდან და მაშინ დაიწყო ჩემი და ხატიას პირველი ნაბიჯები. მას მერე ერთად დავდივართ...

ხატია სუხაშვილი:

- ჩემი დის დაბადების დღე იყო დეკემბერში, სურვილი ჰქონდა, ეს დღე სადმე მთაში გაეტარებინა. ისე მოხდა, რომ ლომისაზე ტური იყო დაგეგმილი და იქ წასვლაზე მეც დამითანხმა. აღმოვჩნდით ისეთ გარემოში, სადაც არასდროს ვყოფილვართ. სწორედ იქ გავიცანი გიორგი. მიუხედავად იმისა, რომ დიდი თოვლი და ნამქერი იყო, დღე ძალიან მხიარულად გავატარეთ...

ბოლოს ისე მოხდა, რომ მე და გიორგი ლომისადან, თოვლში, ხელჩაკიდებულები ჩამოვედით და როგორც უკვე თქვა, იქიდან დაიწყო ჩვენი ამბავი...

მერე გავარკვიეთ, რომ გიორგის მეგობარს ლომისაზე სანთელი დაუნთია, რომ ჩვენ ერთად ვყოფილიყავით. ეს მას მერე, რაც გამიცნო და მოვეწონე. გიორგი ძალიან უყვარს და უთქვამს, - ნეტავ, ეს გოგო გიორგისთან ერთად იყოსო.

ყველაფრი ისე მოხდა, როგორც იმ გოგომ ჩაიფიქრა და ისურვა. ჩვენ დავმეგობრდით, ერთმანეთი შეგვიყვარდა და ახლა უკვე დავოჯახდით.

- როდესაც გიორგიმ მისი დიდი ხნის ოცნება გაგანდო, - ჯვარი მყინვარზე დაეწერა, რა რეაქცია გქონდა?

- როდესაც მითხრა, რომ ჯვრის დაწერა მყინვარზე უნდოდა, გაუზარებლად დავთანხმდი, მაგრამ როცა დავფიქრდი, ეს ყველაფერი თუ რას გულისხმობდა, ვუთხარი, - არ გამოვა, სამი დღე ფეხით ურთულეს მონაკვეთებზე ვერ ვივლი. ამას ვერ შევძლებ, მთაში სიარულით ისე არ ვარ გაწვრთნილი, რომ მყინვარზე ავიდე-მეთქი. საკუთარ თავში ძალას ვერ ვპოულობდი. მერე გიორგიმ ამიხსნა, ყველაფერი როგორ და რანაირად იყო შესაძლებელი და ბოლოს დავთანხმდი.

გიორგის მეგობრებიც ისეთი ჰყავს, რომ მთაში სიარული უყვართ და ეს ადამიანები ჩვენთან ერთად წამოვიდნენ, - სულ 27 კაცი ვიყავით...

- როგორც ვიცი, მანმადე ხელიც მოაწერეთ.

- კი, 28 ივლისს, დილით, იუსტიუციის სახლში ხელი მოვაწერეთ და იქიდან ყაზბეგისკენ დავიძარით. ჯერ გერგეტზე უნდა ავსულიყავით, იქიდან კი ფეხით დათქმულ ადგილამდე. ამიტომ ვჩქარობდით, არ დაგვღამებოდა, საკმაოდ რთული მონაკვეთები იყო გასავლელი, საბერწეს ურელტეხილზე უნდა ავსულიყავით. საბედნიეროდ, კარგი ამინდი გამოვიდა, რაც სირთულეების დაძლევაში დაგვეხმარა. ღამე სავსე მთვარე დაგვემთხვა, რომელიც გზას გვინათებდა.

ერთი სადაც ცოტა გაგვიჭირდა, "ბოღმა აღმართს" ეძახიან ის იყო, იქ რომ ავდიოდით, უკვე აღარ შეგვეძლო... მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგძელო, "მეტეომდე" ავაღწიეთ, სადაც კარვები გავშალეთ. ვიმხიარულეთ, ფეიერვერკები ავაფეთქეთ, ცოტა ტურისტებიც შევაშინეთ, მაგრამ მერე ჩვენი ამბავი რომ გაიგეს, მოგვილოცეს, გაუხარდათ.

დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ, მამა ექვთიმეს (ჭინჭარაული), ულაპარაკოდ წამოგვყვა... მეორე დღეს, შუადღეს იმ პატარა ტაძართანაც (რკინის სამლოცველო) ავედით, რომელიც ილია II-ის კურთხევით 2001 წელს იქ დადგეს. მამა ექვთიმემ ჯვარი დაგვწერა, ჯვრისწერას ტურისტებიც დაესწრნენ. ძალიან ლამაზი დღე გამოგვივიდა. მაყრიონი ეროვნულ სამოსში იყო გამოწყობილი.

მოკლედ, ოცნება ასე ლამაზად ავისრულეთ, რომელიც თავიდან გიორგისი იყო და მერე ჩემიც გახდა.

ილია ჯიქია, გიორგის მეჯვარე:

- მყინვარზე მესამედ ვიყავი და ისეთი განწყობით არასდროს ვყოფილვარ იქ, როგორ გიორგის ჯვრისწერაზე. მაშინ, განსაკუთრებული დღე იყო ხალხით, თავის ამბებით და ძალიან დიდი პოზიტივით. ეს ორი ადამიანი არასდროს დამავიწყდება რა სახეებით, გრძნობებით და შემართებით იყვნენ. ხატია რომ ხატიაა, ბიჭს შეშურდებოდა, იმხელა ჩანთა მიჰქონდა. ყველანი ერთად სრულიად სხვა სამყაროში ვიყავით.

მაგდა ბექაური, გიორგის და:

- გიორგიმ როდესაც მითხრა, მყინვარზე უნდა დაეწერა ჯვარი, გამიკვირდა და თან, გამიხარდა. ისე, გიოსგან ჩვეულებრივ ქორწილს არც ველოდი, ვიცოდი, რომ რაღაც არაორდინარული უნდა გაეკეთებინა.

და ასეც მოხდა, იმ ყველაფერმა რაღაც უცანური და საოცარი ემოცია მოგგვარა. ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა. იყო გაუთვალისწინებელი, გათვალისწინებული მომენტები, ერთი სიტყვით, ყველაფერი კარგად შეერწყა ერთმანეთს.

გიორგი ბექაური:

- ნაწილობრივ გუდამაყარში გავიზარდე, ვიცი მთის ტრადიციები, - რა არის მიღებული და რა მიუღებელი, ვცდილობ, ტრადციულად ვიცხოვრო. გული იმაზე მწყდება და არ მომწონს, რომ მთაში სულ უფრო ნაკლები ხალხი რჩება. აქ ერთეულებიღა არიან.

აქედან წასულებს თავის ინტერესები და სფეროები აქვთ, ქალაქში წასულები მთას ივიწყებენ... მეც მაქვს ჩემი სფერო, ჩემი ინტერესები, მაგრამ არც ერთი წუთით დავუშვებ იმას, რომ მთა დავივიწყო, ის, საიდან მოვედი და აქაურობას აღარ მივხედო... დავიბრუნოთ და დავუბრუნდეთ მთას!

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია