სამოქალაქო დაპირისპირება, ქუჩის აქციები, პრეზიდენტის მკაცრი ნაბიჯები – "ცხელი" შემოდგომის პროგნოზები

სამოქალაქო დაპირისპირება, ქუჩის აქციები, პრეზიდენტის მკაცრი ნაბიჯები – "ცხელი" შემოდგომის პროგნოზები

ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის საქმე, პრეზიდენტისა და მმართველი გუნდის ახალი დაპირისპირება, გუშინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს – როგორც ჩანს, პოლიტიკური პროცესები უფრო აქტიურ ფაზაში გადადის, თუმცა როგორი იქნება ამ პროცესების შესაძლო განვითარება, ამის შესახებ კონკრეტული პასუხის გაცემა უჭირთ ექსპერტებს, თუმცა მათი ნაწილი სამოქალაქო დაპირისპირებას არ გამორიცხავს.

მაგალითად, დამოუკიდებელი ექსპერტის, ზაალ ანჯაფარიძის თქმით, თუ გავითვალისწინებთ, როგორი დინამიკით ვითარდება ქვეყანაში საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესები, იმის ალბათობა ნამდვილად არსებობს, რომ სულ მალე მიმდინარე პროცესები სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

ზაალ ანჯაფარიძე: "რუსთავი 2"–ის გარშემო შექმნილ სიტუაცის, რომელიც სამართლებრივ დავას უკავშირდება, "ნაციონალური მოძრაობა" და "რუსთავი 2" ცდილობს პოლიტიკურ სიბრტყეში გადაიყვანონ, ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა აწიონ და მოახდინონ მათი პირდაპირი თუ არაპირდაპირი მხარდამჭერების მობილიზება".

მისივე თქმით, "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაზე ერთიანი ძალებით გეგმავს შეტევას იმ მოტივით, რომ თითქოს ხელისუფლება თავისუფალ მედიას უტევს და უხვევს პროდასავლურ კურსს. ის არ გამორიცხავს, რომ ქუჩის გამოსვლები და მასობრვი საპროტესტო აქციები დაიწყოს.

"არის იმის ალბათობაც, რომ საზოგადოების საკმაოდ ანგარიშგასაწევი ნაწილი მოვლენების ასეთ განვითარებას არ შეურიგდება და საპასუხო ზომებსაც მიიღებს. საფრთხე სწორედ აქ არის, რომ ამან შეიძლება პოლიტიკურ და სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანოს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, თუ რა ტიპის განცხადებებს აკეთებენ მაღალი რანგის თანამდებობის პირები და რა ნაბჯებს დგამენ იმისთვის, რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია", – ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.

ექსპერტის თქმით, პრეზიდენტი სასამართლოს კომპეტენციაში ერევა, ამასთან როგორც ის ამბობს, გიორგი მარგველაშვილს შეხვედრის სურვილი ჯერ მმართველ გუნდთან უნდა გამოეთქვა და შემდეგ გაემართა კონსულტაციები ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან.

"პოლარიზაციის ძალიან მაღალი ხარისხი, რომელიც ახლა არის, შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ ქვეყანაში მივიღოთ გარკვეული დოზით სამოქალაქო დაპირისპირება, თუმცა იმედი მაქვს ეს არ გადაიზრდება ფართომასშტაბიან შეტაკებებში თუ რომელიმე მხარემ არ გადადგა პროვოკაციული ნაბიჯები, ამ უკანასკნელის ავტორი კი შეიძლება იყოს "რუსთავი 2"-ის მხარე, რადგან ხელისუფლების ინტერესებში სიტუაციის შემდგომი პროვოცირება ნამდვილად არ შედის".

უკრაინული wikileaks.center-–ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს, ანჯაფარიძე ამბობს, რომ ასეთი ტიპის წყაროებიდან გავრცელებული ინფორმაცია სანდო არ არის, "თუმცა ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აპირებს მსგავსი სცენარის გათამაშებას, რომელიც გავრცელებულ ცნობაშია აღწერილი, ვარაუდის დონეზე შეიძლება დაუშვათ".

სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით უკრაინულ საიტზე გავრცელებულ ინფორმაციას ხელოვნურს უწოდებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე და ამბობს, რომ ასეთი ინფორმაციების მიმართ ნდობის ფაქტორი აღარ არსებობს.

"ჩვენ გვახსოვს საბურავების ამბავი. "ნაცმოძრაობას" გადატრიალების მოწყობის სურვილიც რომ ჰქონდეს, რესურსი არ აქვთ, ამას გარდა, დღეს ქვეყანაში მოსახლეობას არ აქვს სურვილი გაყვეს "ნაცმოძრაობას", სხვა შემთხვევაში კი მათ ქვეყანაში დაქირავებული არმია უნდა შემოიყვანონ, ვინაიდან მათი მხარდამჭერთა რაოდენობა ქვეყანაში ისეთ ოდენობას ვერ აღწევს, რომ რევოლუციის ან გადატრიალების მოწყობა შეძლონ, ამიტომ ასეთ ინფორმაციებს ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებ".

მისივე თქმით, "რუსთავი 2"–ის საქმეზე გადადებული სასამართლო პროცესი იმის მანიშნებელია, რომ სასამართლო ცდილობს ისეთი საბოლოო ვარიიანტის მოძებნას, რომ "არც მწვადი დაიწვას და არც შამფური, მაგრამ შეუთავსებელთა შეთავსება როგორ მოხდება არ ვიცი. აქ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვებია, თუ რატომ არ ჩამოდის თვითონ ქიბარ ხალვაში? მეორე მხრივ, ძმები ყარამანაშვილებიც არ ჩანან და ა.შ.".

პოლიტოლოგი ქუჩის აქციებს გამორიცხავს, რადგან მისი თქმით, ზამთარში რომელიმე პარტია ან ხელისუფლება აქციისთვის ხალხს სახლიდან ძნელად თუ გამოიყვანს.

"თუმცა სიახლე, რომელიც ან შეუმჩნეველი დარჩა ან არასწორად აღიქვეს, არის პრეზიდენტის პოზიცია, როდესაც გიორგი მარგველაშვილი უკვე პირველად დადგა მთავარი არბიტრის როლში",– ამბობს სოსო ცინცაძე.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ბოლო დღეების განცხადება გიორგი მარგველაშვილის მხრიდან უკვე სერიოზული ნაბიჯებია, თუმცა ამბობს, რომ ახლა საპასუხო განცხადება ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, მმართველი გუნდი კი, მისი თქმით, პირად შეურაცხყოფაზე გადადის.

"როცა პოლიტიკოსები პირად შეურაცხყოფაზე გადადიან, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უკვე ელევათ არგუმენტები. მაგრამ სიმართლე გითხრათ, ხალხი მიტინგებით და გამოსვლებით დაიღალა", – ამბობს სოსო ცინცაძე.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."