"როგორც ჩანს მთავრობას რუსეთში ჰყავთ კონსულტანტები და პოლიტტექნოლოგები", - ასე ეხმაურება ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს და პარალელს ავლებს წლების წინ რუსეთში ტელეკომპანია НТВ-ს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან.
"პირველ რიგში არჩევნების მოახლოება მახსენდება. გასაგებია, რომ NDI-ს რეიტინგების გამოქვეყნების შემდეგ მმართველი პარტიის მდგომარეობა სავალალოდ გამოიყურება. მეორე მხრივ არასერიოზულად ჟღერს იმიტომ, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა მოსახლეობის მცირე რაოდენობით, სადაც ისედაც ყველამ ყველაფერი იცის ტელევიზია აქ მინიმალურ როლს თამაშობს, ამ შემთხვევაში "რუსთავი 2" ხელისუფლებისთვის გამაღიზიანებელია იმიტომ, რომ არსებობს "ვანოს შოუ", თქვენი გადაცემა და სხვები. ისეთი გადაცემები, რაც მუდმივად ხელისუფლებას აღიზიანებს. როგორც ჩანს, მათ რუსეთში ჰყავთ კონსულტანტები პოლიტტექნოლოგები, რომლებიც ზუსტად რუსული სქემით მუშაობენ. ისე როგორც ეს მოხდა რუსეთში. გადაწყვიტეს, რომ აქაც უნდა დახურონ ყველაზე პოპულარული არხი ისე, როგორც ეს მოხდა 2000 წელს НТВ-სთან დაკავშირებით", - განაცხადა ოლეგ პანფილოვმა.
ჟურნალისტმა "პოსტსკრიპტუმში" "გაზპრომის" შესახებაც ისაუბრა.
"გაზპრომი ერთადერთი სტრუქტურაა, რომელიც შეეცდება გააკონტროლოს საქართველო, როგორც ეს სამი წლის წინ იყო დაგეგმილი", - განაცხადა პანფილოვმა. მას მიაჩნია, რომ ხელისუფლების განცხადებები, რომ მათ კავშირი არ აქვთ რუსეთთან, არასწორია. პანფილოვი მიიჩნევს, რომ მთავრობა რუსული სცენარით მოქმედებს.
"კრემლის პროპაგანდას დიდი გავლენა აქ იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზეა, სადაც რუსული ენა ფართოდ გამოიყენება. უკრაინა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია იმიტომ, რომ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი რუსულენოვანია, ამიტომ რუსული პროპაგანდის ზეგავლენა ძალიან დიდია. უკრაინას შარშან უნდა დაეხურა ყველა რუსული არხი, როგორც ეს საქართველოში 2008 წელს მოხდა. ქართულ საზოგადოებაში სადაც, რუსული სულ უფრო ნაკლებად გამოიყენება რუსული პროპაგანდის ზეგავლენა ძალიან დაბალია მინიმალური. არიან უფროსი თაობის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ უყურებენ რუსულ არხებს, მაგრამ სავარაუდოდ გავლენას ვერ მოახდენს. აქ უნდა გვეშინოდეს იმ ნაბიჯების, რომელსაც ხელისუფლება დგამს. რამდენსაც არ უნდა ამტკიცებდნენ სამი წლის განმავლობაში, რომ პუტინთან კრემლთან არანაირი კავშირი არ აქვთ, მათი ქმედება საპირისპიროზე მეტყველებს. პოპულარული თოქ-შოუების დახურვა და წამყვანი ტელეარხის დევნა, ეს სულ რუსული ტექნოლოგიაა. ეს არის ის, რაც რუსეთში უკვე მოხდა", - აცხადებს პანფილოვი.
ჟურნალისტი გაზპრომის როლზე, გეგმებზე და გავლენებზეც საუბრობს.
"მე არ ვფიქრობ, რომ ეს დაკავშირებულია გაზპრომის, როგორც ბიზნესის გავლენაზე. გაზპრომი უკვე დიდი ხანია ძლევამოსილ პოლიტიკურ ძალად იქცა. იმის გარდა, რომ გაზპრომი გავლენას ახდენს საინფორმაციო სივრცეზე და ყველა დიდი ტელეკომპანიისა და გაზეთის და გამოცემის მფლობელია, დიდი როლი აქვს ინტერნეტში. ის, ფაქტობრივად, სახელმწიფოა სახელმწიფოში. უამრავი ადამიანური რესურსით, რომელიც პოლიტიკური და საინფორმაციო ტექნოლოგიებით, რომლებიც ყუდულობენ ადგილობრივ თუ უცხოელ პოლიტიკოსებს გავლენას ახდენენ უცხოეთში წარმართულ PR კამპანიაზე და ა.შ. გაზპრომი ერთადერთი სტრუქტურაა, რომელიც შეეცდება გააკონტროლოს საქართველო, როგორც ეს სამი წლის წინ იყო დაგეგმილი. მოვლენებს არ გავასწრებ და არ ვიტყვი, რომ ეს სავარაუდოდ არ გამოვა. ეს კარგი მაგალითია, თუ როგორ გამოიყენება "გაზპრომი" არა როგორც ნავთობისა და გაზის კომპანია, არამედ როგორც ძლიერი სტრუქტურა, რომელიც პოლიტიკასთან და საინფორმაციო პოლიტიკასთანაა დაკავშირებული", - აცხადებს ოლეგ პანფილოვი.