კიდევ რა ბიზნესებში არიან ძმები ყარამანიშვილები და აქვთ თუ არა მათ "მონოპოლისტური ფულსასრუტი"?!

კიდევ რა ბიზნესებში არიან ძმები ყარამანიშვილები და აქვთ თუ არა მათ "მონოპოლისტური ფულსასრუტი"?!

ბრძოლა "რუსთავი 2"-ისთვის სულ უფრო მძაფრდება. სხვა­დასხვა დროს ტელეკომპანიის რეალური თუ ფორმალური მფლობელების ისტორია რთული და ჩახლართულია. აქიმიძე, დვალი, კიწმარიშვილი, ტაბატაძე, ხალვაში - ეს იმ გვარების არასრული ჩამონათვალია, ვინც სხვადასხვა დროს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილებს­ ფლობდა. დღეს კი ტელეკომპანიის წილობრივი განშლა ასეთია: ლევან ყარამანიშვილი - 22%, გიორგი ყარამანიშვილი - 18%, შპს ტელეკომპანია "საქართველო" - 51%, ნინო ნიჟარაძე - 9%. ამავე დროს, ძმები ყარამანიშვილები ტელეკომპანია "საქართველოს" 100%-ს ფლობენ და გამოდის, რომ "რუსთავი 2"-ის 91% ეკუთვნით. მიმდინარე მოვლენების ფონზე კი, სულ ცოტა, უცნაურია კომპანიის მფლობელების დუმილი, მაშინ როცა წესით, ყველაზე მეტი დასაკარგი მათ აქვთ. და მაინც, ვინ არიან ძმები ყარამანიშვილები და როგორია მათი რეალური თუ ნომინალური ბიზნესინტერესები საქართველოში?

ოფშორული "სამოთხე"

ლევან და გიორგი ყარამანიშვილების სახელები ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ რამდენიმე კომპანიაში გვხვდება, რომლებსაც თავის მხრივ საქართველოში, სხვადასხვა მსხვილ კომპანიებში აქვთ წილები.

საგამოძიებო ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის საინფორმაციო ბაზაში, რომელმაც ოფშორული კომპანიების მფლობელთა ვინაობა გაშიფრა, ლევან ყარამანიშვილის სახელი მოხვდა, რომელიც თავის მხრივ ორი ოფშორული კომპანიის - Delgado Resources-ისა და Watertrial Industries-ის თანამფლობელია (ამავე კომპანიაში წილები აქვთ რევაზ ელიავას, თეიმურაზ არონიას და ხვიჩა მაქაცარიას). საჯარო რეესტრის 2014 წლის 9 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სიდიდით მესამე ფიჭური ოპერატორის, "ბილაინის" (იგივე "მობიტელი") 51%-ის მფლობელი ზემოხსენებული ოფშორში რეგისტრირებული და ლევან ყარამანიშვილთან დაკავშირებული Watertrial Industries-ია, ხოლო მობილური ოპერატორის სამეთვალყურეო საბჭოში, რუსეთის ფედერაციის რამდენიმე მოქალაქესთან ერთად, იმავე ოფშორული კომპანიის თანამფლობელები - ხვიჩა მაქაცარია და თეიმურაზ არონიაც არიან. ლევან ყარამანიშვილის სახელი უკავშირდება ასევე "ბილაინის" კიდევ ერთ აქციონერ კომპანიას, Investico Aliance-ს, რომელიც მობილური ოპერატორის 29%-ს ფლობს.

ყარამანიშვილების ბიზნესინტერესები "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" გასული წლით დათარიღებულ კვლევაშიც მოხვდა, სადაც ნათქვამია, რომ Eleganza Group-ი, რომელშიც ლევან ყარამანიშვილი 25%-ს ფლობს, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული Holden Intersales Corp-ის აქციონერია. ეს კომპანია, ამავე დროს, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული Newcom Association Limited-ის საშუალებით, რესტორანთა ქსელ GMC ჰოლდინგს ფლობს.­ სხვა აქტივებთან ერთად, GMC ჰოლდინგის საკუთრებაშია ქალაქის მთავარი სარკინიგზო სადგურის მიმდებარედ სავაჭრო ცენტრი "თბილისი ცენტრალი".

ამავე კვლევის თანახმად, GMC ჯგუფი თბილისის სამარშრუტო ხაზების ტენდერებთანაც არის დაკავშირებული. 2011 წელს აღნიშნულ ტენდერებში გამარჯვებულ ოთხ კომპანიას სხვადასხვა სამარშრუტო ხაზი გადაეცა ექსპლუატაციაში. ოთხივე კომპანია ერთსა და იმავე მისამართზე იყო დარეგისტრირებული - GMC ჯგუფის კუთვნილ რესტორნებში "ძველი სახლი" და "ქალაქური". სამარშრუტო მიკროავტობუსების ოთხივე კომპანიის წარმომადგენელი ერთი და იგივე პიროვნება - GMC

ჯგუფის იურისტი იყო.

ყარამანიშვილების ბიზნესინტერესები იკვეთება "კავკასუს ონლაინშიც". კომპანიას, ბოლო მონაცემებით, სამი ოფშორული კომპანია Growth Master Holdings-ი­ (44%), Nelgado Limited-ი (19,8%) და International Online Networks-ი (36,2%) ფლობს. Nelgado Limited-ი, რომელიც, არსებული მონაცემებით, International Online Networks-ის აქციათა 30%-საც ფლობს, რევაზ ელიავას (50%), ხვიჩა მაქაცარიასა (40%) და Lexus Group Limited-ს (10%) ეკუთვნით. როგორც ელიავა, ისე მაქაცარია, ყარამანიშვილთან ერთად, "მობიტელის" ("ბილაინი") აქციონერი Delgardo Resources-ის მეწილეები იყვნენ.

"დიდი ფული შესდის სააკაშვილს საქართველოდან"

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ "სილქნეტისა" და "მაგთიკომის" შემდეგ, "კავკასუს ონლაინის" შეძენით ახლა უკვე "ვიმპელკომის" ჯგუფის წევრი, კომპანია "ბილაინიც" დაინტერესდა. როგორც კომპანიაში ამ ინფორმაციის კომენტირებისას გვითხრეს, აქციონერები განიხილავენ ყველა იმ შეთავაზებას, რომელიც ბიზნესისა და მომხმარებელთა ინტერესებიდან გამომდინარეობს. რაც შეეხება ყარამანიშვილების ბიზნესინტერესებს "ბილაინში", ამბობენ, რომ ძმები ყარამანიშვილები უკვე სამი წელია მათ აქციონერებს შორის აღარ არიან.

მამია სანადირაძე, "კავკასუს ონლაინის" ყოფილი მფლობელი:

"საქართველოში არსებულ ყველა მსხვილ ბიზნესში, მათ შორის "რუსთავი 2"-შიც, ძმები ყარამანიშვილები ნომინალური მეპატრონეები არიან და სინამდვილეში მათ ზურგს უკან სააკაშვილი დგას. "კავკასუსში" წილებს ოფშორში რეგისტრირებული "ნელგადოს" საშუალებით ფლობდა, ხოლო "ბილაინში" - "დელგადოს" საშუალებით. ამ ადამიანების დახმარებით გამომძალა სააკაშვილმა "კავკასუს ონლაინი". ოფშორში დაარეგისტრირეს კომპანია "ნელგადო", რომლის დირექტორი წლების განმავლობაში ლევან ყარამანიშვილი იყო და რომელიც კომპანია "კავკასუს ონლაინისა" და ზღვაში ჩადებული კაბელის თანამფლობელი გახდა.

დაახლოებით ორი წელია მას შემდეგ, რაც ვიჩივლე საქართველოს სასამართლოში, ყარამანიშვილი გადადგა ამ კომპანიის დირექტორობიდან. გამომდინარე ამ ყველაფრიდან, ეს ერთი და იგივე ხალხია, რომლებიც წილებს ფლობენ "ბილაინშიც" და "კავკასუს ონლაინშიც". ახლა ცდილობენ, რომ უკვე კრედიტებით დატვირთული კომპანია გაყიდონ და ამით დანაშაულებრივი კვალი დაფარონ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია