"რუსთავი 2"-ის საქმე გადამწყვეტ ფაზაშია. პარალელურად, პროკურატურაში არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადების საფუძველზე კიდევ ერთი საქმე აღიძრა - საგამოძიებო უწყება გვარამიას და ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსი ახვლედიანის საუბრის დეტალების გარკვევას ცდილობს. ორივე მხარის დაკითხვის შემდეგ, პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომ ახვლედიანისა და გვარამიას ჩვენებები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება...
პირველი კითხვა ნიკა გვარამიას სწორედ ამის შესახებ დავუსვით.
- მე სრულად ვაგებ პასუხს იმ განცხადებაზე, რაც გავახმაურე. მთავრობა ჩემი მეგობრის, ალექსი ახვლედიანის შუამავლობით პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებითა და კოლეგების თვალში განადგურებით მემუქრებოდა.
- ახვლედიანი რატომ აძლევს პროკურატურას განსხვავებულ ჩვენებას?
- დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ალექსი ახვლედიანი სრულ სიმართლეს იტყვის.
- ახვლედიანს პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ ესაუბრეთ?
- არ შევხვედრივარ, თუმცა, ვიმეორებ, ვიცი, რომ მალე ყველაფერს იტყვის.
- თუ ხელისუფლება ჩანაწერების გამოქვეყნებით გემუქრებოდათ, საინტერესოა, ისეთი რა საუბრები გქონდათ სააკაშვილთან, რომ მათი გასაჯაროება, როგორც თავად ამბობთ, თქვენი საწინააღმდეგო კომპრომატი იქნებოდა და კოლეგების თვალში განადგურდებოდით?
- ხელისუფლებისთვის სააკაშვილი იმდენად ტოქსიკური ადამიანია, რომ მასთან ნებისმიერი ტიპის საუბარი კომპრომატი ჰგონიათ. ვადასტურებ, სააკაშვილთან მართლაც ხშირად და ბევრ თემაზე ვსაუბრობ, მათ შორის, "რუსთავი 2"-ზეც. ის ჩემი მეგობარია და მისი აზრი ნებისმიერ საკითხზე ყოველთვის მაინტერესებს.
- თუ ადასტურებთ, რომ "რუსთავი 2"-ის მართვაზე გარკვეულწილად მითითებებს სააკაშვილისგან იღებთ, რამდენად სამართლიანია თქვენი განცხადებები ტელეკომპანიის ობიექტურობასა და დამოუკიდებლობაზე?
- სააკაშვილთან საუბარი მითითებების მიღებას არ ნიშნავს... ფაქტია, რომ ხელისუფლებას როგორც რეგიონებში, ისე თბილისში ჩატარებული მრავალათასიანი კონცერტების შეეშინდა. ქიბარ ხალვაში პირველად მაშინ გამოჩნდა, როდესაც ბათუმში ტელეკომპანიის ორგანიზებულ კონცერტზე 50 ათასი კაცი მოვიდა. უამრავმა ადამიანმა ტელეკომპანიას სოლიდარობა გამოუცხადა და ეს აღიზიანებთ!
- დღეს ხშირად გახსენებენ, რომ თავის დროზე იმ ჟურნალისტებს არ უცხადებდით სოლიდარობას, რომლებიც "იმედში" დაარბიეს ან ჯაშუშობისთვის დააკავეს.
- თავის დროზე, ჩვენც ბევრ შეცდომას ვუშვებდით, თუმცა წინა მთავრობა ქვეყანას მეტ-ნაკლებად კვალიფიციურად მართავდა და კარგი საქმეებიც კეთდებოდა. ცუდია, რომ მმართველი გუნდი დღესაც იმავე მდინარეში შედის და ყველაფერთან ერთად, ვერც ქვეყნის მართვას ახერხებს. "ქართული ოცნება" ხალხმა იმისთვის აირჩია, რომ "ნაციონალურ მოძრაობაზე" უკეთესი ყოფილიყო.
- ამბობთ, რომ ტელეკომპანიას ნებით არ დატოვებთ. სახელმწიფოს მიმართ დაუმორჩილებლობას აანონსებთ?
- "რუსთავი 2"-ის შენობას ნებით არ დავტოვებ, რადგან ურთმელიძე მოსამართლე კი არა, დაქირავებული ზონდერია.
შესაბამისად, მისი გადაწყვეტილებაც ჩვენთვის არალეგიტიმურია.
- შესაძლოა, ზოგიერთი შემოგედავოთ, რომ მსგავსი მოწოდებებით 2007 წლის მოვლენების პროვოცირებას ცდილობთ. მით უმეტეს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე უშიშროების სამსახურიც საუბრობს.
- არ ვიცი, სახელმწიფო რას გადაწყვეტს, არაფერს გამოვრიცხავ, რადგან ეს ხელისუფლებაც წინამორბედის შეცდომებს იმეორებს. გადავა თუ არა პროცესები ქუჩაში, მომავალი გვიჩვენებს. კანონის ფარგლებში ყველა მიმართულებით ვიბრძოლებთ...
"კვირის პალიტრა" ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს დაუკავშირდა:
- მათი მიზანი ნათელია - სასამართლო დავა პოლიტიკურ სიბრტყეში გადაიტანონ და საკუთარი ქმედებები სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლად შენიღბონ.
იხილეთ გაგრძელება