"ისევ ფიქრობს, რომ ხალხში ჭარბი ნდობა აქვს" - როგორ აფასებენ მოქალაქეები ივანიშვილის ბოლო ინტერვიუს

"ისევ ფიქრობს, რომ ხალხში ჭარბი ნდობა აქვს" - როგორ აფასებენ მოქალაქეები ივანიშვილის ბოლო ინტერვიუს

საზოგადოება ინტერესით ელოდა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, რომელიც "იმედის" ეთერში, გადაცემაში "შაბათის ქრონიკა დიანა ტრაპაიძესთან ერთად" გავიდა.

AMBEBI.GE რამდენიმე რესპონდენტის შეფასებას გთავაზობთ, რომელთაც გავესაუბრეთ.

ვასიკო, ტექნიკოსი, 31 წლის:

- ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს მთლიანად ნეგატიურად ვაფასებ, იმიტომ რომ საქართველოში რეალობა ამ წუთას სხვა არის და ის სულ სხვას ლაპარაკობდა. გვაჯერებს იმას, რისიც ალბათ, თვითონაც არ სჯერა. გვეუბნება, რომ დადებითი ამბები ხდება, მაგრამ რასაც ვუყურებ, წინსვლა არც ქვეყანას ეტყობა და არც - მთავრობის მუშაობას.

ვერც იმას მოვუწონებ, რომ ასე აძაგებს პრეზიდენტ მარგველაშვილს. ამბობს, თავის დროზე რომ გაეცნო და მისი ბიოგრაფია კარგად შეესწავალა, უკეთესი იქნებოდა, - ესეც არასწორია. ადამიანს როცა პრეზიდენტად წარადგენ, რომელიც ქვეყნის მმართველი უნდა იყოს, მასზე მერე ასე თქმა არ შეიძლება, არც ის, რომ შევცდი და შეუცდომელი არავინააო. ადამიანები, რომლებიც მთავრობაში არ ვართ, შეიძლება შევცდეთ, მაგრამ ქვეყნის მთავარსარდლის არჩევაში შეცდომა, ცოტა უცნაურია.

მერე, "რუსთავი 2"-თან მდგომარეობის მოგვარება ნუთუ სხვანაირად არ შეიძლებოდა, რომ სიტუაცია ასე არ დაძაბულიყო?! გინდაც იქ მმართველობა შეიცვალოს, ტელევიზიის მომუშავე პერსონალი არ უნდა დაზარალდეს, პრობლემა არ უნდა შეექმნას.

რომ ამბობს, ჭარბი ნდობა მაქვს საზოგადოებაშიო, დამიჯერეთ, ორჯერ ვუყურე მის ინტერვიუს და ვიტყვი, რომ ამის არ მჯერა. შეუძლებელია, საქართველოში ვინც ცოტა ნორმალურად აზროვნებს, კიდევ ფიქრობდეს, რომ ბიძინა ივანიშვილს დაუჭერს მხარს. შეიძლება ვიღაც პიროვნულად მხარს უჭერდეს, მაგრამ იმ მთავრობას, ვინც ახლა სათავეშია და ვინც მან მოიყვანა, - არა.

ვაჟა, მძღოლი, 29 წლის:

- რეალობას ვერ აღიქვამს და ეგ არის. "ნაციონალების" დანაშაული რაც იყო, ესეც იმავეს იმეორებს, - ვერ ხედავს პრობლემებს და ჰგონია, რომ ყველაფერი კარგად არის. ეს არის ჩემი აზრი. რჩევის მიცემაც რომ მინდოდეს, უკვე დაგვიანებულია, აზრი არ აქვს.

ბექა, ხელოსანი, 26 წლის:

- ჩემი აზრით, რეალურად საუბრობდა, ზედმეტს არაფერს ამატებდა და არ იტყუებოდა, - ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. დიახ, იყო გულწრფელი და რამდენჯერმე გაიმეორა ფრაზა, - გამოვიდეთ რეალობიდან, ანუ დღევანდელ რეალობაზე ილაპარაკა და არა ისე, წინა ხელისუფლება რომ "გვაბოლებდა", რაღაცებს აბუქებდა, ამატებდა. მათთან რა იყო მოსაწონი?!

მოკლედ, ჯობია ჩვენი ცუდი გავითავისოთ და გამოვასწოროთ, ვიდრე რაღაც ვიოცნებოთ და არაფერი გავაკეთოთ. ბოლოს მის ფრაზას გავიმეორებ - გამოვიდეთ რეალობიდან!…

დათო, მუსიკოსი, 35 წლის:

- საერთოდ მომეჩვენა, რომ ცოტა ანერვიულებული იყო, სახეზე ეტყობოდა, რომ ისეთ კარგ ხასიათზე არ გახლდათ, როგორც ადრე ყოფილა, ანუ რაღაც აწუხებს. ვფიქრობ, იცის, რომ აღარ აქვს ისეთი ჭარბი ნდობა, არადა, ამბობს, რომ ჭარბი ნდობა აქვს.

თქვა, რომ შვეიცარია ვერ გავხდებით, - ეს ისეც ვიცოდით, რომ სამ წელიწადში შეიცარია ვერ გავხდებოდით, უბრალოდ, თვითონ იძლეოდა საოცარ დაპირებებს. შვეიცარია კი არა, რაღაც სასწაულები შემოგვთავაზა, ხალხს საოცრებებს დაჰპირდა.

ფაქტი ის არის, რომ ქვეყანის ეკონომიკაში ყველაფერი უკან წავიდა. ისიც არასწორია, როდესაც პრეზიდენტს ასე იხსენიებს, - დაუკითხავად შევიდა იმ შენობაშიო. დაუკითხავად შევიდა, რას ნიშნავს? ვისთვის უნდა ეკითხა? არადა, ამის პარალელურად აღნიშნავს, რომ არანაირი გავლენა არ აქვს მთავრობაზე, არაფორმალურად არ მართავს ქვეყანას, მაგრამ მერე რასაც ლაპარაკობს, ყველაფრით ადასტურებს, რომ ერთპიროვნული მმართველია, ანუ მისთვის უნდა ეკითხა მარგველაშვილს იქ რომ შესულიყო.

მარი, პედაგოგი, 45 წლის:

- ვეთანხმები ბატონ ბიძინას და მჯერა მისი. ნამდვილად არ მინდა, "ნაციონალების" ამ ქვეყანაში დაბრუნება, იმ საშინელებაში მეორედ მოხვდრა... მჯერა, რომ მას მართლაც გულით უყვარს თავისი ქვეყანა და მისთვის ყველაფერს აკეთებს.

მარინა, მხატვარი, 32 წლის:

- როგორც მოქალაქეს მეგონა, რომ საზოგადოების წინაშე ქვეყანაში მიმდნარე მოვლენებზე საუბრისას ცოტა შეცვლილი აზრებით წარდგებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ზუსტად იმავეს იმეორებს, რასაც მანამდე, მისი რიტორიკა იყო იგივე, რაც ბოლო გამოსვლისას, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. რომ ეკონომიკური კრიზისი, ლარის გაუფასურება ისევ გარე ფაქტორების ბრალია. მის შთაბეჭდილებებში არაფერი შეცვლილა, ყველაფერი ისევეა, როგორც რამდენიმე თვის წინ. რაც ძალიან ცუდია.

ეს ადამიანი ისევ ფიქრობს, რომ ხალხში აქვს ჭარბი ნდობა, რომ ხალხი მიჰყვება, საითაც წავა. ამას მხოლოდ კი არ ფიქრობს, დარწმუნებულია და ვერც კი წარმოუდგენია, რომ ასე არ არის. მგონია, რომ მისი გამოსვლა ღია ტყუილი იყო.

ისიც ყურადსაღები ფაქტი იყო, რომ ეგონა, ქვეყანაში 60 ქარხანა იყო და მხოლოდ ინტერვიუს დღეს შეიტყო, 139 ქარხნის არსებობის შესახებ, რომელთა დასათვალიერებლად სწორედ იმ დღეს წავიდა. უცნაურია, რომ მანამდე არ დაინტერესებულა ამ საკითხით. ჩემთვის ასეთი დამოკიდებულება იყო საკმაოდ აგდებული ადამიანისგან, რომელიც ფიქრობს, ჭარბი ნდობა აქვს და საზოგადოება უნდა წაჰყვეს. არადა, არ იცის, რა ხდება თუნდაც იგივე ქარხნების რაოდენობის მხრივ და აქაც კიდევ ერთხელ მოგვატყუა, რადგანაც არ მგონია, რომ ამდენი ქარხანა არსებობს ქვეყანაში.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ყველაზე საინტერესო მომენტები ივანიშვილის

ინტერვიუდან თეგზე #ივანიშვილის შაბათის ქრონიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."