გაუფასურებული ლარის შემდეგ მოსახლეობის მორიგი სერიოზული პრობლემა 3-4 თეთრით გაზრდილი დენის ტარიფია, რომელიც სულ მალე თითოეული ოჯახის ბიუჯეტზე აისახება. როგორც სპეციალისტები ამბობენ, გაძვირებული დენი დიდად არ აისახება გადასახადებზე, თუმცა გაზრდილი დენის ტარიფი შესაძლოა აისახოს სამომხმარებლო პროდუქტებზე, იმაზე, რასაც ელექტროენერგიის წყარო სჭირდება.
მიუხედავად იმისა, რომ პურის ფასი ჯერ არ გაზრდილა და როგორც მთავრობა ამბობს, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გამო პურის ფასის მატებაზე საუბარი ნაადრევია, სამომხმარებლო ფასები 5%-ით გაიზარდა, რაც ბევრი ოჯახისთვის მაინც არის პრობლემა.
"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსის, ზურა კუკულაძის თქმით, დენის ტარიფისგან განსხვავებით, ბუნებრივი აირის გაძვირება მოსალოდნელი არ არის, ამასთან, როგორც ის ამბობს, წინა წლებთან შედარებით საწვავი გაიაფდა და "ეს გარკვეულწილად ერთმანეთს დააბალანსებს".
"წინა წლებთან შედარებით ეს ზამთარი ოდნავ ძვირი იქნება, თუმცა პრინციპში ესეც იყო მოსალოდნელი, რადგან ქვეყანაში ოფიციალური ინფლაცია უკვე 5,1%-ია, ანუ როგორც მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა წინა წლის ბიუჯეტით დაგეგმა, ფასების ზრდაც ზუსტად ისე მოხდა, ანუ პროდუქტებზე ფასებმა 5%-ით მოიმატა", - ამბობს ანალიტიკოსი. მისი თქმით, სამომხმარებლო პროდუქტის ფასების გაძვირებაზე მეტად გაცილებით დიდი სოციალური პრობლემა ეროვნული ვალუტის ვარდნაა და ეს არ არის მხოლოდ წინასაახალწლო ან ზამთრის პერიოდის პრობლემა.
"არა მარტო ზამთარში, ზოგადად ცხოვრება უკვე არის უფრო მძიმე, ვინაიდან ეროვნული ვალუტა 30%-ზე ცოტა მეტით გაუფასურდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოვრება გაურთულდება იმ ადამიანებს, ვისაც ბანკებთან ვალდებულება აქვთ დოლარში, ასეთი დღეს პრაქტიკულად ყველა ოჯახია.
თუ ადამიანს შემოსავალი აქვს ლარში, ბანკთან კი ვალდებულება დოლარში, ბუნებრივია, მისი ბიუჯეტი უფრო მეტად დაიხარჯება ვალდებულების დაფარვაზე და სამომხმარებლო პროდუქტის შეძენაზე გაცილებით ნაკლები თანხა დარჩება, შესაბამისად, მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის", - ამბობს ზურა კუკულაძე.
ანალიტიკოს კითხვა ლარის კურსთან დაკავშირებითაც დავუსვით, თუ როგორია მისი პროგნოზი და რამდენად რეალურია ლარის კურსის სერიოზული გამყარება. ის ამბობს, რომ მისი პროგნოზი პოზიტიურია იქიდან გამომდინარე, რომ ლარის გაუფასურება ძირითადად ეროვნული ბანკის პოლიტიკაზეა დამოკიდებული.
მისი თქმით, თუ ეროვნული ბანკის პოლიტიკა შეიცვლება ან დაბალანსდება და ეს უკანასკნელი "აღარ გააგრძელებს იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკას, რასაც ატარებდა, ლარი აუცილებლად გამყარდება".
"ეკონომიკური მოცემულობები ლარისთვის ძალიან სასარგებლოდ იცვლება, ანუ ზოგადად რომ შევხედოთ, რისგან დგება ლარის კურსი? ეს არის დოლარის და ლარის ერთმანეთთან მიმართება, ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკაში ლარის მოცულობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მილიარდზე მეტი ლარით გაზარდა, ამას კიდევ დააწვა ობიექტური ფაქტორები - ეს არის ფულადი გადმორიცხვები და ექსპორტიდან შემოსული თანხების შემცირება.
ბუნებრივია, ლარი უნდა გაუფასურებულიყო, მაგრამ 2.40-ზე ლარის კურსი ნამდვილად არ უნდა იყოს. ვფიქრობ, ეროვნული ვალუტა მალე გამყარდება იმიტომ, რომ ელემენტარულად ეკონომიკის მდგომარეობა ლარის სასარგებლოდ გაცილებით უკეთესია, ვიდრე არსებული მდგომარეობა", - ამბობს ზურა კუკულაძე.
თეა ბეჟიტაშვილი
AMBEBI.GE
ფოტომონტაჟში გამოყენებულია LUI PHOTPGRAPHY-ს ფოტო