კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მედიაკავშირ ,,ობიექტივის“ ეთერში წამების ამსახველი კადრების გავრცელების შესწავლა დაიწყო. ამ ფაქტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გამოხატეს თავიანთი პოზიცია და ისინი ,,ობიექტივს“ კანონმდებლობასა და მედიის სტანდარტებზე მიუთითებენ.
მედიაკავშირმა ,,ობიექტივმა“ წამების ამსახველი კადრების ეთერში გაშვება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, უმძიმესი კადრები ეთერში ღამის გარდა, დღისითაც ხვდება.
ფაქტთან დაკავშირებით, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ოფიციალური განცხადება უკვე გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: ,,ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში რამდენიმე დღეა გადის წამების ამსახველი ვიდეო მასალა. აღნიშნული ვიდეომასალა ტელეკომპანიის ეთერში განთავსებულია რეკლამის ფორმატში, პერიოდული განმეორებითი ჩვენების სახით. იმ ფორმით, რაც შესაძლებელს ხდის მსხვერპლის იდენტიფიცირებას.
მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია მედიის მხრიდან აღნიშნული კადრების ამ ფორმით ჩვენება. ვინაიდან ეს არღვევს მსხვერპლის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და შესაძლოა, მძიმე ფსიქოლოგიური შედეგის მომტანი იყოს, როგორც თავად მსხვერპლთა, ასევე მათი ოჯახის წევრებისა და ფართო საზოგადოებისთვის. ამასთან, კადრები შესაძლოა იოლად ხელმისაწვდომი გახდეს არასრულწლოვანთათვის.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი პირდაპირ უკრძალავს მაუწყებელს ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი მასალის გავრცელებას, რომელიც შეიცავს უხამსობას. აღნიშნულით ტელეკომპანია „ობიექტივი“ არღვევს მაუწყებლის ეთიკის წესებს.“
კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, რომ ორგანიზაცია უკვე სწავლობს აღნიშნულ საკითხს, მოგვიანებით დასკვნა წარედგინება მაუწყებლობის კომისიის წევრებს. ამის შემდეგ კი კომისიის შეჯერებული პოზიცია საჯაროდ გახდება ცნობილი.
როგორც მედიაკავშირ ,,ობიექტივის“ გადაცემათა პროდიუსერი ილია ჩაჩიბაია AMBEBI.GE-სთან ამბობს, მიუხედავად საჩივრებისა, კადრების ეთერში გაშვება გაგრძელდება და ტელეკომპანია საკუთარ უფლებებს სასამართლოში დაიცავს.
"ობიექტივის წამყვანებმა და წარმომადგენლებმა ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღეთ კადრების ეთერში გაშვების გადაწყვეტილება, რაც ჩვენთვისაც საკმაოდ რთული იყო. განვიცდით, რომ ეს კადრები საერთოდ არსებობს და ასეთი მძიმე ფაქტები ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, მაგრამ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ როგორც ჟურნალისტები ვალდებულები ვართ მივაწოდოთ ინფორმაცია მაყურებელსა და მსმენელს, ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას მათ წინაშე.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ კადრებში არ ჩანს უხერხული მომენტები. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ დაგვეფარა ამ ვიდეოებში ასახული ყველა უხერხულობა, უმეტეს შემთხვევაში, ეს მოვახერხეთ კიდეც, მაგრამ რაღაც ფრაგმენტები, რომელთა გარეშეც შეუძლებელი იყო კადრის აღქმა, დარჩა. მაყურებელს კადრების ეთერში გასვლამდე ერთი და უფრო მეტი წუთით ადრე ვაფრთხილებთ, რათა სუსტი გულისა და ფსიქიკის მქონე ადამიანები, ასევე არასრულწლოვნები გაერიდონ ტელე-ეკრანებს.
ეს კადრები არ შეიცავს პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას, ისინი ასახავენ სისტემურ დანაშაულს, აქ ჩანს თუ როგორ იქცეოდა ნაციონალური მოძრაობა ცხრა წლის განმავლობაში და სწორედ ეს კადრები ამხელს მათ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ საჩივრის მიუხედავად, ჩვენ პირველ ადგილს ვუთმობთ საზოგადოებას, ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს, ასე რომ, ამ კადრების ეთერში გაშვება გაგრძელდება. ჩვენი მაყურებლის პოზიცია არის დადებითი და ისინი სოლიდარობას გვიცხადებენ, აქვე დავამატებ, რომ ამ კადრების ჩვენება იწყება ძირითადად ღამის ეთერში, პირველის ხუთ წუთზე. დღის მანძილზე გავიდა სულ რამდენჯერმე და ისიც იქიდან გამომდინარე, რომ ობიექტივში გადაცემის დაგეგმარების პოლიტიკას ჩვენ არ ვაკონტროლებთ და არ ვერევით მოწვეული წამყვანების სარედაქციო პოლიტიკაში.
დღეს მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა მაყურებლების ზარები, ისინი აღშფოთებულები არიან იმით, რომ ,,ობიექტივს“ უჩივის იდენტობა და სხვა ისეთი ორგანიზაციები, რომლებზეც ჩვენი საფუძვლიანი ეჭვებით, პირდაპირ თუ ირიბად გარიგებულები არიან სააკაშვილის ხელისუფლებასთან.
არავის არ უნდა იფიქროს, რომ კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ ამ საქმის შესწავლა თავისი ინიციატივით დაიწყო. ეს მოხდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვის საფუძველზე. ალბათ, ჩაინიშნება სხდომა, სადაც ობიექტივის ადვოკატებიც აუცილებლად მივლენ, ჩვენ დავიცავთ ჩვენს უფლებებს, სიტყვის თავისუფლებას“, -აღნიშნა ილია ჩაჩიბაიამ.
ქრისტინე გამთენაძე
AMBEBI.GE