"როცა გაიგო, რაც მჭირდა, მიმატოვა" - c ჰეპატიტით დაავადებული ბიჭის ამბავი

"როცა გაიგო, რაც მჭირდა, მიმატოვა" - c ჰეპატიტით დაავადებული ბიჭის ამბავი

"მე თოლია ვარ. კი, ნამდვილად ასე მქვია და ვაღიარებ, ბევრს აკვირვებს ჩემი სახელი. მინდა, ჩემს გოგოს თქვენი მეშვეობით კიდევ ერთხელ, სიყვარულში გამოვუტყდე. იცის, რომ მიყვარს. მასაც მოვწონვარ, მაგრამ ჩემთან ურთიერთობისგან თავს იკავებს ერთი მნიშვნელოვანი ამბის გამო: მე ჩ ჰეპატიტი მაქვს. ვიცი, ძნელია ავადმყოფის გვერდით ცხოვრება, მაგრამ ეს დაავადება ხომ განუკურნებელიც არ არის? მაიკო, მომეცი ძალა იმისთვის, რომ გამოჯანმრთელებაზე დავიწყო ფიქრი და მშობლებს ექიმთან გავყვე. მარტო არაფერი მინდა, შენთან ერთად კი ნემსის ჩხვლეტასაც გავუძლებ და იმედი მაქვს, მთებსაც შევძრავ. გთხოვ, დამეხმარე და ნურც საკუთარ გულისთქმას ეტყვი - არას. ვიცი, ისევ გიყვარვარ!"

თოლიას გამოგზავნილმა წერილმა გული მატკინა და ალბათ, არც თქვენ, ჟურნალის ერთგულ მკითხველს დაგტოვებდათ გულგრილს. არ შემეძლო, ეს წერილი უბრალოდ დამებეჭდა, ამიტომ ბიჭს დავურეკე და ვთხოვე, უფრო მეტი რამ ეამბა საკუთარ თავზე, შეყვარებულზე...

- მადლობა, რომ დამიკავშირდით. ვიცი, ჟურნალში წერილების გაგზავნა მოძველებული ფორმაა, მაგრამ ხომ იცით, ზოგჯერ ესეც ამართლებს. მაგალითად, სულ მაქვს სურვილი, ვინმემ მესიჯის ნაცვლად, წერილი გამომიგზავნოს. კართან დატოვებულ, გაზეთში გახვეულ წერილს რომ გახსნი და წაიკითხავ, ამას ალბათ, სულ სხვა მუღამი აქვს. ასეა ახლაც და შეიძლება, ჟურნალი არ იყიდოს, მაგრამ თუ "გზაში" ჩემი წერილი დაიბეჭდება, ყველანაირად ვიზრუნებ, რომ ის ჩემი საყვარელი ადამიანის ხელში მოხვდეს. ჰოდა, ამან იქნებ, კიდევ ერთხელ დააფიქროს და მიხვდეს, არასწორად მექცევა. ჩემს ნაცვლად ის რომ ყოფილიყო ავად (ღმერთმა დაიფაროს ამისგან, ცუდად ყოფნას ნამდვილად არ ვუსურვებ), ყველაფერს გეფიცებით, არ მივატოვებდი. შევეცდებოდი, ყოველთვის მის გვერდით ვყოფილიყავი. არ ვარ ეგოისტი. ნამდვილად არ მინდა, ჩემ გამო ვინმემ ცუდად, რამეში დამნაშავედ იგრძნოს თავი, მაგრამ უკვე მართლა არ შემიძლია ამ გოგოს გარეშე არსებობა! რომ ვიცოდე, არ ვუყვარვარ, შევეშვებოდი, მაგრამ ვიცი, ჩემ მიმართ აქვს გრძნობები და ამ გრძნობებს თოკავს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რაც მაცოფებს!

- ერთმანეთს დიდი ხანია, იცნობთ?

- კი, დიდი ხანია. მეოთხე კლასში ვიყავი, როცა ჩემს უბანში გადმოვიდა. ჩემი და მისი მშობლები მალევე დამეგობრდნენ. მერე, როცა სკოლაში მივდიოდი, ზოგჯერ მაიკოს მაყოლებდნენ, - ხელი არ გაუშვა, კლასში შეიყვანეო. თავიდან მეზარებოდა ამ გოგონას პატრონობა და ერთი სული მქონდა, თავიდან როდის მოვიშორებდი. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ სკოლაში წასვლისას ამ "ტვირთისგან" თავი დამეხსნა და დედამისს ვეპარებოდი ხოლმე. მერე მსაყვედურობდნენ, - რატომ არ წაიყვანეო? მეც, თავს ვიმართლებდი: დამრჩა-მეთქი (იღიმის).

- როდის მიხვდი, რომ მის გვერდით სიარული შენთვის ტვირთი არ იყო?

- ეს მოგვიანებით მოხდა ანუ მაშინ, როცა წამოვიზარდე და მივხვდი, რომ გოგოს გვერდით სიარული არ "ტეხავდა". პირიქით, მაიკოს მეშვეობით, მთელი მისი კლასი გავიცანი. დაბალკლასელ გოგონებს მოვწონდი და ამით ვამაყობდი. ბევრი მაიკოს მეგობარი დამდევდა უკან და მერე ამაზე ორივე მაგრად ვხალისობდით. სკოლა რომ დავამთავრე და სტუდენტი გავხდი, სწორედ მაშინ გავაანალიზე, რომ რაღაც მაკლდა და ეს რაღაც მის გვერდით სიარული,

მასთან ერთად დღის გატარება იყო... ერთხელაც, სიყვარულში გამოვუტყდი და თავადაც აღიარა: დიდი ხანია, მიყვარხარ, მაგრამ ამას ვერ გეუბნებოდი. "გულზე ვსკდებოდი", როცა ჩემი კლასელები გეპრანჭებოდნენო.

- მაშინ არ იცოდი, ავად რომ იყავი?

- არა, არ ვიცოდი... მოკლედ, არავისთვის დამიმალავს, შეყვარებული რომ ვიყავი და ეს მშობლებსაც ვუთხარი. ვინაიდან ჩემები მის დედ-მამასთან მეგობრობდნენ, დამალვას აზრი არ ჰქონდა და მამამისსაც დაველაპარაკე: საწინააღმდეგო ხომ არაფერი გექნებათ, თუ მაიკოზე ვიზრუნებ-მეთქი? - არა, სიძე, შე ძველო, პირიქით, ძალიან გამიხარდება, თუ ერთად იქნებითო. მოკლედ, "დაბრო" მქონდა ყველა მხრიდან. დაახლოებით 4 თვე ყველაფერი მაგრად იყო. მერე გავცივდი. თავიდან შინაურული მეთოდებით ვმკურნალობდი, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ გამირთულდა, ვიკადრე ექიმთან მისვლა. გაირკვა, რომ იმუნიტეტი დამიქვეითდა. ანალიზები ამიღეს, რაღაცები იეჭვეს და საბოლოოდ, ჩ ჰეპატიტი დამიდგინეს. ეს ჩემთვის თავზე ცის ჩამომხობის ტოლფასი იყო. თითქოს, მეხი გავარდა და მე დამეცა.

- და მაიკომაც მაშინვე გკრა ხელი?

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია