რა ფუნქცია აქვთ დღეს მრჩევლებს და რამდენია მათი ანაზღაურება - ყოფილი მრჩევლების გულახდილი პასუხები

რა ფუნქცია აქვთ დღეს მრჩევლებს და რამდენია მათი ანაზღაურება - ყოფილი მრჩევლების გულახდილი პასუხები

პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები თუ სხვა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელები თავიანთი უფლებამოსილების შესრულებისას რჩევებს მრჩევლებისგან იღებენ. მინისტრებსა და სხვა თანამდებობის პირებს მინიმუმ 2-3 მრჩეველი მაინც ჰყავთ.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ჩაატარა კვლევა იმის შესახებ, თუ როგორია მრჩევლების სამუშაო გამოცდილება, რა მოვალეობები აკისრიათ და რამდენია მათი შრომითი ანაზღაურება.

"კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში არ არსებობს ერთიანი სტანდარტი, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ მრჩეველთა ფუნქცია-მოვალეობების განსასაზღვრად.

მინისტრის/მინისტრის მოადგილის მრჩევლის სამუშაო აღწერილობების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ რიგ სამინისტროებში მინისტრის მრჩეველს იგივე ფუნქცია აკისრია, რის შესასრულებლადაც ამავე უწყებაში ცალკე დეპარტამენტია შექმნილი.

მრჩევლები ზოგიერთ სამინისტროში თანაშემწის მოვალეობას ასრულებენ ან მათი ფუნქციები გადაზრდილია ტექნიკური პერსონალის ფუნქციებში, რაც საჯარო დაწესებულების რესურსების არაეფექტურ გამოყენებაზე მიანიშნებს", - წერია IDFI-ს კვლევაში.

იმის გასარკვევად, თუ რა ფუნქცია-მოვალეობები აკისრიათ მაღალი თანამდებობის პირების მრჩევლებს, AMBEBI.GE ყოფილ მრჩევლებს ესაუბრა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩევლის, გია ხუხაშვილის თქმით, დღეს მრჩევლის ინსტიტუტმა საპენსიო სამსახურის სახელი შეიძინა და ზუსტად განსაზღვრული არ არის, თუ რა ევალებათ მათ.

"პირველ რიგში, მრჩეველი იმ დარგში უნდა იყოს პროფესიონალი, რაშიც საქმიანობს. მისი ფასეულობა იმაში გახლავთ, რომ ის არის დისტანცირებული კონკრეტულად მენეჯმენტიდან და როგორც წესი, თავის ხელმძღვანელს ბიუროკრატიიდან განსხვავებულ, ალტერნატიულ ხედვას სთავაზობს. სწორედ ამაშია მისი ფასეულობა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელმძღვანელს ჰქონდეს ობიექტური გადაწყვეტილების მიღების საშუალება.

ჩემი აზრით, მრჩევლის მთავარი ფუნქცია სწორედ ეს არის, მაგრამ საქართველოში ამ ინსტიტუტის აბსოლუტური პროფანაცია მოხდა და დღეს მრჩევლობამ საპენსიო სამსახურის სახელი შეიძინა და ადამიანები აბსოლუტურად გაუგებარ პოზიციებში ხვდებიან. ხშირ შემთხვევაში არ ესმით, თუ რაში სჭირდებათ მრჩევლები, უმეტესწილად ეს თანამდებობა ან საპენსიოა ან ფარული გავლენის საშუალება".

ხუხაშვილის თქმით, როდესაც ის ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი იყო, მის დროსაც არ ხდებოდა თემების იდენტიფიცირება.

"ეს ჩემი მინუსია და გულახდილად ვამბობ, შესაბამისად ჩემი ადგილიც ცოტა ბუნდოვანი იყო და ამას ხშირად აღნიშნავდნენ".

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ვანო მაჭავარიანის თქმით, თუ მრჩეველი არის მხოლოდ და მხოლოდ დასაქმების საშუალება, სადაც თანამდებობიდან წასულ პირებს ხელფასს პენსიის სახით აძლევენ და კონკრეტული შედეგი არ დევს, "მაშინ უნდა იკითხოთ, რა კონკრეტულ საქმიანობას ემსახურება კონკრეტული მრჩეველი და რა შედეგებს დებს".

"არსებობს გამოთქმა, რომ თუ ყველაფრის მრჩეველი ხარ, ე.ი მუშაობ არაფერზე. ამიტომ ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული მრჩევლის ფუნქცია. სხვა შემთხვევაში კი, ეს არის დასაქმების და ტყუილი ხარჯის გაღების ერთ-ერთი მანკიერი პრაქტიკა", - ამბობს ვანო მაჭავარიანი.

AMBEBI.GE იმითაც დაინტერესდა, ისტორიულად, როდიდან დამკვიდრდა მრჩეველის ინსტიტუტი ქართულ პოლიტიკაში. ისტორიკოს მიხეილ ბახტაძის თქმით, ქვეყნის ისტორიაში მრჩევლის ინსტიტუტი, როგორც ასეთი, არ არსებობდა. მეფეები დარბაზის მოწვევით წყვეტდნენ ყველა საკითხს, იქ კი მრჩევლების როლში ვაზირები იყვნენ.

"ერთიანი საქართველოს დროს მეფე ეთათბირებოდა თავის ვაზირებს, ანუ მინისტრებს, და თუ რაღაც მნიშვნელოვანი საკითხი იყო გადასაწყვეტი, მოიწვევდნენ დარბაზის სხდომას, რომელიც უფრო გაფართოებული იყო და ესწრებოდნენ სასულიერო პირები, საერო თანამდებობის პირები და ფეოდალები.

ოფიციალური არა მაგრამ, არაოფიციალურად მეფეს ჰყავდა ახლო პირი, რომელიც რჩევას აძლევდა ამ უკანასკნელს. მაგალითად, დავით აღმაშენებლის შემთხვევაში ეს არის გიორგი ჭყონდიდელი, მაგრამ გიორგი ჭყონდიდელი იყო მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, ანუ ფაქტობრივად, პრემიერ-მინისტრი.

თამარ მეფის მეფობის დასაწყისში მრჩევლის როლში იყო მისი მამა, გიორგი მესამე".

ისტორიკოსის თქმით, დღეს არსებული მრჩევლის ინსტიტუტი ზედმეტი დატვირთვაა და ამ ფუნქციის შესრულება მინისტრებისა და მათი მოადგილეების ვალდებულებაა.

"პრემიერმა ან პრეზიდენტმა ყველა მიმართულება არ იცის და სწორედ იმიტომ არსებობს მინისტრი, რომ მას ჰკითხოს რჩევა. კარგია, რომ რჩევას ვიღაცას ეკითხებიან, მაგრამ ამისათვის ცალკე მიმართულება რა საჭიროა?", - ამბობს ისტორიკოსი.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."