მთავრობა რუსული გაზის იმპორტის პარალელურად, ირანული გაზის დაბევებაზეც იწყებს ფიქრს. რამდენად საინტერესოა ირანისთვის საქართველოს ბაზარი, ეს სხვა საკითხია, თანაც, ირანული გაზის საქართველოში ტრანსპორტირებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურაც არ არის. საბოლოოდ, ყველაფერი მაინც ბუნებრივი აირის ფასს უკავშირდება. ამჟამად 1000 კბ/მ აზერბაიჯანული (კომერციული) გაზის ფასი 240 დოლარია, რუსულის- 200 დოლარი, ხოლო ირანულის - 400 დოლარი.
როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მთავრობა ამტკიცებს, რომ ბაზრის დივერსიფიცირებისთვის მარტო რუსულ გაზზე არ კეთდება აქცენტი და ისინი მოლაპარაკებებს გამართავენ ირანთანაც. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ნოემბრის შუა რიცხვებში ირანში ვიზიტს გეგმავს და ამბობს, რომ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენად შესაძლებელი იქნება ირანული აირის იმპორტი. "თქვენ იცით, რომ დღეისთვის ამ ქვეყანასთან არის განსხვავებული მიდგომა. ის რესურსი, რომელიც ირანს გააჩნია, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ უახლოეს მომავალში, ნოემბრის შუა რიცხვებში, ვგეგმავთ მოლაპარაკებას. მაშინ გამოჩნდება, რამდენად შესაძლებელია ბუნებრივი აირის იმპორტი", - განაცხადა კალაძემ.
ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი კი ამბობს, რომ პირადად არის ჩართული ირანიდან გაზის შემოტანის საკითხში. იგი "გაზპრომთან" მოლაპარაკებაში ცუდს ვერაფერს ხედავს, ვინაიდან ბიზნესმენებს უფრო მეტი არჩევანის შესაძლებლობა ექნებათ. "ჩვენ ბიზნესს უნდა მივცეთ უფლება, რომ გაზი სადაც მოესურვებათ, იქ იყიდონ. თუკი ბაზარი ქნება თავისუფალი, ამაში ცუდი არაფერია. ჩვენ უნდა გვქონდეს არჩევის საშუალება, ვცდილობთ და მეც ვაქტიურობ, რომ ირანული გაზიც შემოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზე," - განაცხადა ივანიშვილმა.
ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, ჯერჯერობით "გაზპრომთან" დეტალები შეთანხმებული არ არის. სავარაუდოდ, რუსულ ენერგოგიგანტთან შეთანხმება წლის ბოლომდე მოხერხდება. "კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა შედგა იტალიაში. ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის. ისევ მიმდინარეობს მოლაპარაკება. საუბარია ტრანზიტის მოცულობის გაზრდაზე. შესაბამისად, ჩვენ გვინდა მეტი შემოსავალი მივიღოთ და დამატებით მივცეთ შესაძლებლობა კომერციულ სტრუქტურებს, შემოიტანონ ბუნებრივი აირი საქართველოს გავლით", - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.