ქვეყანაში პოლიტიკური წარსულის მქონე პატიმრების ყოფნა აპრიორი არ გულისხმობს, რომ ისინი არიან პოლიტპატიმრები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას მიერ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
"არის თუ არა აპრიორი პოლიტიკური პატიმრობა იმ ადამიანის პატიმრობაში ყოფნა, რომელსაც ჰქონდა და აქვს პოლიტიკური სტატუსი, ან პოლიტიკური წონა? - მოგახსენებთ რომ არა. კანონის უზენაესობა სწორედ იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური წონის, თანამდებობის, ფინანსური შესაძლებლობის ადამიანი თუ ასეთ პრივილეგიებს მოკლებული თუნდაც რიგითი მოქალაქე, ერთი ღირებულებით, ერთნაირად აგებს პასუხს კანონის წინაშე. შესაბამისად, როდესაც ქვეყანაში არიან პატიმრები, რომლებსაც ჰქონათ, აქვთ პოლიტიკური წარსული, მაგრამ ამავე დროს მათ მიმართ არის სისხლის სამართლებრივი დევნა, ეს აპიორი არ გულისხმობს, რომ ისინი არიან პოლიტპატიმრები. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეთი შემთხვევები ცნობილი არ არის", - განაცხადა პრეზიდეტმა.
რაც შეეხება რურუას შეკითხვის იმ ნაწილს, რომელიც ქვეყნის პირველი პირის მიერ '"პოლიტპატიმრების შეწყალების შესაძლებლობას" ეხება, გიორგი მარგველაშვილმა განმარტა, რომ "ეს კომპონენტი არანაირ კავშირში არ არის საქმის პოლიტიკურ შემადგენლობასთან".
"ახლა რაც შეეხება შეწყალების რესურსს - შეწყალების კომისია მოქმედებს სრულიად აპოლიტიკურად. შეწყალების და ლმობიერების გამოვლენა არანაირად არ არის დამოკიდებული ამა თუ იმ საქმის პოლიტიკურ შემადგენელთან. შეწყალების კომისია მოქმედებს მაშინ, როდესაც ადამიანი მსჯავრდებულია, მეტიც, დამნაშავეა, მაგრამ არსებობს ფაქტორები სახელმწიფომ მას შეუმსუბუქოს მის მიმართ კანონიერი და ძალაში შესული მსჯავრი. ეს არის ის ლმობიერი სახე სახელმწიფოსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რომ არსებობეს. მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ეს კომპონენტი არანაირ კავშირში არ არის პოლიტიკურ შემადგენელთან და არ გულისხმობს არც სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილებების გამოსწორებას, რადგან ეს თვითონ სასამართლოს გამოსასწორებელია და არ გულისხმობს არც პოლიტიკური პროცესების დაბალანსებას", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.