ინტერნეტბაზარზე მონოპოლიური გარიგება ჩაიშალა

ინტერნეტბაზარზე მონოპოლიური გარიგება ჩაიშალა

"სილქნეტი" და "კავკასუს ონლაინი" ვეღარ გაერთიანდებიან. კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ მათი შერწყმის საკითხი დროებით შეაჩერა. "კავკასუს ონლაინისა" და "მაგთიკომის" შესაძლო გაერთიანებაზე კი მარეგულირებელი კომისია 5 ნოემბერს იმსჯელებს, აღნიშნულ საკითხზე ზეპირი მოსმენა სწორედ ამ დღეს გაიმართება.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს "კავკასუს ონლაინის" დამფუძნებლის მამია სანადირაძის ადვოკატი ციცინო დევრისაშვილი და იმედი აქვს, რომ "მაგთიკომის" შემთხვევაშიც კომისია ანალოგიურ პოზიციას დააფიქსირებს. კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ, ერთი მხრივ, "სილქნეტისა" და "კავკასუსის", მეორე მხრივ კი, "მაგთიკომისა" და "კავკასუსის" შესაძლო შერწყმასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება აგვისტოში დაიწყო. მაშინ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ამბობდნენ, რომ სამივე კომპანია - "მაგთიკომიც", "სილქნეტი" და "კავკასუს ონლაინიც" წარმოადგენენ მნიშვნელოვანი საბაზრო წილის მქონე კომპანიებს და ამიტომაც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

მარეგულირებელი კომისიის 11 აგვისტოს სხდომაზე ვადად განისაზღვრა სამი თვე და სხდომა 2015 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა. გამართულ სხდომაზე კი გაირკვა, რომ "სილქნეტისა" და "კავკასუს ონლაინის" შერწყმის საკითხი ამ ეტაპზე ჩაიშალა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანიების ერთობლივი განცხადება წილების შერწყმის თაობაზე განუხილველად დატოვა. მიზეზი კი, როგორც მარეგულირებელ კომისიაში განაცხადეს, ისაა, რომ "სილქნეტმა" და "კავკასუსმა" შესაბამისი დოკუმენტაცია შესაბამის ვადაში არ წარადგინეს, რისთვისაც მათ თითქმის 3 თვე ჰქონდათ. სხდომაზე "სილქნეტმა" და "კავკასუსმა" დოკუმენტაციის წარდგენისთვის დამატებით 2 კვირა მოითხოვეს, თუმცა კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მათ უარი უთხრა, რადგანაც ასეთ შემთხვევაში ვადაში თავად კომისია ვერ ეტეოდა.

გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით კომისიას კომპანიების შერწყმის შემთხვევაში ინტერნეტქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის ალბათობა უნდა შეესწავლა. ამის საფუძველზე კი, შემდეგ წინასწარი თანხმობის მიცემის ან არმიცემის თაობაზე იმსჯელებდა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია