რა ვითარებაში მიმდინარეობს შუალედური არჩევნები საქართველოში - უახლესი ცნობები საარჩევნო უბნებიდან

რა ვითარებაში მიმდინარეობს შუალედური არჩევნები საქართველოში - უახლესი ცნობები საარჩევნო უბნებიდან

უახლესი| ცესკო: ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ამომრჩევლები საარჩევნო უბანზე არასწორად მიდიან

საგარეჯოსა და მარტვილში დღეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება. პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარობისთვის საგარეჯოში "პატრიოტთა ალიანსიდან" ირმა ინაშვილი, "ქართული ოცნებიდან" თამარ ხიდაშელი, ასევე, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატები – ზურაბ ჯორბენაძე, მიხეილ ანდღულაძე და გიორგი დავითაია იბრძოლებენ. მარტვილში კი მხოლოდ ორი კანდიდატია რეგისტრირებული, კერძოდ, "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ეთერ მეძველია და "ქართული ოცნების" წარმომადგენელი სოსო დანელია.

მარტვილის მუნიციპალიტეტში საარჩევნო უბნები დილის 7 საათზე გაიხსნა, ხოლო კენჭისყრა დილის 8 საათზე დაიწყო. ოლქში სულ 39 უბანი ფუნქციონირებს.

მარტვილის მაჟორიტარობის კანდიდატის, ეთერ მეძველიას საარჩევნო შტაბში, მარტვილში საარჩევნო პროცესების უხეშ დარღვევებზე საუბრობენ.

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ადა მარშანია "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ მარტვილში ხმის მისაცემად მეზობელი რაიონებიდან ხალხი ჩამოჰყავთ. კერძოდ, "პატრიოტთა ალიანსის" შტაბის ინფორმაციით, მოქალაქეები ჩხოროწყუდან ჩამოიყვანეს. ადა მარშანიას შეფასებით, ეს კანონის უხეში დარღვევაა. მისივე ინფორმაციით, ხალხს ხმის მისაცემად თანხებსაც კი სთავაზობენ.

შუალედური არჩევნები მიმდინარეობს საგარეჯოშიც. ყველა უბანი დილის 08:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემა ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

საგარეჯოს ოლქში სულ 50 საარჩევნო უბანია გახსნილი. საპარლამენტო მანდატისთვის 6 კანდიდატი იბრძვის (ვიდეო: დაპირისპირება "პატრიოტთა ალიანსის" და "ოცნების" მხარდამჭერებს შორის)

გარდა პარლამენტის შუალედური არჩევნებისა, დღევე დმანისის, ვანის, ხობისა და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული სისტემით საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება.

ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათიდან გახსნილია და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, - ამის შესახებ დღეს ცესკო-ში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში იმართება, ხოლო საკრებულოს შუალედური არჩევნები დმანისის, ვანის, ხობის და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში.

ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საზოგადოებას შეახსენა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის შენობაში აგიტაცია იკრძალება.

"ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, კანონით იკრძალება კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება," - განაცხადა მიქელაძემ და ამომრჩევლებს კენჭისყრაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კონტაქტ-ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51, ასევე, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge). "მოქალაქეებს და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვაწოდონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია", - განაცხადა მიქელაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."