რას ფიქრობს სტალინის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟზე სტალინის შთამომავალი

რას ფიქრობს სტალინის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟზე სტალინის შთამომავალი

ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარე გოგი თოფაძემ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ გიორგი კანდელაკთან დებატებისას განაცხადა, რომ სტალინი მსოფლიო მნიშვნელობის ფიგურა იყო და მისი სურათი მალე ყველა კაბინეტში დაიკიდება [მეტი].

დეპუტატის ამ სიტყვებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მის ნათქვამს გამართლება ვერც გუნდის წევრებმა მოუძებნეს, ბიძინა ივანიშვილმა კი აღნიშნა, რომ "გოგი თოფაძე ახლა ასაკშია, 75 წელს გადააჭარბა და ზოგჯერ აქვს წამოცდენები".

AMBEBI.GE დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს ამ ყველაფერზე სტალინის შთამომავალი იაკობ ჯუღაშვილი, რომელსაც სასაუბროდ მოსკოვში დავუკავშირდით.

- სტალინის შესახებ დავა დღეს აღარ წარმოადგენს ისტორიულ დავას. ეს დავა ფასეულობებზეა, ამიტომ სანამ ვინმე დაკიდებს სტალინის სურათს, ან პირიქით - ჩამოხსნის, ჯერ გადაწყვიტოს, თუ რა არის კარგი და რა - ცუდი. მე პირადად მიმაჩნია, რომ სტალინიზმი ნიშნავს ოჯახის პრინციპით ცხოვრებას და არა ბაზრის... სტალინიზმი ნიშნავს იმას, როცა ჩვენ, საბჭოელები (ქართველები, რუსები და ასე შემდეგ) ვხდებით ზეადამიანები და როცა ყველაფერს ჩვენ თვითონ ვაღწევთ...

- საინტერესოა, ვინ იყო სტალინი მისი შთამომავლის აზრით...

- სტალინი კომუნისტი იყო და ამას ყველა აღიარებს - როგორც მოწინააღმდეგეები, ისე მომხრეები. მაგრამ ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ რა არის კომუნიზმი. ამჟამად ეს არის წმინდა მარქსისტული გაგება. ეს ძალიან დიდი შეცდომაა, რამაც მიიყვანა კიდეც საბჭოთა კავშირის კრახამდე. კომუნიზმი, სტალინის და ბოლშევიკების თვალსაზრისით, სულ სხვა რამ იყო. ბოლშევიკები და მენშევიკები ორივენი მარქსისტები იყვნენ, მაგრამ ერთმანეთის წინააღმდეგ ომი მაინც ვერ აიცილეს და მენშევიკებმა ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორსო სამხედრო ინტერვენციას მხარიც კი დაუჭირეს. აი, რაოდენ ძლიერი იყო სიძულვილი მარქსისტებს შორის. ამ სიძულვილის მიზეზი საბჭოთა კავშირში იყო დამალული.

ნოე ჟორდანიაც სოციალ-დემოკრატი და, შესაბამისად, მარქსისტი იყო. ჩვენ უნდა ვიყოთ დასავლეთთან და არა რუსეთთანო, ამბობდა იგი.

დღევანდელობამ გვაჩვენა, რომ ნოე ჟორდანიას ეს გამონათქვამი ნიშნავს - "რუსეთის მონობაში ყოფნას, დასავლეთის მონობაში ყოფნა სჯობია". ბოლშევიკები კი არავის მონობაში ყოფნას არ აპირებდნენ და, რაც მთავარია, თავადაც არ სურდათ მონების ყოლა.

მინდა განვმარტო შემდეგი რამ: თავისუფალი ადამიანი მონისაგან იმით განსხვავდება, რომ იგი თავისი გონებით ცხოვრობს და არ ეშინია, პასუხი აგოს თავის გადაწყვეტილებებზე. ხოლო მონას ურჩევნია, იცხოვროს სხვისი ჭკუით, შეასრულოს სხვისი ინსტრუქციები და დავალებები, რადგან ეს ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისგან.

სტალინის თვალსაზრისით, კომუნიზმი, არის საზოგადოება, სადაც ხელისუფლება ყველას ეკუთვნის და არა მხოლოდ კომუნისტურ პარტიას, ან, თუნდაც, ავტორიტეტულ ადამიანთა ჯგუფს. ამიტომაც შეეცადა სტალინი 30-იან წლებში, დაემთავრებინა პარტიული აპარატის დიქტატორული მმართველობა და გადაეცა ძალაუფლება ხალხისთვის - საბჭოებისათვის. ეს იყო ერთ-ერთი მცდელობა, შეექმნა წინაპირობა ჭეშმარიტი კომუნისტური საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის.

მაშასადამე, კომუნიზმი, ბოლშევიკებისა და სტალინის თვალსაზრისით, იგივე დემოკრატიაა, იგივე ხალხის ძალაუფლებაა. თუმცა საქმე ის გახლავთ, რომ დემოკრატია დღეს - სულ სხვა რამაა. ბოლშევიკებისგან განსხვავებით, დემოკრატიული "ელიტა" ემსახურება არა თავისი ხალხის უმრავლესობას, არამედ "ევროპულ ფასეულობებს", "ადამიანთა უფლებებს" და ასე შემდეგ. დღეს ისეა სამყარო მოწყობილი, რომ არსებობს ბირთვი (მეტროპოლია) - დასავლური სამყარო, ხოლო დანარჩენი პერიფერიაა. თავის დროზე ბოლშევიკებმა თქვეს, რომ ჩვენ არ გვინდა ვიყოთ პერიფერია, ჩვენი ძალებით და გონებით უნდა ვიცხოვროთო. ამის ერთ-ერთი წინაპირობა არის ის, რომ ხელისუფლება ყველას უნდა ეკუთვნოდეს. კომუნიზმი და დიქტატურა შეუთავსებელია ერთმანეთთან და სტალინს, როგორც ნამდვილ კომუნისტს, ეს კარგად ესმოდა.

მანანა გაბრიჭიძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."