ლარის გაუფასურების პროცესი ძალიან მტკივნეული იყო, თუმცა მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით, საგადასახადო ბალანსის შოკი გადალახულია, კურსი დასტაბილურდა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ რუსულ "კომერსანტთან" ინტერვიუში ისაუბრა.
"ბოლო კვირების განმავლობაში ლარი დასტაბილურდა. კურსი რეალურად ასახავს იმას, რაც ეკონომიკაში ხდება. ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ ფსკერს", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
მისივე თქმით, ლართან დაკავშირებული პრობლემის ფუნდამენტური გადაჭრა ქვეყნის შემოსავლების ზრდა არის. გიორგი ქადაგიძის განცხადებით, საქართველომ უნდა გაზარდოს შემოსავლები ექსპორტის, ტურიზმის, ინვესტიციების მხრივ.
"რაც უფრო მეტს გამოვიმუშავებთ, მით უკეთ ვიცხოვრებთ. თუ ეს მოხდება, მაშინ პრინციპში, შეგვიძლია კურსის ადრინდელ დონეზე დაბრუნება", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.
კითხვაზე, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება წინა მთავრობის "ხელდასმულად" მოიხსენიებს და ადანაშაულებს, რომ ნაციონალური რეზერვები შეგნებულად არ დახარჯა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაზე პოპულარული და არასწორი მეთოდია მოითხოვო, რომ ეროვნული ბანკის ჩაერთიოს და საკუთარი რეზერვები დახარჯოს.
"ეს ძალიან არაეფექტურია, რასაც ადასტურებს არა მხოლოდ მრავალწლიანი მსოფლიო ეკონომიკური ისტორია, არამედ ჩვენი მეზობლების მაგალითები – იმ ქვეყნებმაც კი, რომლებიც გაცილებით მდიდრები არიან საქართველოზე ენერგომატარებლების ექსპორტის გამო, მრავალმილიარდიანი ინტერვენციების შემდეგ მაინც მოახდინეს ვალუტების დევალვაცია. რადგან როცა საუბარია ფუნდამენტურ დისბალანსზე, რეზერვების ხარჯვა დიდი უაზრობაა. ჩვენ ამას ვერ დავუშვებდით, და არც გაგვიკეთებია ეს", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ რუსულ "კომერსანტთან" ინტერვიუში.