ღარიბაშვილის სანათესაო კვლავ სკანდალშია: ვინ მიითვისა 3 მილიონამდე თანხა, 4 შვილის დედამ თუ ჯანყარაშვილის მეგობარმა

ღარიბაშვილის სანათესაო კვლავ სკანდალშია: ვინ მიითვისა 3 მილიონამდე თანხა, 4 შვილის დედამ თუ ჯანყარაშვილის მეგობარმა

ურთიერთბრალდებები წყალმომარაგების კომპანიიდან 3 მილიონამდე თანხის მითვისებაზე - პრემიერის ნათესავის, ზვიად ჯანყარაშვილის მეგობარი, არჩილ ცაბუტაშვილი კატეგორიულად უარყოფს ყველა იმ ბრალდებას, რომელიც კომპანიის მთავარმა ბუღალტერმა მის მიმართ გამოთქვა.

კერძოდ, ბუღალტერი თამარ ფხოველიშვილი, რომელიც თებერვალში მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად დააკავეს, ამბობს, რომ კომპანიიდან თანხების მოპარვის სქემა არჩილ ცაბუტაშვილმა მის მოადგილესთან, კახა სოლოღაშვილთან ერთად დაგეგმა.

ბრალდებულმა დუმილი გუშინ, 2 ნოემბერს დაარღვია და ასევე აღნიშნა, რომ ამ სქემაში მონაწილეობა ცაბუტაშვილმა შესთავაზა და უარი შვილის მძიმე ავადმყოფობის გამო ვერ თქვა. ბრალდებულის ინფორმაციით, კომპანიიდან მითვისებული თანხებიდან 20% შეთანხმების მიხედვით მისი იყო, ხოლო უშუალოდ ცაბუტაშვილთან პირადად აქვს მიტანილი 1 700 000 ლარი.

თამარ ფხოველიშვილის თქმით, წყალმომარაგების კომპანიის მაშინდელი დირექტორი ზვიად ჯანყარაშვილის ახლო მეგობარი და ნათესავია და დანაშაულებრივი სქემის განხორციელებაში "მწვანე შუქი" ცაბუტაშვილს, სწორედ ჯანყარაშვილმა აუნთო.

გამოძიებაში ცაბუტაშვილი დაკითხეს, თუმცა როგორც საქმის პროკურორმა განმარტა, მის მიმართ ამ დროისთვის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

პროკურორმა მაია სამადაშვილმა ისიც თქვა, რომ არც ჯანყარაშვილის საწინააღმდეგო მასალები გააჩნია გამოძიებას. თუმცა, უკვე დაკავებული პირების საქმიდან გამოყოფილია სხვა საქმე, რომელზეც გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, თანხების მითვისების საქმეში სხვა პირების დანაშაულიც გამოიკვეთოს.

გარდა ამისა, AMBEBI.GE-მ დაცვის მხარისგან მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ცაბუტაშვილი, რომელიც წყალმომარაგების კომპანიიდან რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, კომპანიაში მუშაობისას საკმაოდ მდიდრულად ცხოვრობდა.

"მან იყიდა 135 ათასიანი ავტომობილი "ლენდ კრუიზერი", რომელიც სამინისტროში გადასვლის შემდეგ წაიყვანა და სამინისტროს ბალანსზე გადააფორმა. გარდა ამისა, მას ეკეთა 40-ათასიანი საათი და შეიძინა 40 ათასიანი ძაღლი ბოო. საზღვარგარეთ, რესტორანში დახარჯა 3 ათასამდე დოლარი", - აცნობეს AMBEBI.GE-ს დაცვის მხარის წარმომადგენლებმა.

თამარ ფხოველიშვილი, რომელიც 3 მილიონამდე თანხის მითვისების გამო დააკავეს და დღემდე მეუღლესთან ერთად პატიმრობაშია, ამბობს, რომ 30 წელია ცაბუტაშვილთან მეგობრობს.

არჩილ ცაბუტაშვილი რამდენიმე კვირის წინ სასამართლოშიც დაიკითხა მოწმის სახით, თუმცა მან თქვა, რომ დანაშაულებრივ სქემასთან არანაირი შეხება არ აქვს.

თამარ ფხოველიშვილის ჩვენების შემდეგ ჩვენ წყალმომარაგების კომპანიის ყოფილ დირექტორს და მინისტრის ყოფილ მოადგილეს არჩილ ცაბუტაშვილს დავუკავშირდით, რომელიც ფხოველიშვილისა და ზოგადად, დაცვის მხარის ინფორმაციას აბსურდს უწოდებს.

- ბატონო არჩილ, თამარ ფხოველიშვილმა ჩვენებისას აღნიშნა, რომ მითვისებული 3 მილიონამდე ლარიდან, 1 მილიონ 700 ათასი ლარი პირადად აქვს თქვენთვის გადმოცემული. ასეა?

- ეს ცილისწამებაა, მეტი რა გითხრათ.

- ის ამბობს, რომ მეგობრები იყავით და სწორედ ამიტომ დასთანხმდა დანაშაულებრივ სქემას...

- ეს არის სისულელე, 4 შვილის დედა აღმოჩნდა თაღლითი. გამოძიება გაარკვევს ყველაფერს და უკვე გარკვეულიც ექნება ალბათ. ყველაფერს ნახავთ. ვინც დასასჯელია, ის დაისჯება აუცილებლად და თუ მე ვარ დასასჯელი, მეც დავისჯები. დღეს არავინ არავის არაფერს არ აპატიებს, მერწმუნეთ. ეგ არის თაღლითი! თაღლითური ჯგუფი იყო შექმნილი, ფულს იპარავდნენ და მალავდნენ.

- დაცვის მხარემ ჩვენ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ კომპანიაში მუშაობის პერიოდში, თქვენ იყიდეთ ძვირადღირებული ავტომობილი, კერძოდ 135 ათასი გადაიხადეთ "ლენდ კრუიზერში", რომელიც კომპანიიდან წასვლის შემდეგ, სამინისტროს ბალანსზე გადაიყვანეთ...

- რა სისულელეა, რა სისულელეა!

- ასევე - ძაღლი ბო, რომელშიც 40 ათასია გადახდილი...

- რა სისულელეა, რეებს ამბობენ, უბრალოდ. ცილისწამება სადამდე მიდის, ვერ გამიგია. ეს არის სისულელე. ჯერ გაარკვიონ ფასები, მერე ვინ რა იყიდა, როგორ, რანაირად... ენას ძვალი არ აქვს და თავის მართლებაში არ მინდა გადავიდე. მე ვითანამშრომლე გამოძიებასთან და ყველაფერს დაადგენს გამოძიება.

- თქვენთვის ალბათ ისიც არის ცნობილი, ფხოველიშვილმა რა თქვა ჯანყარაშვილზე...

- ყველაფერი სისულელეა, ცილისწამება და სისულელე. გამოძიება ყველაფერს დაადგენს. ერთია, რომ იტყვი, მეორე - ხომ უნდა შეესაბამებოდეს სიმართლეს. წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო - ფული მოიპარეს და სხვისკენ ხელი გაიშვირონ, ასე ხომ არ ხდება, არა? კიდევ ერთხელ გეუბნებით - გამოძიება ყველაფერს დაადგენს.

- ანუ ძაღლი ბოო-ს შესყიდვის, ძვირადღირებული ავტომობილის და საზღვარგარეთ რესტორანში 3 ათასი დოლარის დახარჯვაზე ინფორმაციას არ ადასტურებთ?

- რა ძვირადღირებულ რესტორნებში, მთელი ჩემი ცხოვრება რესტორნებშიც დავდივარ, კინოშიც და თეატრშიც. ეგ რა შუაშია. თუ მე სადმე რამე კაპიკი მაინც დამიხარჯავს, ჩემი შრომით მოპოვებული თანხა მაქვს დახარჯული. გამოძიება ყველაფერს დაადგენს-თქო, კიდევ ერთხელ გეუბნებით. სისულელეებზე რა ვისაუბრო. მეცინება უბრალოდ.

- ფხოველიშვილმა თქვენი ყოფილი მოადგილე, კახა სოლოღაშვილი ახსენა დანაშაულებრივი სქემის ავტორად...

- სისულელეა. ადამიანს თუ გაიცნობთ, ყველაფერი ნათელია.

- ფხოველიშვილმა თქვა, რომ 30 წელია მეგობრობთ მასთან. ადასტურებთ ამას?

- ბავშვობაში ვმეგობრობდით, მერე წლებია არ მინახავს. რეკომენდაციით მოვიდა ჩემამდე. წარმოიდგენდით, რომ 4 შვილის დედა თაღლითი გამოდგებოდა? კაზინოში 700 ათასამდე აქვს წაგებული ამ პერიოდში. დამტკიცებული და ამოღებული რომ აქვს ეს ყველაფერი, იცით? რაც მოპარული აქვს, ის თანხები ამოიღეს.

- ზვიად ჯანყარაშვილთან თქვენს მეგობრობას და ახლობლობას თუ ადასტურებთ?

- რა თქმა უნდა, ჩემი მეგობარია ჯანყარაშვილი, მაგრამ რა შუაშია?!

თამარ ფხოველიშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს ნაწილობრივ სცნობს დამნაშავედ. მისი მეუღლე კი ამბობს, რომ დანაშაულთან კავშირი არ აქვს. შემდეგი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ნოემბერს გაიმართება.

ხათუნა გაგნიძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."