ათასობით სსიპ-ი მილიარდ ლარს ატრიალებს

ათასობით სსიპ-ი მილიარდ ლარს ატრიალებს

ხაზინის მომსახურებაზე 563 სსიპ-ი და ააიპ-ია, რომელთა ჯამური შემოსავალი 800 მილიონამდეა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ახალი წლიდან, ხაზინის ანგარიშზე გადასული სსიპ-ებისა და ააიპ-ის რაოდენობა 1200-ს მიაღწევს. ამ მაჩვენებელში არ შედის მუნიციპალიტეტებისა და ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ორგანიზაციები. აქედან გამომდინარე, სსიპ-ბისა და ა(ა)იპ-ების 2 ათასს აღწევს, მათი საერთო შემოსავალი კი მილიარდზე მეტია. სპეციალისტების განცხადებით, ეს არის გაუმჭვირვალე, მახინჯი სისტემა, რომელსაც ყველა ხელისუფლება კომფორტულად მოერგო.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ხაზინის მომსახურებაზე აქტიური სტატუსით არის 563 ორგანიზაცია (სსიპ/ა(ა)იპ), მათ შორის: სსიპ - 278, ხოლო ააიპ - 285. ჯამში 10 თვის მონაცემებით, ამ ორგანიზაციების ჯამურმა შემოსულობებმა 736 მილიონი ლარი შეადგინა. ასევე, 2016 წლის 1-ლი იანვრიდან სახაზინო მომსახურებაზე გადავა დამატებით 632 ა(ა)იპ- შესაბამისად, ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ამ ორგანიზაციების რაოდენობა 1195-ს მიაღწევს. მათ შორის: სსიპ - 278, ა(ა)იპ - 917.

იურისტი ლევან ალაფიშვლი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ სსიპ-სა და ა(ა)იპ-ბთან მიმართებაში აუცილებლად უნდა შეიმუშაოს ერთიანი მიდგომა, მით უმეტეს გამოცხადებული საჯარო მმართველობის რეფორმის კონტექსტში. "ვფიქრობ, სისტემური გაუმართაობა საჯარო ფინანსების მართვის თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემებს შექმნის", - ამბობს ლევან ალაფიშვილი და აღნიშნავს, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში თითქმის იმდენივე ადამიანია დასაქმებული და სახელფასო ანაზღაურებისთვის იმდენივე თანხა გაიცემა, რამდენიც საჯარო სამსახურში. "ეს ძალიან ცუდია. საჯარო სამართლის იურიდიული პირები, არასამეწარმეო იურიდიული პირები და სახელმწიფო საწარმოები დასაქმების ბიუროებად იქცა. რიცხოვნობას რაც შეეხება, სისტემური მოწესრიგების ნაცვლად, ეს მაჩვენებელი მზარდია. არაერთი სსიპ-ი შეიქმნა უკანასკნელ პერიოდში, რაც თავისთავად მიანიშნებს, რომ "ქართული ოცნებაც" კომფორტულად გრძნობს თავს ძველ სისტემაში", - ამბობს ლევან ალაფიშვილი.

აღნიშნული სახელმწიფო ორგანიზაციები გამოიყენება სხვადასხვა პროექტის მართვისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან და არც კომერციულ ბიზნესსაქმიანობასთან. დღეს უკვე სახელმწიფო ორგანიზაციები ბიზნესს კონკურენტებადაც ევლინებიან. მათ ხელთ არსებული მძლავრი სახელმწიფო ბერკეტების საშუალებით არსებობს საშიშროება გარკვეულ ბიზნესში მონოპოლისტებადაც მოგვევლინონ. ალაფიშვილს მაგალითად საჯარო სამართლის იურიდიული პირი 112 მოჰყავს. ამ ორგანიზაციამ ახალი ფასიანი სერვისის მიწოდება დაიწყო მოსახლეობისთვის - ავტომანქანების ევაკუაცია. "სირცხვილით დავიწვი ეს განცხადება რომ მოვისმინე. გამოდის, რომ 112 უპირობოდ ბიზნესში შევიდა. იგივე ხდება რეესტრებთან მიმართებაში. დაცვის პოლიციაში ხომ საერთოდ მახინჯი სისტემაა", - ამბობს ალაფიშვილი. დაცვის პოლიცია თავად ეწევა დაცვის მომსახურებას და ამავე დროს კონკურენტ კომპანიებს ლიცენზიებსაც აძლევს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია