ყველაზე მწვავე ბრალდებები ვიცე-პრემიერის მიმართ - რაში ადანაშაულებენ კახი კალაძეს ოპონენტები?!

ყველაზე მწვავე ბრალდებები ვიცე-პრემიერის მიმართ - რაში ადანაშაულებენ კახი კალაძეს ოპონენტები?!

"ოცნების" გუნდი ხელისუფლებაში ყოფნის მეთხე წელიწადს იწყებს. ცხადია, წინასაარჩევნო წელიწადი ნებისმიერი სამთავრობო გუნდისთვის, მათ შორის "ქართული ოცნებისთვისაც" რთულია, ვინაიდან, როგორც წესი, მეოთხე წელიწადს ელექტორატში პრეტენზიები და უკმაყოფილება იზრდება. მოქალაქეები და პოლიტიკური ოპონენტები კი, განსაკუთრებულად კრიტიკულები მათ მიმართ არიან, ვინც მაღალ თანამდებობას ხანგრძლივი ვადით იკავებს და ერთ-ერთი მათგანი კახი კალაძეა.

პოლიტიკოსების მიმართ ხშირად ისმის ბრალდებები. მას შემდეგ, რაც ყოფილი ფეხბურთელი, ახლა უკვე ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახი კალაძე პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთო,  ბრალდებების რაოდენობამ მის მიმართაც იმატა.

ბოლო პერიოდში ერთ-ერთი სერიოზული ბრალდება, რაც კალაძის სახელს უკავშირდება, კომპანია "თბილგაზი" და მასთან დაკავშირებული პროცესებია. ამბობენ, რომ "თბილგაზი" კახა კალაძის მფლობელობაშია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, როცა "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა, კალაძე ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა და შესაბამისად, ვანო მერაბიშვილის გუნდისგან გადაიბარა ენერგეტიკის სფერო - კახი კალაძემ "თბილგაზის" სპეციალურ მმართველად დანიშნა თავისი ბიზნესპარტნიორი, შპს "კალაკაპიტალის" უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, "ყაზტრანსგაზი" 2009 წლიდან ფაქტობრივად თამაშგარეთ ითვლება, რადგან სწორედ იმ დროს მოხდა "თბილგაზში" სპეციალური მმართველის დანიშვნა. კალაძე კონფლიქტშიც კი შედიოდა სხვადასხვა ბიზნესმენებთან "თბილგაზის" ხელში ჩასაგდებად და მის სხვადასხვა პოტენციურ მყიდველებთან დაპირისპირებებიც ჰქონდა.

როგორც ცნობილია, კახი კალაძე კვიპროსზე ოფშორულ ზონაში ფარულად დარეგისტრირებული კომპანიების მფლობელია. მას კვიპროსზე დარეგისტრირებული აქვს კომპანია "კალა კაპიტალ ლიმიტედი", რომელიც ბიზნესს სწორედ ენერგეტიკაში ეწევა. "კალა კაპიტალ ლიმიტედი" ფლობს საქართველოში რეგისტრირებულ რამდენიმე ისეთ კომპანიას, რომელიც, ასევე, ენერგეტიკაში მოღვაწეობს. ასეთია შპს "კალაკაპიტალი", "ჰიდრომშენი", "კალაენერჯი" და ა.შ. გავრცელებული ინფორმაციით, ყველაფერ ამას ფლობს კვიპროსზე დარეგისტრირებული "კალა კაპიტალ ლიმიტედი" და მისი მფლობელი კახი კალაძე.

კალაძის მიმართ ოპონენტების კიდევ ერთი ბრალდება "კანონიერ ქურდებთან" ურთიერთობას ეხება. შარშან კიევში დაკავებული "კანონიერი ქურდი" რომან ბარბაქაძე, იგივე "რემენა", ქართულ პოლიტიკაში ახალი სკანდალის მიზეზი გახდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიცე-პრემიერ კახი კალაძის დავალებით, ძებნილი ბარბაქაძე გაათავისუფლა - თვითმფრინავის ბორტიდან "მოხსნა" და აეროპორტიდან გაიყვანა.

ნადირაშვილის ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევი 50 წლის ქართველი "კანონიერი ქურდი" უკრაინაში დააკავეს. დაკავებისას ბარბაქაძემ უკრაინელ სამართალდამცველებს ყირგიზეთის მოქალაქე რამინალ ხაზოვის ყალბი პასპორტი წარუდგინა. დაკავების შესახებ საქართველოს საკონსულოს აცნობეს და 21 ივნისს კიევის საემიგრაციო სამსახურმა "რემენას" დეპორტაცია განახორციელა საქართველოში. ნადირაშვილის ვერსიით, ბარბაქაძეს აეროპორტში კრიმინალური პოლიცია ელოდებოდა, რათა როგორც ძებნილი დაეკავებინათ, თუმცა, არ დააკავეს - შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ "რემენა" არა "კანონიერი ქურდი", არამედ ბიზნესმენია და ისინი კახა კალაძის დავალებას ასრულებდნენ. ნადირაშვილის მტკიცებით, გენერალურმა ინსპექციამ ისე დაატოვებინა ბარბაქაძეს აეროპორტი, რომ საზღვრის გადმოკვეთაც კი არ დაფიქსირებულა.

ნადირაშვილის განცხადებას, თითქოს კალაძის ბრძანებით შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ "რემენა" თვითმფრინავის ბორტიდან "მოხსნა" და აეროპორტიდან გაიყვანა, შს სამინისტრომ კატეგორიულად უარყო. სიცრუე უწოდა ამ ინფორმაციას თავად ვიცე-პრემიერმაც.

კიდევ ერთი ბრალდება კორუფციულ სქემას ეხება. ყველას ახსოვს, ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროს ე.წ. კაბელების საქმე და ამას შეწირული მინისტრის პოსტი. "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ორგანიზაცია "ჩემი საქართველოს" ხელმძღვანელმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს გარდა სხვა უწყებებშიც არის კორუფციული სქემები და მან არ გამორიცხა, რომ შემდეგი კახი კალაძე იყოს. "არის რაღაც გარიგებები, სადაც პირადად მინისტრის მონაწილეობა იკვეთება", - განაცხადა გელბახიანმა.

2014 წლის გაზაფხულზე "ქართული ოცნების" ოფისთან რუსთავი-თბილისის ხაზის სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა აქცია გამართეს. მძღოლები მგზავრთა გადაყვანაზე ჩატარებული ტენდერის გაუქმებას მოითხოვდნენ. მათი მტკიცებით, ტენდერში კომპანია შპს "ინტერტრანსმა" გაიმარჯვა, რომლის რეალური მფლობელი ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახი კალაძეა. მძღოლები კალაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. კალაძის განცხადებით კი მძღოლთა საპროტესტო აქცია მართული პროცესი იყო და "ასეთ დადგმულ შოუში" მონაწილეობას არ აპირებდა.

ყველაფერთან ერთად კალაძეს ნეპოტიზმშიც ადანაშაულებდნენ, რის საფუძველსაც ოპონენტებს ვიცე-პრემიერის ცოლის ძმის თბილისის მერიის მაღალჩინოსნობა აძლევდათ, თუმცა კალაძის ცოლის ძმამ თანამდებობა 24 საათის წინ დატოვა.

ყველა ამ ბრალდების მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ კალაძე ის იშვიათი გამონაკლისია მთავრობის წევრთაგან, რომელიც ახერხებს, რომ პერიოდულად, სოციალურ ქსელებში მის მიმართ დადებითი ემოციები გამოიწვიოს. ბოლო ასეთი შემთხვევა 13 ივნისის ცნობილი ტრაგიკული მოვლენებისას მოხდა, როდესაც ვიცე-პრემიერის ორმა ფოტომ არამხოლოდ ქართული, არამედ გლობალური ინტერნეტსივრცე მოიარა.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."