ქობულეთში სპორტსკოლის მიმდებარედ 13 წლის მოზარდის დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათ გაიგონეს ბავშვის ძახილი, რომელიც შველას ითხოვდა. შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მცხოვრები ირაკლი გელოვანის თქმით, ჭრილობიდან სისხლდენის შეჩერება სპორტსკოლის წარმომადგენლებმა სცადეს და სასწრაფო და პატული გამოიძახეს.
"ბავშვები დარბოდნენ, გვეგონა, რომ თამაშობდნენ, ყურადღება არ მიგვიქცევია. შემდეგ გავიგონეთ ძახილი მიშველეთ, მიშველეთო. გავედით და ვნახეთ, ბარძაყის არედან ბავშვს სისხლი სდიოდა. ამ დროს სპორტსკოლიდანაც გამოვიდნენ ბიჭები, ხელი დააფარეს ჭრილობაზე და სასწრაფო და პოლიცია გამოიძახეს", - აღნიშნა ირაკლი გელოვანმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.