"შანელის" ჩანთას 30 და 40 ლარად რომ ვერ იყიდი, ეს ხომ ფაქტია?!" - როგორ გავარჩიოთ ფალსიფიცირებული საქონელი ნამდვილისგან

"შანელის" ჩანთას 30 და 40 ლარად რომ ვერ იყიდი, ეს ხომ ფაქტია?!" - როგორ გავარჩიოთ ფალსიფიცირებული საქონელი ნამდვილისგან

"შანელის", "გუჩის" ან სხვა ძვირად ღირებული ბრენდის სასაქონლო ნიშნის მქონე, გაყალბებული პროდუქცია თავისუფლად იყიდება ქართულ ბაზარზე. ცნობილი და კარგი რეპუტაციის მქონე ბრენდების ფალსიფიკაციის საკითხი, არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემაა. კომპანიები სხვადასხვა ქვეყნებში სანქციებითა თუ სარეკლამო ღონისძიებებით ცდილობენ თავისი ინტელექტუალური საკუთრების დაცვას, თუმცა მიუხედავად ძალისხმევისა, ფაქტია, რომ კონტრაფაქციული საქონლის გასაღებით დღეისთვის უამრავი მწარმოებელია დაკავებული.

რა ვითარებაა ამ კუთხით საქართველოში? როგორ უნდა გაარჩიოს მომხმარებელმა ფალსიფიცირებული საქონელი ნამდვილისგან და რამდენად დაცულია საქართველოს ბაზარზე სხადასხვა ცნობილი მწარმოებლის ინტელექტუალური საკუთრება, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ბპნ საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილეს, სოფიო მუჯირს ესაუბრა.

სოფიო მუჯირი: "იმის ალბათობა, რომ ქართულ ბაზარზე კონტრაფაქციული საქონელი არსებობს, დიდია. თუმცა ეს შესაძლოა ნებისმიერ ქვეყანაში მოხდეს. ყველა პროდუქტს აქვს თავისი დამცავი მექნიზმები, რომლითაც შეიძლება მისი კონტრაფაქციული საქონლისაგან გარჩევა. ამავდროულად, კონტრაფაქციული საქონლის ფასი ხშირად იმდენად განსხვავებულია ბრენდისაგან, რომ მომხმარებელს ადვილად შეუძლია ამოიცნოს თუ რასთან აქვს საქმე. მაგალითად, "შანელის" ჩანთას 30 და 40 ლარად რომ ვერაფრით იყიდი, ეს ხომ ფაქტია?! მომხმარებელი თავადაც მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს და გამოიჩინოს გულისხმიერება, რათა იყოს დაცული ყალბი საქონლის შეძენისაგან. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ფასი ნამდივილი და კონტრაფაქციული საქონლისა ერთმანეთის ანალოგიურია, მაგალითად, თმის მოვლის საშუალებები, კოსმეტიკისა და სხვა. ამ შემთხვევაში მომხმარებელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს შენახვის ვადასა და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებზე. ფალსიფიკაციისგან 100%–იან დაცვას სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს, რადგან კონტრაფაქტორები ყოველთვის ცდილობენ აწარმოონ ფალსიფიცირებული საქონელი და ისარგებლონ სხვა კომპანიების კარგი რეპუტაციით. მაგრამ თუ ასეთი შემთხვევები აღინიშნა და გაცხადდა მომხმარებლის ან ნიშნის მფლობელის მიერ, სახელმწიფოს რა თქმა უნდა, აქვს აღმოფხვრის ბერკეტები.

- როცა საქართველოში უცხოური, საკმაოდ ძვირად ღირებული ბრენდი შემოდის, ხშირად დგება ეჭვქვეშ მისი წარმომავლობა. რატომ ხდება ასე?

- ზოგადად, საქართველოს კანონმდებლობით, არსებობს ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ დაცული იყოს ნებისმიერი ბრენდის მფლობელის უფლებები და ჩვენს ბაზარზე არ მოხდეს კონტრაფაქციული საქონლის დაშვება. როდესაც ჩვენ ვარეგისტრირებთ სასაქონლო ნიშანს, ის უკვე არის კერძო საკუთრება და თავად ნიშნის მფლობელმა უნდა იზრუნოს მის დაცვაზე, არ დაუშვას მისი ფალსიფიცირებული ვერსიის ბაზარზე შესვლა და გაყიდვა. ნიშნის მფლობელს შეუძლია, რომ ნიშანი დაარეგისტრიროს საბაჟოზე და ამით თავისი ინტელექტუალური საკუთრების ერთგვარი კონტროლი განახორციელოს და თუ აღმოჩნდება, რომ ყალბი საქონელი იყიდება მისი ნიშნის ქვეშ, აუცილებლად უნდა აცნობოს შესაბამის ორგანოებს. უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდის ფალსიფიკაციის პრობლემა მთელ მსოფლიოში, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაშია. საფრანგეთის, იტალიისა თუ ამერიკის შეერთებულ შტატების ბაზარზეც ნახავთ არალეგალურ პროდუქციას, რადგან დღეისათვის ძალიან ბევრი მწარმოებელი ცდილობს, რომ ისარგებლოს სხვისი მყარი რეპუტაციით, გამოუშვას და გაყიდოს კონტრაფაქციული საქონელი, მაგრამ თუ ნიშნის მფლობელი დაინტერესდება, რომ მისი ბრენდი არ გაყალბდეს, მას ამის მიღწევა საქართველოშიც შეუძლია. ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით კანონმდებლობა სრულფასოვანია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია