"პოლიტიკური მოტივები იმდენად აშკარაა, რომ ამას თეთრი ძაფით ნაკერიც აღარ ჰქვია" - როგორ აფასებენ სახელისუფლებო უმრავლესობის წევრები ურთმელიძის გადაწყვეტილებას

"პოლიტიკური მოტივები იმდენად აშკარაა, რომ ამას თეთრი ძაფით ნაკერიც აღარ ჰქვია" - როგორ აფასებენ სახელისუფლებო უმრავლესობის წევრები ურთმელიძის გადაწყვეტილებას

ევროპისკენ არც მოსამართლის გადაწყვეტილებას მივყავართ, არც მის არაღსრულებას და არც მოწოდებას იმის თაობაზე, ვიმოქმედოთ ძალიან არაევროპული გზებით, - ამის შესახებ დეპუტატმა, ლევან ბერძენიშვილი ჟურნალისტებს "რუსთავი 2"-ში დროებითი მმართველების დანიშვნის თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა.

ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ შესაძლებელია როგორც მოსამართლის, ასევე საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების შეცვლა.

"როგორც ვიცი, "რუსთავი 2" კვლავ აპირებს, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა ამაში მონაწილეობა მათაც მიიღონ. ამიტომ სანამ საუბარია იმაზე, რომ სამართლებრივ სივრცეში ვრჩებით, ეს მისაღებია. ყველა სხვა საუბარი, რომ იქნება რევოლუცია, მოვაწყობთ ბარიკადებს, "რუსთვი 2"-ს კი არა, საქართველოს ვიცავთ, არის არასწორი. ეს სიტუაციას ძალიან ძაბავს და ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი თვალსაზრისით სასარგებლო არ არის. ევროპისკენ არ მივყავართ არც ამ გადაწყვეტილებას, არც მის არ აღსრულებას და არც მოწოდებას, ვიმოქმედოთ ძალიან არაევროპული გზებით, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

"რუსთავი-2-ის გარშემო რაც ხდება, აქ მთავარი პრობლემაა არა სიტყვის თავისუფლების ან სამართლიანობის აღდგენის თემა (თუმცა, არც უამისობაა), არამედ ხელისუფლების დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ.

ერთ-ერთი არსებითი ხასიათის მიღწევა, რაც ნაცმოძრაობის ხელისუფლებიდან წასვლას მოჰყვა, იყო სასამართლოს გათავისუფლება ხელისუფლების წნეხისგან. ჩვენ გაგვიჩნდა რეალური შანსი, რომ სასამართლო სისტემას ერთხელ და სამუდამოდ მოეშორებინა მთავრობის ნოტარიუსის სამარცხვინო ფუნქცია და ჩამოყალიბებულიყო ხელისუფლების ძლიერ დამოუკიდებელ შტოდ, რაც აუცილებელია, თუ საერთოდ გვინდა ნორმალური, სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფო.

ურთმელიძის ეს შუაღამის განჩინება კი არის ძალიან სერიოზული დარტყმა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. პოლიტიკური მოტივები აქ იმდენად აშკარაა, რომ ამას თეთრი ძაფით ნაკერიც აღარ ჰქვია. შეიძლება ითქვას, რომ თუკი აქამდე მოსამართლეს არ ჰყავდა დედა, ახლა სასამართლოს აღარა ჰყავს.

ღლიცინი და სიხარული "აბა ნაცები რომ იმას აკეთებდით კაი იყო?" სტილში ხომ საერთოდ გულისამრევია. არამც და არამც არ შეძლება ასეთი პრეცედენტის დაშვება. "ქურდის ქურდი ცხონდა"–ს პრინციპით ცივილიზებულ სახელმწიფო არ შენდება" - წერს "რესპუბლიკური" პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი.

ხელისუფლებას ურთმელიძისეული დათვური სამსახური არ სჭირდება, - ასე აფასებს ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი კომპანია "რუსთავი 2"-ში დროებითი მმართველების დანიშვნის თაობაზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებულ განჩინებას. დეპუტატი ურთმელიძესთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოსაც აკრიტიკებს და მათ გადაწყვეტილებებში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს.

"პროცესების სამართლებრივ სივრცეში ყოფნა-არყოფნის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება და ისე ნაჩქარევად, როგორც მიიღო. ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იქცევა, როგორც ხელისუფლების სხვა შტოების ფუნქციების მიმტაცებელი და სააკაშვილის ხელისუფლების ნარჩენი, სულაც არ ნიშნავს და სრულიადაც არ არის არგუმენტი, რომ ურთმელიძის სახით ჩვენი ხელისუფლებაც წარმოჩნდეს, როგორც ფორმით, ისე შინაარსით, ასეთ ხელისუფლებად. "რესპუბლიკური პარტია" ამ პროცესებს კატეგორიულად ემიჯნება. ღამით მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან ცუდ ასოციაციებს იწვევს. მოვუწოდებ როგორც საკონსტიტუციო, ისე საქალაქო სასამართლოს, პოლიტიზირებაში არ ჩაერთონ. ეს უნდა იყოს სამართლის საკითხი და არ უნდა იყოს ყოფილ და დღევანდელ ხელისუფლებას შორის ინსტრუმენტად გადანაწილების საკითხი. მივმართავ როგორც საკონსტიტუციო, ასევე საერთო სასამართლოს მოსამართლეებს, პროცესები ძალიან სახიფათო ხასიათს იღებს. საქართველოში დღეს ხელისუფლების ალტენატიული ძალის ჩამოყალიბების საკითხი არ დგას. დღესაც კი, როცა ხელისუფლების რეიტინგი არ არის ისეთი, რაც 2012 წელს იყო, ხელისუფლებას ასეთი ურთმელიძისეული დათვური სამსახური არ სჭირდება. როგორც ჩანს, ურთმელიძე, რომელიც თავის დროზე გვარამიამ დანიშნა, მაშინ გვარამიას კონტროლის ქვეშ იყო, ახლა ცდილობს დღევანდელი უფროსობის კონტროლის ქვეშ იყოს. ჩვენ კონტროლირებადი მოსამართლეები არ გვჭირდება არც საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც ძველი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არის და არც საერთო სასამართლოებში", - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."