ინტერვიუ თეა წულუკიანთან - კითხვები მეც მაქვს და ველოდები სასამართლოს განმარტებას

ინტერვიუ თეა წულუკიანთან - კითხვები მეც მაქვს და ველოდები სასამართლოს განმარტებას

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კახეთის საინფორმაციო ცენტრთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ლეგიტიმურია კითხვა, როგორ მოახერხა მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე ერთ დღეში 17 გვერდიანი განჩინების მომზადება, რომელშიც ამერიკის სხვადასხვა სასამართლოების გადაწყვეტილებებიც არის მოცემული, თუ განჩინება წინასწარ არ იყო მიღებული. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ის ელოდება სასამართლოს განმარტებას, რატომ არ გაავრცელეს განცხადება, როდესაც აღნიშნული განჩინება მიიღეს.

"მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ვიდრე გადაწყდება, ვინ არის ამ კომპანიის რეალური მესაკუთრე, არც ერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს ხელში ეს კომპანია, რათა არ განიავდეს ქონება და არ დაზიანდეს საწარმო. მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ შეუშვას იქ დროებითი მმართველები დავის დასრულებამდე. მე დროებითი მმართველების გონიერების იმედი მაქვს", - ამბობს წულუკიანი.

-ქიბარ ხალვაშის და მისივე კომპანიის შპს "პანორამას" წარმომადგენლებმა, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს 4 ნოემბერს მიმართეს. მოსამართლე ურთმელიძის განჩინება 5 ნოემბრით თარიღდება. განჩინება 17 გვერდიანია, მასში მოყვანილია ამერიკის სხვადასხვა სასამართლოს გადაწყვეტილებები. როგორ ახერხებს მოსამართლე ერთ დღეში 17 გვერდიანი განჩინების მომზადებას, ამასთან, ამერიკის სასამართლოების გადაწყვეტილებების გაცნობას, თუ განჩინება წინასწარ არ არის დაწერილი?

- ეს კითხვა ლეგიტიმურია და მას უნდა ვკითხოთ.

-რაც შეეხება უზრუნველყოფის ღონისძიებას, ტელეკომპანიის უძრავ-მოძრავი ქონება დაყადაღებულია და რატომ გახდა აუცილებელი ამ გადაწყვეტილების მიღება და იქ დროებითი მმართველების დანიშვნა?

- გადაწყვეტილებაში ახსნილია, რომ რომელიმე მხარემ, იქნება ეს ხალვაშის თუ სააკაშვილის, არ მოახდინოს კომპანიის ინსტრუმენტად ქცევა და იქ შევიდეს დროებითი მმართველი. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მოსამართლემ იფიქრა, რომ მის მიერ 3 ნოემბერს გამოტანილ გადაწყვეტილებას, თუკი ის გახდება საბოლოო, შეიძლება აზრი დაეკარგოს, რაკი დავა შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს.

-სასამართლო ხელისუფლება რატომ ერევა არხის გამოხატვის თავისუფლებაში, სარედაქციო საქმიანობაში?

- ეს მე არ ვიცი, მოსამართლემ რა იფიქრა. ეს გადაწყვეტილება ალბათ გასაჩივრდება სააპელაციო წესით და უნდა დაველოდოთ დავის განხილვის შედეგებს. რა იფიქრა მოსამართლე ურთმელიძემ, ეს მე არ ვიცი და არა მხოლოდ მე, არამედ ალბათ, თავად ნინო გვენეტაძემ არ იცის, რომელიც სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელია. ასეთია დღეს ქართული სასამართლო.

- ამჟამინდელი მენეჯმენტი, რომელსაც განჩინებით უფლებამოსილება შეუჩერდა, ამბობს, რომ ისინი არ აპირებენ კომპანიის დატოვებას და დროებით მმართველებად დანიშნულ პირებთან თანამშრომლობას. თუ ძალაში დარჩა ეს გადაწყვეტილება, როგორ აღსრულდება?

- ეს მე არ ვიცი. ისიც არ მესმის, როდესაც სასამართლოს განჩინებაში პირდაპირ წერია, რომ ნიკა გვარამია და დამენია უკვე არიან არაუფლებამოსილი პირები, მათთვის რა აზრი აქვს შენობაში ყოფნას. პროცესებს ვეღარ მართავენ იმიტომ, რომ არაუფლებამოსილი პირები არიან. ისინი ვერაფერს ვეღარ გააკეთებენ. შენობაში ყოფნას მათ არავინ არ უკრძალავს, მაგრამ ყველას მოვალეობაა, დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს ამბავი ჯერჯერობით ძალიან ცხელია. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. რომ გითხრათ, ნიკა გვარამიას გონივრულობაზე იმედს ვამყარებ მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ სხვა, მის გარშემომყოფი ჟურნალისტები, აქეთ მხარეს მყოფი დამფუძნებლები, რომელთაგანაც ერთი დროებითი მმართველი გახდა, მათ აქვთ ჟურნალისტის საქმიანობისადმი უფრო მეტი პატივისცემა და ისინი არ დაუშვებენ არანაირ გამწვავებას. მე ამის დიდი იმედი მაქვს.

-ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თავის განცხადებაში აღნიშნავს: "უაღრესად შეშფოთებული ვართ რუსთავი 2-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუა ღამეს განვითარებული მოვლენებით... სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს". რა კომენტარს გააკეთებთ?

- მე საჯაროდ მოვითხოვე ახსნა, რას გულისხმობს საელჩო სიტყვაში "შუა ღამე" იმიტომ, რომ შუა ღამეს მუშაობის კულტურიდან, რომელსაც მე ადეიშვილის კულტურას ვუწოდებ, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრი გამოვიდა სამი წლის წინ. რეალურად, სასამართლოს გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში შემოვიდა 5 ნოემბერს, 17:45 საათზე, ჩვენ ის, როგორც ყველა შემთხვევაში, გამოვაქვეყნეთ ჩვენს ვებგვერდზე, 19:00 საათი იყო დაწყებული. ასე ვაცნობეთ საზოგადოებას, რაკი არაფერია დასამალი და უკვე მეორე დღეს, დილით, გატარდა რეგისტრაციაში. ამიტომ, მე მაინტერესებს რას გულისხმობს საელჩო სიტყვაში "შუა ღამე" და რა არის მომხდარი შუა ღამე, რომ მე შევძლო რეაგირება.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."