რა არის ელექტრონული არჩევნები, რომლისთვისაც საქართველო უკვე მზად არის - აუცილებელი ინფორმაცია ამომრჩევლებისთვის

რა არის ელექტრონული არჩევნები, რომლისთვისაც საქართველო უკვე მზად არის - აუცილებელი ინფორმაცია ამომრჩევლებისთვის

საქართველო ელექტრონული არჩევნების ჩასატარებლად ტექნიკურად მზად არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სასტუმრო "რედისონში" ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების რიგით მეორე პროექტის გახსნის ცერემონიაზე განუცხადა.

მისი თქმით, პროექტის მიზანია, საქართველოში ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით საქართველო-ესტონეთის ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოჩნდა, რომ საქართველო ტექნიკური IT მხრივ ელექტრონული არჩევნების ჩასატარებლად მზად არის. თუმცა, წულუკიანი განმარტავს, რომ აუცილებელია სხვა ნაბიჯების გადადგმაც, იმისთვის, რომ ეს რეალობად იქცეს.

"სხვა ნაბიჯებში იგულისხმება საკანონმდებლო ცვლილებები, ელექტრონული პირადობის მოწმობის პოპულარიზაცია, ინტერნეტზე წვდომა მთელ საქართველოში, მათ შორის ყველა სოფელში", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ელექტრონული არჩევნები პირველ რიგში არჩევნებს ხელმისაწვდომს გახდის უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ჩვენ და ესტონურმა მხარემ ვიმუშავეთ იმაზე, შესაძლებელია თუ არა საქართველოში ერთ დღეს ისევე როგორც ესტონეთში ელექტრონული წესით ჩავატაროთ არჩევნები. ეს ხელმისაწვდომს გახდის არჩევნებს, განსაკუთრებით მოქალაქეებისთვის რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან. როგორც ესტონურმა პროექტმა აჩვენა, ტექნიკურად IT კუთხით საქართველო ამისთვის მზად არის", - განაცხადა წულუკიანმა.

პირველად ელექტრონული არჩევნები 2001 წელს ავსტრალიაში საპარლამენტო არჩევნებისას გაიმართა. ხმის მიცემის ეს ტიპი 2006 წელს სრულად დაინერგა ქვეყანაში და ტრადიციული არჩევნები ჩაანაცვლა. ელექტრონული არჩევნები გულისხმობს ხმის მიცემის ტიპს, როდესაც ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე კანდიდატების სიის ნაცვლად, დახვდება კაბინაში დამონტაჟებული კომპიუტერული ეკრანი, რომელზეც მითითებული იქნება კანდიდატურები და მხოლოდ ეკრანზე თითის დაჭერით დააფიქსირებს მოქალაქე თავის არჩევანს. 

არსებობს ელექტრონული არჩევნების მეორე ტიპი, რომელიც ინტერნეტ არჩევნებს გულისხმობს. ეს უახლესი ტექნოლოგიაა, რომელიც ჯერ არ დანერგილა მსოფლიოში, როგორც არჩევნების აპრობირებული მეთოდი. ინტერნეტ არჩევნების მეშვეობით თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც ხმის მიცემის უფლება აქვს, შესაძლებლობა ეძლევა სახლიდან გაუსვლელად, პერსონალური კომპიუტერის საშუალებით აირჩიოს თავისი სასურველი კანდიდატი თუ პარტია არჩევნების დღეს.

2012 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისას ბევრი უკმაყოფილება გამოითქვა ელექტრონული ხმის მიცემის სისტემასთან დაკავშირებით. მედიაში ვრცელდებოდა ამომრჩევლების მიერ გადაღებული ვიდეოები, რომელზეც აღბეჭდილი იყო, როგორ ინიშნებოდა მიტ რომნი არჩეულ კანდიდატად, როდესაც მოქალაქეები ბარაკ ობამას უთითებდნენ ეკრანზე.

ელექტრონული არჩევნების მოდელი დასავლეთ ევროპაში და ამერიკაში ადაპტირებული არჩევნების მეთოდია. მაგალითად, საფრანგეთში 2007 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე ორივე ხერხი, ელექტრონულიც და ტრადიციული იყო წარმოდგენილი. ელექტრონული არჩევნების სისტემამ არ გაამართლა ნორვეგიაში, რადგან საერთოდ არ გაზარდა მოქალაქეების ჩართულობა არჩევნებში. არადა ელექტრონული არჩევნების დანერგვის მოტივს სწორედ ის წარმოადგენს, რომ ჩართულობა გაიზარდოს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია