საუკუნის წინ ზუბალაშვილების სახალხო სახლი ერქვა... - უცნობი და საინტერესო ფაქტები მარჯანიშვილის თეატრის შესახებ

საუკუნის წინ ზუბალაშვილების სახალხო სახლი ერქვა... - უცნობი და საინტერესო ფაქტები მარჯანიშვილის თეატრის შესახებ

დრო გადის, ბევრი რამ იცვლება, მათ შორის თბილისი და აქ არსებული შენობები. საუკუნის წინ აგებული ნაგებობებიდან თავის პირვანდელ ფუნქციას ცოტა თუ ასრულებს, რაც ბუნებრივიც არის, რადგან ყველაფერს დრო ალაგებს და აწესრიგებს.

ამჯერად მარჯანიშვილის თეატრის შენობაზე შევჩერდებით, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში ზუბალაშვილების სახალხო სახლის სახელწოდებით ფუნქციონირებდა, სადაც თავიდან სახალხო თეატრი იყო განთავსებული. შენობა ძმები ზუბალაშვილების ხარჯით 1909 წელს აიგო.

სახალხო სახლები პირველად დასავლეთ ევროპასა და რუსეთში XIX საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა, სადაც სპექტაკლებთან ერთად, მუსიკალურ, ლიტერატურულ საღამოებს, კონცერტებს, გამოფენებს, ლექციებს მართავდნენ, - საზოგადოებრივი გასართობი ცენტრები იყო.

თბილისში ასეთი სახალხო სახლის დასაპროექტებლად 1901 წელს გამოცხადებულ კონკურსში, პეტერბურგელი არქიტექტორის კრიჩინსკის პროექტმა გაიმარჯვა. თეატრის საქმეს ძმები ზუბალაშვილები ხელმძღვანელობდნენ, რომლებმაც 1901 წელს, მამის, კონსტანტინე ზუბალაშვილის სახსოვრად, თავიანთი ხარჯით, თბილისის მოსახლეობისთვის თეატრის აშენება გამოაცხადეს.

მშენებლობა 1902 წლის 7 ნოემბერს დაიწყო, ახლანდელი მარჯანიშვილისა და უზნაძის ქუჩების მარცხენა მხარის კუთხეში (იმ დროისთვის ეს ქუჩები კირკისა და დიდი მთავრის სახელს ატარებდნენ). მშენებლობა 1907 წელს დასრულდა, შენობა კი ოფიციალურად, 1909 წლის 4 აპრილს გაიხსნა. ზუბალაშვილებმა თეატრი საჩუქრად ქალაქს გადასცეს.

საძირკველში ჩატანებულია ლითონის ფირფიტა რუსული წარწერით: "კ.ი. ზუბალოვის სახალხო სახლს საფუძველი ჩაეყარა 1902 წლის 24 სექტემბერს, ზუბალოვის შთამომავლების ლევანის, სტეფანეს, პეტრე და იაკობის მიერ. ეს სახლი შენდება ამ შთამომავალთა სახსრებით. სახლის მშენებლობას ხელმძღვანელობს არქიტექტორი როგოისკი, საქალაქო ინჟინერის, არქიტექტორ კრიჩინსკის პროექტის მიხედვით".

შენობა საზეიმოდ 1909 წლის 7 აპრილს აკურთხეს. მალე სახალხო სახლი თბილისის მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად იქცა. 630-კაციანი დარბაზი მუდმივად სავსე იყო მაყურებლით. სპექტაკლები 12 ენაზე იდგმებოდა. იდგმებოდა როგორც დრამატული, ისე საოპერო წარმოდგენები.

სახალხო სახლის სამსართულიანი შენობის ძირითადი ნაწილია მისი თეატრალური დარბაზი, რომელიც პარტერის და ბალკონისგან შედგებოდა. სცენის კიდეებში, საორკესტრო ორმოს მარცხნივ და მარჯვნივ განლაგებული იყო ბენუარის თითო ლოჟა, მეორე სართულზე, სცენის პირდაპირ და დარბაზის ორივე კედლის გაყოლებით, "ბალკონია" განთავსებული. დარბაზის განათებას ამავე სართულის გვერდით კედლებში გაჭრილი დიდი სწორკუთხა სარკმელები უზრუნველყოფდა. ვინაიდან დარბაზში მაშინ ხელოვნური განათება არ იყო, წარმოდგენები და საერთოდ, ყველა ღონისძიება, დღისით ტარდებოდა (ამჯერად ეს ფანჯრები ამოვსებულია და დეკორის სახე აქვს).

1930 წელს კი სახალხო სახლში ბინა დაიდო კოტე მარჯანიშვილის ქუთაისში დაარსებულმა II სახელმწიფო ქართულმა თეატრმა, რომელსაც კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ (1933 წელს) კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ეწოდა.

წლების განმავლობაში მრავალჯერ შეკეთებულ-გადაკეთებული თეატრის შენობაში 2003 წელს აღდგენითი სარემონტო სამუშაოები დაიწყო და ამის შედეგად დარბაზი, სცენა, ფასადი და მთლიანად ინტერიერი უფრო გადიდდა და შენობის პირვანდელ სახეს დაუახლოვდა. აღდგენილია საორკესტრო ორმო. ბენუარის ლოჟები არ აღადგინეს, იქ ახლა კვლავ გასანათებელი აპარატურაა მოთავსებული. დარბაზს აქვს კედლებში ოთხმხრივ სიმეტრიულად განლაგებული შესასვლელები. სამი მხრიდან გარს აკრავს მაყურებელთა ფოიე. დარბაზის მარცხენა ფოიეში მონუმენტური ფერწერული პანოა, რომელიც 1979 წლის მორიგი რემონტის დროს შესრულდა, მისი ავტორები არიან ოლეგ ქოჩაკიძე, ალექსანდრე სლოვინსკიმ და იური ჩიკვაიძე.

2003 წლის ზაფხულში ბიძინა ივანიშვილის ხარჯებით მარჯანიშვილის თეატრის კაპიტალური რემონტი დაიწყო, რომლის მიზანი იყო შეძლებისდაგვარად მიეახლოებინათ ძველი სახალხო სახლი პირვანდელი იერსახისთვის. განახლებული თეატრი 2006 წელს გაიხსნა.

მოამზადა ლალი ფაციამ, AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია