წყალმომარაგების კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა 8-თვიანი დუმილი დაარღვია - 2 227 887 ლარის მითვისებისთვის 2015 წლის თებერვალში დაკავებული თამარ ფხოველიშვილი თაღლითურ სქემაში მასთან ერთად მონაწილე ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის, კომპანიის ყოფილ დირექტორს არჩილ ცაბუტაშვილს ასახელებს და მის უკან მდგარ ”ზურგზეც” საუბრობს. შეგახსენებთ, 8 თვის წინ ფხოველიშვილთან ერთად მისი მეუღლეც დააკავეს, რომელიც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთ შემსრულებლად დასახელდა. გამოძიების მასალებში ნათქვამია: ”ცოლ-ქმარი შეთანხმდნენ, რომ თანხის მისათვისებლად სხვადასხვა პერიოდში გამოიყენებდნენ როგორც თამარ ფხოველიშვილის სახელზე გახსნილ პირად ანგარიშს, ასევე ზურაბ ნუცუბიძის მიერ ფორმალურად, მესამე პირებზე დარეგისტრირებული ორგანიზაციებისა და მისსავე სახელზე დარეგისტრირებული ფირმის ანგარიშებს, რომლებზეც წყალმომარაგების კომპანიის ანგარიშიდან დიდი ოდენობით თანხა უკანონოდ გადაირიცხებოდა”. ბრალდებული თამარ ფხოველიშვილი დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას 9 ნოემბერსაც გეგმავს და შესაძლებელია, სასამართლო პროცესზე სქემის სხვა სკანდალურ დეტალებზეც ისაუბროს.
- როდის და როგორ აღმოჩნდით ”გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში” და ვინ გაგიწიათ რეკომენდაცია?
- წყალმომარაგების კომპანიაში მუშაობა არჩილ ცაბუტაშვილის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდგომ დავიწყე. ჩვენ ბავშვობიდან ვმეგობრობდით.
- შეგიძლიათ დეტალურად გაგვიშიფროთ სქემა, რომლითაც წყალმომარაგების ანგარიშიდან პირად ანგარიშზე თითქმის 3 მილიონ ლარამდე თანხა გადარიცხეთ?
- სქემა ცაბუტაშვილის მოადგილე კახაბერ სოლოღაშვილმა შეადგინა და წარმოადგენდა ღია საბანკო ტრანზაქციის გზით კომპანიიდან თანხის უკანონოდ გადინებას სხვა კომპანიების ანგარიშებზე. ცაბუტაშვილმა მითხრა, რომ კომპანიაში ფინანსური ტრანზაქციების შესამოწმებლად მაკონტროლებელი ორგანოები არ შემოვიდოდნენ, თუმცა შემოსვლის შემთხვევაშიც, შედეგებზე პასუხისმგებელი თავად იყო. ხშირად მიმეორებდა, რომ მის უკან ძლიერი ზურგი იდგა. გადარიცხული თანხების 20% ჩემი იქნებოდა, 80% კი ცაბუტაშვილთან უნდა მიმეტანა.
- სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ ოდენობის თანხის მოხსნას დამოუკიდებლად და ვერც მხოლოდ ქმრის დახმარებით ვერ შეძლებდით. ცაბუტაშვილიც თქვენს განცხადებას უარყოფს. გაქვთ მტკიცებულება მის წინააღმდეგ, ან რა გარემოება მიანიშნებს საქმეში მის მონაწილეობას?
- ამ სქემას ხელმძღვანელ პირთა თანხმობისა და მონაწილეობის გარეშე ვერ განვახორციელებდი. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ცაბუტაშვილის მმართველობის პერიოდში საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ ისეთ პირებს, რომლებსაც ასეთი წვდომა მათი საქმიანობიდან გამომდინარე უნდა ჰქონოდათ. მაგალითად, წყალმომარაგების კომპანიაში ყოველთვიურად ხდებოდა ე.წ. ქეშფლოუ, რაც ფულადი ნაკადების მოძრაობის აღწერას გულისხმობს, ანუ რა თანხა შევიდა კომპანიაში და რა გავიდა, პერიოდულად მოწმდებოდა. მეტიც, გაირკვა, რომ აღნიშნული ნაკადების შემსწავლელ პირს წვდომა არ ჰქონდა კომპანიის ყველა ანგარიშზე, მათ შორის იმ ანგარიშზეც, საიდანაც კომპანიიდან უკანონოდ გადაირიცხა თანხები. ეს ნიშნავს, რომ პირი ვერ ხედავდა სრულ სურათს შესრულებული ჩარიცხვებისა თუ გადარიცხვების შესახებ. ასევე ვერ ხედავდა, რომ თანხების აკუმულირება არა კომპანიის ძირითად ანგარიშზე, არამედ სხვა ანგარიშზე (საიდანაც შემდგომში გაედინებოდა თანხები) ხდებოდა. ამ ინფორმაციაზე წვდომა გამორთული იყო. ეს საკმარისია დასკვნისათვის, რომ ამ საქმეში გარეული იყო კომპანიის ხელმძღვანელობა, ვინაიდან სწორედაც სოლოღაშვილისა და ცაბუტაშვილის მოთხოვნით დაწესდა ასეთი სახის შეზღუდვები.