ისტორიის უსწავლელი გაკვეთილები - როცა საქმეში ერ-2-ია

ისტორიის უსწავლელი გაკვეთილები - როცა საქმეში ერ-2-ია

საქართველოში ალბათ, არ მოიპოვება პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანი, რომელსაც არ სმენია, თუ როგორ გადადიოდა სააკაშვილის მმართველობის დროს გარდამავალი წითელი დროშასავით ხელიდან ხელში ტელეკომპანია "რუსთავი 2" ერთი ფორმალური მმართველიდან მეორე ფორმალურ მმართველამდე, პრეზიდენტყოფილის ნების შესაბამისად. ის, რომ ადრე თუ გვიან "რუსთავი 2"-ის ყოფილი მესაკუთრეები საკუთარი ქონებრივი უფლებების აღდგენისთვის ბრძოლის დაწყებას აპირებდნენ, ჯერ კიდევ არსებული ხელისუფლების მოსვლამდე, 2009-2010 წლებში მათივე განცხადებებიდან იყო ცნობილი.

ამიტომ ამ საკითხზე სასამართლო დავის დაწყება არ იყო მოულოდნელი და არასწორია, რომ ეს პროცესი ერთმნიშვნელოვნად განიხილებოდეს, როგორც მედიის თავისუფლების, ინფორმაციის თავისუფლად მიღების უფლების და, მითუმეტეს, ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალისტთა უფლებების (რაც საერთოდ აბსურდად მიმაჩნია) შეზღუდვის მცდელობად. არც იმას ვფიქრობ, რომ არხის დღევანდელი მფლობელები და მმართველები საქართველოში სიტყვის თავისუფლების გარანტები არიან, ხოლო მომჩივანი მხარე - ამ იდეალების მტრები, რომელთა გამარჯვების შემთხვევაშიც ჩვენ ხელისუფლების მაამებელ ტელევიზიას მივიღებთ.

აი ისეთს, როგორიც წლების განმავლობაში თავად "რუსთავი 2" იყო სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში. ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, პოლიტიკური სპეკულაციებია, რომელსაც სააკაშვილი და მისი გუნდი ტელევიზიიის შენარჩუნებისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის მიმართავს. ამ ვითარებაში მით უმეტეს აუცილებელი იყო, ასეთი რეზონანსული სასამართლო პროცესის დაწყებამდე, ტელევიზიის საკუთრებაში დაბრუნების მსურველებს აქტიურად ემუშავათ, რათა საზოგადოებაში არ გაჩენილიყო იმის შიში, რომ ტელევიზიის ძველი მფლობელების საკუთრების უფლების აღდგენა იქნებოდა გამოყენებული სიტყვის თავისუფლების, ჟურნალისტთა უფლებებისა თუ პროფესიული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ეს მითუმეტეს აუცილებელია ჩვენი უახლესი წარსულის ნეგატიური გამოცდილებიდან გამომდინარე, როცა არხის მფლობელების შეცვლა რადიკალურად აისახებოდა ტელევიზიის სარედაქციო და საინფორმაცო პოლიტიკაზე (გავიხსენოთ წინა ხელისუფლების დროს თუნდაც "იმედი", "მზე" და ა.შ.).

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი თუ უცხოური უფლებადაცვითი ორგანიზაციების მუდმივი ინფორმირება არხის მფლობელობის პრეტენდენტების მხრიდან, როგორც მათთვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევის პროცესის ახსნის მიზნით, ისე მათ სამომავლო გეგმებზე ტელევიზიის მომავალთან მიმართებით. ეს მით უფრო აუცილებელი იყო იმიტომ, რომ ნებისმიერმა ასეთმა მოვლენამ მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა შეიძლება იქონიოს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯსა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებით გაგრძელებზე. ფაქტია, რომ, რაც არ უნდა სამართლიანად მიაჩნდეს მოდავე მხარეს საკუთარი ქმედებები, საზოგადოებრივი აზრის იგნორირება და ქვეყნის გარეთ საინფორმაციო ომის წაგება მნიშვნელოვნად ართულებს მისი მიზნის მიღწევას, დარტყმის ქვეშ აყენებს საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯს.

ფაქტია, რომ საზოგადოებას ამ პროცესმა ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გაუჩინა, განსაკუთრებით დროებითი მმართველების დანიშვნის პროცესში.

ვის ინტერესში იყო ახლა დროებითი მმართველების დანიშვნა?

ისედაც მძიმე სასამართლო პროცესში (სიმძიმეში ვგულისხმობ ნებისმიერ სამართლებრივ დავას, რომელიც გავლენიანი მედია საშუალების მფლობელობისათვის ბრძოლას ეხება) დროებითი მმართველების დანიშვნამ ვითარება კი არ განმუხტა, არამედ უფრო დაამძიმა.

არა მგონია, ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს, რომ "რუსთავი 2"-ის ახლანდელ მფლობელთა მიზანია დავა ტელევიზიის გარშემო წარმოაჩინოს არა როგორც ძველი მესაკუთრეების მიერ უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებისათვის ბრძოლად, არამედ სასამართლოს გამოყენებით, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის ჩახშობისა და მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის სურვილად. ამ გზით უნდა მოხდეს ხელისუფლების დისკრედიტაცია ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, თან, შეძლებისდაგვარად, დაპირისპირების გზით პოლიტიკურ კრიზისსა და რევოლუციურ სცენარში გადაიზარდოს მთელი ეს პროცესი. როცა ეს ყველაფერი ცნობილია (ფარულ ჩანაწერებში სააკაშვილი გვარამიასთან სწორედ ამ სცენარზე საუბრობს), გასაკვირი მხოლოდ ის არის, რატომ იღებს მეორე მხარე გადაწყვეტილებებს, რომელიც უფრო უადვილებს პრეზიდენტყოფილს თავისი მიზნის მიღწევას?

რატომ მოხდა ასე ნაუცბადევად დროებითი მმართველების დანიშვნა? მოსამართლის ჩანაწერმა, მიენიჭებინა დროებითი მმართველებისთვის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის უფლება, ხომ უფრო მეტი არგუმენტი მისცა გვარამია-სააკაშვილის მხარეს, საქვეყნოდ განეცხადებინათ, რომ სასამართლო პროცესის ერთადერთი მიზანი ტელევიზიის მფლობელების ვინაობის საბოლოო გარკვევამდე "რუსთავის 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა იყო?

როცა არსებობს წესი, რომ დროებით მმართველად აუცილებლად უნდა დაინიშნოს დაუინტერესებელი პირი, მოსამართლის გადაწყვეტილებით რატომ აღმოჩნდნენ ამ თანამდეობაზე ის ადამიანები, რომლებზეც აპრიორი ცნობილი იყო, რომ ისინი დაუინტერესებლობის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ? მით უმეტეს, როცა ერთი მათგანი ამ ტელევიზიის ყოფილი მეპატრონე, ხოლო მეორე კი კონკურენტი ტელევიზიის, "იმედის" ყოფილი დირექტორი და ამავე ტელევიზიის მოქმედი მაღალი თანამდებობის პირია. მოსამართლემ თავისი ასეთი ქმედებით ხომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საკუთარი გადაწყვეტილების შესაბამისობა სამართლებრივ სტანდარტებთან?

რატომ ვერავინ გათვალა, თუ რა შედეგებს მოიტანდა ასეთი ნაბიჯები და ვის წისქვილზე დაასხამდა წყალს?

ან საერთოდ რომელმა გადაუდებელმა აუცილებლობამ მიაღებინა მოსამართლეს ქონებადაყადაღებულ ტელევიზიაში დროებითი მმართველების დანიშვნის გადაწყვეტილება? თავისი ამ ნაბიჯით რა საფრთხე, რა პოტენციური ზიანი ააცილა მან მოდავე მხარეს?

ამ კითხვებზე, სამწუხაროდ, პასუხს ვერავინ იძლევა. თუ ვინმე ისეთი მიამიტი იყო და სჯეროდა, რომ სააკაშვილი უფლებას მისცემდა ყარამანიშვილებს, დასთანხმდებოდნენ დროებითი მმართველების შეთავაზებას ტელევიზიის მუშაობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით დროებითი გენდირექტორის კანდიდატურის წარდგენის შესახებ, მაშინ საერთოდ არ სცოდნიათ, ვისთან აქვთ საქმე. დღეს ფაქტია, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მშვიდობიანი აღსრულების უფლებას არც ყარამანაშვილებს და არც გვარამიას არავინ მისცემს და დროებითი მმართველები "რუსთავი 2"-ში ვერ შედიან. ვინაიდან ტელევიზია არ კონტაქტობს დროებით მმართველებთან, სხვას კი არავის აქვს უფლება, რაიმე ფინანსური ოპერაცია აწარმოოს "რუსთავი 2"-ის ფუნქციონირებისათვის, ალბათობა იმისა, რომ ფინანსური პრობლემების გამო ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტოს, საკმაოდ დიდია. ეს კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი იქნება სააკაშვილისა და მისი მომხრეებისთვის, თავისუფალი სიტყვის ჩახშობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისროს. ვის ინტერესშია მთავრობა ამ არჩევნის წინაშე დადგეს - ან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად ძალისმიერი მეთოდის გამოყენებით შეიყვანოს დროებითი მმართველები დამოუკიდებელ ტელევიზიაში (რასაც დიდი ალბათობით ფიზიკური დაპირისპირება და გარკვეული ფორმით "იმედში" შეჭრის სცენარის გამეორება მოყვება) ან იმით აჩვენოს თავისი უსუსურება, რომ ვერ ახერხებს "ურჩი" გვარამიას პრობლემის გადაჭრასა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას? ასეთი სცენარები შეიძლება სააკაშვილის სურვილები იყოს, მაგრამ რატომ ხდება ამ სცენარების განხორციელებისთვის ხელშეწყობა? ესაა გასაკვირი.

რატომ მოხდა გადაწყვეტილების მიღება ასეთი ფორმით?

"რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესი კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ ჯერ კიდევ არ გვსურს ვისწავლოთ წარსულის შეცდომებზე, რომ ასეთი სენსიტიური საკითხების განხილვის დროს მნიშვნელობა აქვს არამარტო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სრულ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან, არამედ თავად მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმას. წლების განმავლობაში საზოგადოების დიდი ნაწილი ვაკრიტიკებდით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე სასამართლოს მიერ არამარტო მოსახლეობის, არამედ თავად მოდავე მხარის ინფორმირების გარეშე, მალულად მიღებულ გადაწყვეტილებებს.

მოსამართლეს "რუსთავი 2"-ის საქმეზე ჰქონდა ამ ფორმით გადაწყვეტილების მიღების კანონიერი უფლება, მაგრამ მისი მხრიდან ეს იყო დიდი პოლიტიკური შეცდომა. ნუთუ ძნელია, გადაწყვეტილების მიმღებები მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდია, როცა ტელევიზიის ხელმძღვანელობა ინფორმაციას მათი მმართველობიდან ჩამოშორების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საჯარო რეესტრის ვებ-გვერდიდან იგებს. ცუდია კონკრეტული სასამართლო პროცესისთვის, ცუდია თავად ამ მოსამართლისა და მთლიანად სასამართლო სისტემის ავტორიტეტისთვის, ცუდია ხელისუფლებისთვის, ცუდია ქვეყნის იმიჯისთვის! საქმისადმი არსებული მაღალი პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე, მოსამართლე ვალდებული იყო ამ საკითხის განხილვისას მაქსიმალურად მაღალი სტანდარტით დაეცვა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. ამით მოსამართლე თავიდან აიცილებდა ბრალდებას, რომ დროებითი მმართველების დანიშვნა მოხდა "რუსთავი 2"-ის მონაწილეობის გარეშე, მათ ზურგს უკან, მოსამართლესა და მომჩივანი მხარის ფარული გარიგების საფუძველზე. ვფიქრობ, ასე მოქცევა, პირველ რიგში, თავად მოსამართლის ინტერესში უნდა ყოფილიყო.

ახლა კი მივიღეთ ვითარება, როცა ქართული და საერთაშორისო საზოგადოების თვალში დიდი რეპუტაციული დარტყმა მიადგა როგორც ამ კონკრეტული გადაწყვეტილების ლეგიტიმურობას, ისე სასამართლო სისტემას, მთლიანად ხელისუფლებას და ქვეყნის იმიჯს, რაც აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა, პირველ რიგში, თავად მოსამართლე ურთმელიძეს და ყველა დაინტერესებულ მხარეს.

ირაკლი მელაშვილი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."