ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატებმა დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე დაყენებული შუამდგომლობა გაითხოვეს

ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატებმა დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე დაყენებული შუამდგომლობა გაითხოვეს

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატებმა მოსამართლე გიორგი სულაკაძის მიერ 2015 წლის 14 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე დაყენებული შუამდგომლობა გაითხოვეს.

საქმე ეხება "ფოთის წისქვილკომბინატის" (წისქვილქარხანა) მესაკუთრეობაზე მიმდინარე დავას. ვანო ჩხარტიშვილი "ფოთის წისქვილკომბინატის" მესაკუთრეობას "თი-ბი-სი ბანკს", შპს "პორტლენდს", შპს "ტრანსფორდის" და შპს "აგრიკომს" ედავება. ჩხარტიშვილი მოპასუხეებისგან გაყიდული ობიექტის უკან დაბრუნებას და ანაზღაურებას ითხოვს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ტრანსფორდის" ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა, ჩხარტიშვილი ითხოვს იმ თანხას, რაც შესაძლოა, მოგების სახით მიეღო "წისქვილქარხნის" ფუნქციონირებისგან, ქარხანა მის საკუთრებაში რომ დარჩენილიყო. სულ საუბარია 32 მილიონ დოლარზე.

ადვოკატის ცნობით, მოსამართლე გიორგი სულაკაძემ მიმდინარე წლის 14 აგვისტოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლითაც აუქციონის შედეგები და ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად ცნო.

"დღევანდელი პროცესი საკმაოდ ხანმოკლე იყო, შუამდგომლობის დაყენება არ მომხდარა, ივანე ჩხარტიშვილის მხარემ გაითხოვა თავისი შუამდგომლობა დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ, მოსამართლემ პროცესი 25 ნოემბრისთვის გადადო, ფინანსურ ნაწილში გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სწორედ 25 ნოემბერს გამოცხადდება", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

რაც შეეხება კიდევ ერთ დავას ჩხარტიშვილის კონტროლის ქვეშ მყოფი კომპანიების: "ჯეესკოს" და "პრომეტკოს" სარჩელს, კომპანია "ტრანსფორდის" და ფოთის საზღვაო ნავსადგურის წინააღმდეგ, აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი ხვალ არის ჩანიშნული.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ, კომპანია "ტრანსფორდმა" საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი სულაკაძესთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლის მართლზომიერი ქმედების შესწავლის მიზნით მიმართა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, მოსამართლემ უხეშად დაარღვია კანონი.

"ნაცვლად იმისა, რომ საქმე დაქვემდებარებოდა ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინებას საქმეთა გაერთიანების შესახებ და საქმე ფოთის საქალაქო სასამართლოში გადაეგზავნა, მოსამართლე კვლავ აგრძელებს საქმის განხილვას, რომელსაც ნომერიც არ გააჩნია", - აცხადებენ კომპანიის ხელმძღვანელები.

კომპანიის ხელმძღვანელობა და ადვოკატი აღნიშნავენ, რომ მოსამართლის მხრიდან ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. კომპანიის დირექტორის, აპოლონ ბჟალავას განცხადებით, ისინი მიმართავენ მთავარ პროკურატურას, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, შეისწავლონ "მოსამართლე გიორგი სულაკაძის არაკანონიერი ქმედება და მიიღონ შესაბამისი ზომები".

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ