ბევრმა არ იცის, რომ თბილისის ერთ-ერთ უბანში ყოველდღე წვრთნიან განსაკუთრებული საბრძოლო უნარ-ჩვევების მქონე სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოების მაჯისცემას 24 საათის განმავლობაში აყურადებენ.
ამ ელიტური სამხედრო დანაყოფის შესახებ სრული წარმოდგენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გქონდეს, თუ მათი თანამებრძოლი ხარ. ამიტომაც იძულებული გავხდი, წვრთნებზე დამკვირვებლის როლს დავჯერებოდი და სპეცრაზმელთა ნაამბობის მიხედვით მომეთხრო, ვინ არიან "დაუნდობლები" - ხუმრობით ასე ეძახიან ერთმანეთს მებრძოლები, რომელთაც მოდუნების უფლება არა აქვთ.
სპეცრაზმელებს არავინ მიმართავს გვარით ან სახელით. აქ ყველას თავისი კოდური მეტსახელი აქვს, რომელიც შესაძლოა ციფრებში გამოიხატებოდეს. მაგალითად, ჩემს მეგზურს "21" ჰქვია. ასევე მმასპინძლობენ "ზულუ" და სპეცრაზმელთაგან ერთადერთი, ვისი ვინაობის გამჟღავნების უფლებაც მაქვს - სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური დიმიტრი კიკნაძე.
სპეცდანიშნულების ჯგუფი სამ ნაწილად იყოფა: მოიერიშეებად, სნაიპერებად და მხარდამჭერებად. თავდაპირველად სნაიპერებთან შევჩერდი. კამუფლიაჟით შენიღბულები ბუჩქებში მხეცებივით გარინდული ელოდებიან ხელსაყრელ მომენტს, რომ გაანადგურონ საფრთხე.
"ზულუ", სნაიპერების ხელმძღვანელი: "სპეცრაზმელი სნაიპერები დაახლოებით 1800 მეტრ რადიუსში ანადგურებენ მტერს. კარგი სნაიპერი არის რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა. პირველ რიგში უმთავრესია კარგად მომზადებული, ნავარჯიშები სამხედრო მოსამსახურე. ის ფსიქოლოგიურად მდგრადი, ჩამოყალიბებული პიროვნება უნდა იყოს და სრულად იაზრებდეს, რას აკეთებს. სხვა საჯარისო ნაწილებში მოწინააღმდეგისგან სამასი მეტრით დაშორებული ჯარისკაცი ხედავს მხოლოდ მოწინააღმდეგის სილუეტს და თამამად ესვრის, სნაიპერი კი 32-ჯერ გადიდების ოპტიკით სამას მეტრზე სახის თითოეულ ნაკვთს არჩევს. ასეთ სიტუაციაში სროლა ძალიან რთულია, ამას დიდი ფსიქოლოგიური მომზადება სჭირდება.
ამიტომაც ძნელია სნაიპერის შერჩევა. კანდიდატმა ჯერ უნდა გაიაროს სპეცდანიშნულების კურსი. შემდეგ ვაკვირდებით, როგორ ისვრის, სხვა რა უნარები აქვს. ასი მსურველიდან 20-25 შეიძლება დავიტოვოთ. ისინიც, სამთვიანი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ თუ ყველაფერს კარგად ჩააბარებენ, ინიშნებიან სნაიპერად, თუმცა 2 წლის განმავლობაში კიდევ ვაკვირდებით.
ჩვეულებრივ ბატალიონებში სნაიპერის დანიშნულებაა შვიდას მეტრამდე სროლა ოცეულთან ერთად. ჩვენთან კი სნაიპერს შეუძლია ცალკეული დავალებების შესრულება. სნაიპერულ გუნდში ორი მებრძოლია, მსროლელი და მაკორექტირებელი, ამავე დროს გუნდის მეთაურიც, რომელიც ბალისტიკური კალკულატორით განსაზღვრავს ქარის სიჩქარეს, ადგილმდებარეობას, წნევას... უნდა გათვალო დაახლოებით 25 ფაქტორი, რომლებიც გასროლის მომენტში ტყვიაზე ზემოქმედებას ახდენენ. აუცილებელია, კარგ სნაიპერს კარგი იარაღი, კარგი ოპტიკა და კარგი ტყვია ჰქონდეს. სპეცრაზმი წარმოუდგენელია სნაიპერების გარეშე. ისინი უზრუნველყოფენ რაზმის უსაფრთხოებას, აკონტროლებენ ყველა წერტილს, საიდანაც შესაძლებელია ცეცხლი გახსნას მოწინააღმდეგემ".
სნაიპერების პოლიგონიდან კოშკურასთან გადავინაცვლეთ. აქ მოიერიშეები ვარჯიშობენ. ამჯერად "21" მიწევს მეგზურობას:
"კოშკურის სამი კედელი დავტვირთეთ. პირველი ასაცოცებელი კედელია. მეორეზე შვეულმფრენიდან დაშვების იმიტაცია ხდება, მესამეზე შენობის ფანჯრებში შეღწევის სცენას იხილავთ. ამ ოპერაციებში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ალპინისტურ, სპეციფიკურ აღჭურვილობას, თოკებს, ბაგირებს, შვედურ სკამს, რითაც თოკზე მაგრდები და ჩაფხუტს, ასევე კარაბინსა და ე.წ. რვიანს".