ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე 80 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა უამინდობის მიზეზით რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ელოშვილის ინფორმაციით, დღეს დილიდან, საქართველოს მასშტაბით მძიმე მეტეოროლოგიური მდგომარეობაა, რამაც რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერეხება გამოიწვია.
"კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია", რომელიც საქართველოს რეგიონებს აწვდის ელექტროენერგიას, დილიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მიუხედავად ამისა, ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე 80 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება, რაც "ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების 8 პროცენტია", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება იმერეთსა და რაჭაში 5 ათას აბონენტს, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში - 35 ათას აბონენტს, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში - 12 ათას აბონენტს, აჭარაში - 19 ათას აბონენტს, ხოლო სამეგრელოსა და გურიაში - 8 ათას აბონენტს.
ელოშვილის თქმით, აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგიის მიწოდება გვიან საღამოს აღუდგება. "აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგიის მიწოდება დღეს გვიან საღამოს აღუდგება, ხოლო თუ ამინდმა მოგვცა საშუალება, ხვალისთვის სრულად იქნება აღმოფხვრილი დაზიანებები და ყველა აბონენტს აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება.
სრული კოორდინაციაა ენერგეტიკის სამინისტროსა და "ენერგო პრო ჯორჯიას" შორის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უმოკლეს ვადებში აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება. პერიოდულად მოსახლეობას მიეწოდება განახლებული ინფორმაცია", - განაცხადა ილია ელოშვილმა.